ლიბიის კონფლიქტის მასშტაბები შესაძლოა გაფართოვდეს - საგარეო აქტორები უკანდახევას არ აპირებენ

0
ორგანიზაცია “არაბთა ლიგაში” წარმოდგენილ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამშაბათს, 23 ივნისს საერთო განცხადება გაავრცელეს, სადაც მათ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს ლიბიის დაპირისპირებულ მხარეებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, ამ ჩრდილო-აფრიკულ სახელმწიფოში არსებულმა დაძაბულობამ ახალი სახე მიიღო და კონფლიქტში ჩართული საგარეო აქტორები სიტუაციის ესკალაციით იმუქრებიან. “ლიბიის კონფლიქტი ძალიან სახიფათო ხაზით ვითარდება. შეიარაღებული მიდგომა არცერთი მხარისთვის იქნება წარმატების, მშვიდობისა და სტაბილურობის მომტანი. საკითხის პოლიტიკური გზით გადაჭრას ალტერნატივა არ გააჩნია. ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით კი სირთეს (Sirte) გარშემო, საბრძოლო მოქმედებების შეჩერება და გაეროს შუამავლობით მოლაპარაკებების დაწყება არის გზა კონკრეტული შეთანხმებების მისაღწევად”, - განაცხადა “არაბთა ლიგის” გენერალურმა მდივანმა აჰმედ აბულ ღეითმა (Ahmed Aboul Gheit) ეგვიპტური მხარის ინიციატივით ჩატარებულ საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა ონლაინ-შეხვედრაზე. ზემოხსენებული შეხვედრის დაწყებამდე, ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებულმა “ეროვნული თანხმობის მთავრობამ” (GNA) ეგვიპტის ინიციატივით ორგანიზებულ დიალოგში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რადგან ოფიციალური კაირო “ლიბიის ეროვნულ არმიას” (LNA) და მის მეამბოხე გენერალ ხალიფა ჰაფთარს უჭერს მხარს. მიმდინარე კვირის დასაწყისში, ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფათა ელ-სისიმ ტრიპოლის ხელისუფლებას, ჰაფთარის ძალების წინააღმდეგ წარმოებული კონტრშეტევების შეწყვეტისკენ მოუწოდა, რა დროსაც ოფიციალური კაიროს მხრიდან, სამხედრო ჩარევით დაიმუქრა და ლიბიის კონფლიქტში თურქეთის აქტიური მონაწილეობა გააკრიტიკა.
საპასუხოდ “ეროვნული თანხმობის მთავრობა” (GNA) ეგვიპტის მხრიდან მომდინარე ნებისმიერ ინიციატივას უარყოფს და მას ოფიციალური ტრიპოლის წინააღმდეგ ომის გამოცხადებაში ადანაშაულებს. GNA “არაბთა ლიგაში” საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობის შემცირებას გეგმავს, რადგან ორგანიზაციას, ლიბიის კრიზისთან დაკავშირებით, ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში ადანაშაულებს.

“სახიფათო თამაში”

