კუკიის სასაფლაოს საიდუმლოებები – დაუჯერებელი, თუმცა რეალური ისტორიები

0
კუკია ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი სასაფლაოა, რომელიც 60 ჰექტარზეა განთავსებული და სხვადასხვა წყაროს ცნობით, 300-400 წლის წინ უნდა იყოს დაარსებული. აქ 1773 წელს, რუსეთ-ოსმალეთისა და 1877 წელს რუსეთ-თურქეთის ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავებიც არის. ძველად ყომარბაზები იკრიბებოდნენ და ქაურდული საქმეების გარჩევაც ხდებოდა. დუმბაძის გმირის, მურტალოს ცნობილი გამონათქვამიც გახსოვთ ალბათ, – ყველა ჩემი შემწუხებელი კუკიაზე წევსო. სასაფლაოზე ხეტიალის დროს იქაური თანამშრომელი შემომხვდა და ხელით გველის მოძრაობის იმიტაცია გააკეთა, რითაც მიმანიშნა, ნუ ბორიალობ, ქვეწარმავლები არიან ბლომადო. სასაფლაოს საკმაოდ დიდი ტერიტორია არ შემოვიარე, უკან არ გამოვბრუნებულვარ. შესასვლელთან წმინდა ნინოს სახელობის რუსული ეკლესია იყო, რომელიც, ძირითადად, რუსი გენერლების შემოწირულობებით აშენდა. 90-იან წლებში მისი გუმბათი ქართულით შეიცვალა. ახლა იქ მოქმედი­ ქართული ეკლესიაა. სავარაუდოდ კუკიაზეა დაკრძალული ნიკო ფიროსმანი, თუმცა მისი საფლავის ამოცნობა ვერ ხერხდება და აქვეა სტალინის პირველი მეუღლის, ეკატ­ერინეს საფლავიც. მარო დურგლიშვილი სასაფლაოსთან ახლოს ცხოვრობს იმ სახლში, სადაც საუკუნის წინ, სასაფლაოს ეზოში მდგარ ეკლასიაში მოღვაწე მღვდლები ცხოვრობდნენ. ის ახმეტაში, სოფელ ქისტაურში დაიბადა და გაიზარდა, თბილისში კი ბეკურაშვილზე გათხოვდა და მას შემდეგ, თითქმის 50 წელია, კუკიის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელად მუშაობს. „პრაიმტაიმმა“ მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა, რადგან თავის თავზე ვრცლად საუბარი ქალბატონმა მარომ არ ისურვა. – სასაფლაოზე მუშაობა ძნელი სულაც არ არის, მიცვალებულების საფლავების მოვლა ძნელი რატომ უნდა იყოს? ამათ სულს ვენაცვალე, ამათ გამაძლებინეს და მიმაღწევინეს 85 წლამდე. ამ სამსახურს რა სჯობია, პირბადე აქ არა გჭირდება და არაფერი. ამათი მოვლით ისე ვწყნარდები, რომ კორონას დროს სახლში არ დავჯექი, მენატრებოდნენ ხოლმე და მოვდიოდი და ვუვლიდი.ძალიან მეცოდებიან ახალგაზრდები და ჩვილი ბავშვები. ვის საფლავსაც ვუვლი, იმ ადამიანების ცხოვრებისა და გარდაცვალების შესახებ არაფერი ვიცი, არ ვინტერესდები. აბა, ხომ ვერ შევეკითხები და საიდან გავიგებ? ქალბატონ მაროსთან ერთად საფლავებს ხანში შესული მამაკაციც უვლის, რომელმაც ფოტოს გადაღების უფლება მოგვცა, მაგრამ ვინაობა არ გაამჟღავნა.