ზემოთ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორშაბათს, 22 ივნისს განაცხადა, რომ მას “გასაგებად ესმის” ეგვიპტის პრეზიდენტის ელ-სისის შეშფოთების მიზეზი. “არ მსურს, რომ თუნდაც 6 თვის, 1 წლის ან მეტი ხნის შემდეგ ლიბია სირიის მსგავსს მდგომარეობაში დავინახო”, - აღნიშნა მაკრონმა, რომელმაც ნატო-ს წევრი თურქეთი, ლიბიაში “სახიფათო თამაშის” წამოწყებაში დაადანაშაულა.
ზემოხსენებულის ნაცვლად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ემანუელ მაკრონს უარყოფითად უპასუხა და აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს “სავარაუდოდ გონების დაბინდვა” აქვს, როდესაც ანკარა-ტრიპოლის ურთიერთქმედებას აკრიტიკებს. “ჩრდილო-აფრიკულ სახელმწიფოში არსებული პრობლემები “პუტჩისტი” ხალიფა ჰაფთარის თავდასხმებით არის გამოწვეული, რომელმაც უარი თქვა ბერლინისა და მოსკოვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებზე და რომელსაც ემანუელ მაკრონი უჭერს მხარს”, - განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების პრეს-მდივანმა ჰამი აქსოიმ. ბოლო თვეების მანძილზე ლიბიის ფრონტის ხაზზე მკვეთრი ცვლილებები მოხდა - ოფიციალური ანკარის მხრიდან, “ეროვნული თანხმობის მთავრობისთვის” (GNA) გაზრდილმა მხარდაჭერამ “ლიბიის ეროვნული არმიის” (LNA) შეტევების შეკავება და საპასუხოდ, კონტრშეტევების შესაძლებლობები გააჩინა. შეცვლილი სტატუს-ქვოს გამო, არაბთა გაერთიანებული საემიროების, რუსეთის, ეგვიპტის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ მხარდაჭერილმა გენერალ ხალიფა ჰაფთარის ძალებმა ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე, სირთემდე დაიხიეს, მაგრამ “ეროვნული თანხმობის მთავრობის” კონტრშეტევების შეჩერება საჰაერო იერიშებით განხორციელდა. ამ ეტაპზე ორივე მხარე სირთესთვის საბრძოლველად ემზადება. GNA-ს მომდევნო ნებისმიერი სახის წინსვლა საერთაშორისოდ აღიარებულ ხელისუფლებას საშუალებას მისცემს დაიკავოს ქვეყნის ნავთობით მდიდარი ტერიტორიები, სადაც OPEC-ის წევრები ენერგოპროდუქციას აწარმოებენ და ექსპორტზე გააქვთ. ბოლო კვირების მანძილზე “ეროვნული თანხმობის მთავრობის” მიერ მიღწეული წარმატებები დიდწილად დაკავშირებულია თურქული უპილოტო საფრენი აპარატების ეფექტურ მოქმედებებზე, რომელთა სამიზნეებად “ლიბიის ეროვნული არმიის” მარაგები და საჯარისო ფორმირებები იქცნენ. გასულ კვირას აშშ-მა განაცხადა, რომ რუსეთმა LNA-ს ავიაბაზებზე სამხედრო თვითმფრინავები განალაგა, რომელიც სირთეს მახლობლად იმოქმედებენ. დიპლომატთა შეფასებით, ლიბიის დასავლეთ ნაწილის მთავარი სანავთობე კარიბჭისთვის (სირთე) ბრძოლების თავიდან არიდება შესაძლებელია, თუ თურქეთსა და რუსეთს შორის კონკრეტული შეთანხმების მიღწევა მოხდება. რუსეთმა თავის მხრივ მზადყოფნა განაცხადა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებზე და უარყო გაეროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ლიბიაში 1 200 რუსი დაქირავებული მებრძოლების არსებობის თაობაზე.

ჰაფთარის მხარეს მებრძოლი დაქირავებულები

სამშაბათს, 23 ივნისს გამოქვეყნდა დოკუმენტი, სადაც აღწერილია სირიიდან ლიბიის მიმართულებით (LNA-ს მხარეს) დაქირავებულთა გადასროლის თაობაზე. მეამბოხე გენერალ ხალიფა ჰაფთარსა და ე.წ. უსაფრთხოების კერზო კომპანიებს შორის გაფორმებული კონტრაქტების მიხედვით, რიგითი დაქირავებული ყოველთვიურად $200-ს და დამატებით $10-ს იღებს ნებისმიერ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობისთვის. მებრძოლებს ბონუსის სახით ასევე $20 ერიცხებათ. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Libya
#GNA
#LNA
#Turkey
#Egypt
#Russia
#mercenaries
#Sirte
#militias
#interworld
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0