– აგერ, შესასვლელში სამამულო ომის გმირია დასაფლავებული, გოგორიშვილი. ადრე მის საფლავზე ტანკი იდგა. მერე იმ ტანკში ძრავი ჩადგეს და წაიყვანეს. როგორც ამბობენ, კიტოვანს წაუყვანია და შესაძლოა, აფხაზეთის ომშიც კი იბრძოდა საფლავზე ძეგლად მდგარი ტანკი. ის ადგილი მოასწორეს, ჯვარი დადგეს და მწვანე მოლი დათესეს. ძველ საფლავებზე თეთრი მარმარილოს ქანდაკებები დგას და ეგ ყველა იტალიიდან არის ჩამოტანილი, რადგან აქ ასეთი ქვა არ იშოვება. მდიდარი ადამიანები იტალიაში უკვეთავდნენ ახლობლების საფლავებისთვის. უამრავი ქანდაკება გაქრა. ზოგი მოიპარეს, ზოგმაც დროს ვერ გაუძლო, მაგრამ უძველესი, თეთრ მარმარილოში გამოკვეთილი ქანდაკებები კიდევ არის შემორჩენილი.ხალხი ამბობს, თითქოს სასაფლაოზე მოჩვენებები დადიანო, მაგრამ სულ ტყუილია, ამდენი წელია, აქ ვმუშაობ და ჯერ მოჩვენება არ შემხვედრია, გარდა აი, იმ კაცისა, ეს საფლავიდან „პერერივზე“ ამოდის ხოლმე და სუფთა ჰაერზე იძინებს. – ხელი ახალგაზრდა მამაკაცისკენ გაიშვირა, რომელიც ეკლესიის წინ მერხზე იწვა და ზედ ყვავილებიც ელაგა. აღმოჩნდა, რომ ეს მამაკაცი ადგილობრივია, რომელიც ძირითადად სასაფლაოზე ცხოვრობს და მესაფლავეები ასე ეხუმრებიან. შესასვლელიდან არც ისე შორს მომცრო ნაგებობაა. ეს 1943 წელს სამამულო ომში დაღუპული დავით ვაშაკიძის საფლავია. როდესაც დედისთვის შვილის დაღუპვის ცნობა მოუტანიათ, მას სახლი გაუყიდია, შვილის ცხედარი ჩამოუსვენებია, კუკიაზე­ დაუკრძალავს და თვითონაც იქ დაუდვია ბინა. კედელზე დაჭრილი, მწოლიარე ჯარისკაცია გამოსახული, რომელსაც ჭრილობიდან სისხლი სდის. დედას საფლავზე სინათლეც გაუყვანია… მიცვალებული მინით დახურულ აკლდამაში იწვა, სადაც კიბეც ჩადიოდა. ყოველ ექვს თვეში ერთხელ დედას ექიმი მოჰყავდა და ცხედარს ხელახლა უკეთებდა ბალზამირებას. იქვე კი ტახტი იდგა, სადაც დედა იძინებდა. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. როდესაც დედაც გარდაიცვალა, შვილის გულზე დამარხეს და საფლავი მიწით ამოავსეს. გარდაცვლილ ქალბატონს ჭირისუფალი არ ჰყოლია. ის სასაფლაოს თანამშრომლებმა გააპატიოსნეს და მიწას მიაბარეს.სხვა სასაფლაოდან აქ გადმოასვენეს ცნობილი მსახიობი ქალი, ნატო გაბუნია, რომელიც 1910 წელს გარდაიცვალა. საბუთში სიკვდილის მიზეზად შავი ჭირი იყო დასახელებული და როდესაც საფლავს ხსნიდნენ, ამბობდნენ, შავი ჭირის გავრცელების საშიშროება გაჩნდებაო, მაგრამ არაფერი მომხდარა. ერთი მესაფლავე გვყავდა, უკრაინელი ალექ­სანდრე პასტუხი, რომელსაც შიშის გრძნობა არ გააჩნია. ხდება ხოლმე, რომ სხვადასხვა მიზეზით ამა თუ იმ საფლავს ხსნიან. ეს გადაალაჯებს კუბოს, მოხვევს მკლავებს­ მიცვალებულს, ჩაიხუტებს და ამოჰყავს. ერთხელ ასეთი შემთხვევა იყო: მიცვალებული მეექვსე­ სართულიდან უნდა ჩამოესვენებინათ, მაგრამ საწყალი, ძალიან მაღალი კაცი ყოფილა, ცარ­იელი კუბო შინ გვერდულად შეუტანიათ, მაგრამ გამოსვენებისასაც ასე ხომ ვერ გამოიტანდნენ? ვერა და ვერ მოახერხეს სადარბაზოში გამოყვანა და დარეკეს ჩვენთან – ეგებ გვიშველოთო. ორი მესაფლავე წავედით, მე და პასტუხი. ბევრი ვიწვალეთ, მაგრამ ვერაფერი გავაწყვეთ. მერე ჭირისუფალს ვთხოვეთ, სახლიდან ყველა გასულიყო. მიცვალებული ამოვასვენეთ და ჯერ ცარიელი კუბო ჩავიტანეთ პირველ სართულზე და სადარბაზოში დავდგით, შემდეგ კი მიცვალებული შუაში ჩავიყენეთ, მისი ერთი ფეხი მე მივიბი ფეხზე, მეორე – პასტუხმა და ასე, „თავისი­ ფეხით“ ჩავიყვანეთ კიბეზე და კუბოში ჩავასვენეთ. მესაფლავემ კიდევ ერთი ამბავი გაიხსენა: თურმე მოასვენეს ასაკოვანი ქალი, ჭირისუფალმა დაიტირა, თითო მუჭა მიწაც მიაყარეს და წასვლა დააპირეს. სწორედ ამ დროს ერთი კაცი მობრუნებულა და ჩუმად­ უთქვამს – მიწა არ მიაყაროთ, სანამ არ დავბრუნდებიო. ჭირისუფალი რომ გააცილა, მობრუნდა და მესაფლავეებს სთხოვა, ამოიღეთ კუბო და მიცვალებულს თავი მეორე მხარეს მოუქციეთო. ქრისტიანული წესით, მიცვალებული აღმოსავლეთს უნდა „უყურებდესო“, – უთქვამთ მესაფლავეებს. – რასაც გეუბნებით, ის გააკეთეთო, დაიჟინა თურმე კაცმა. – ეს ქალი ჩემი სიდედრი იყო და ცხოვრება გამიმწარა, აქედან აღმოსავლეთით ვაზისუბანია, სადაც მე ვცხოვრობ და აქედანაც უნდა მიყუროს? უკუღმა დამარხეთ, ფუნიკულიორს უყუროსო. თავისი მაინც გაიტანა და მიცვალებული უკუღმაა დაამარხვინა. უძველეს საფლავებს შორის გახლავთ ვინმე დიმიტრი ანდროპოვის საფლავი, რომელიც 1905 წელსაა გარდაცვლილი. საფლავის გარშემო რკინის მაღალი მესერია, რომელშიც მიცვალებულის სახელი და გვარია ამოჩუქურთმებული და ასევე წარწერა – я буду с тобой дорогой Митя. როგორც სასაფლაოს თანამშრომლებმა მითხრეს, დედას შვილისთვის გაუკეთებია ეს საფლავი და შემდეგ, როდესაც დედაც გარდაცვლილა, შვილის გვერდით დაუკრძალავთ. კუკიის სასაფლაოზე ერთი საოცარი, უპატრონო საფლავია, რომლის ისტორიაც არავინ იცის. მას „კაკუნი სამოთხის კარზე ჰქვია“ და დიდი ტკივილია გამოსახული. ადამიანს გიჩნდება განცდა, რომ ძალზე დიდი ცოდვების მატარებელი ადამიანია დაკრძალული, რომელიც სამოთხის კარზე უშედეგოდ აკაკუნებს. წლების წინ, როცა ეს საფლავი პირველად ვნახე, წარწერა არც კი ჩანდა, მიწით იყო დაფარული. ახლა საფლავი სახელმწიფო მუზეუმის დაქვემდებარებაშია, როგორც კულტურული ძეგლი. ის გასუფთავებულია და მიცვალებულის სახელი და გვარიც იკითხება – გიორგი მიხეილის ძე მირზაშვილი, რომელიც 1883 წელს დაბადებულა და 1959 წელს, 76 წლისა გარდაცვლილა. წყარო: primetime
0