რა ადგილია გამოსახული ფოტოზე ?

0
1860-იანი წლებიდან მოღვაწეობდა თბილისში არქიტექტორი ვიქტორ შრეტერი (1839-1901). ის იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწე, რუსეთში პირველი არქიტექტურული ჟურნალის “ზოდჩი”-ს დამაარსებელი და რედაქტორი, პეტერბურგის სამოქალაქო ინჟინრების ინსტიტუტის პროფესორი. იგი აშენებდა სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს რუსეთის იმპერიის ქალაქებში. შრეტერი განსაკუთრებით გატაცებული იყო თეატრების პროექტებით. არქიტექტორ შრეტერის პროექტით აიგო გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის გამზირი) ე.წ. «მავრულ» სტილში 1880-1896 წლებში თბილისის სახაზინო თეატრი, დღეს ბალეტისა და ოპერის სახელმწიფო თეატრის შენობა. „სახაზინო თეატრის“ მშენებლობა 1896 წლის 3 ნოემბერს დასრულდა. თეატრი 1200 კაცზე იყო გათვლილი. თეატრის გეგმის პროტოტიპად რიჰარდ ვაგნერის ბაიროითის თეატრი იყო აღებული. შენობის სახეს ისლამური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტების ერთობლიობა განსაზღვრავს (კედლის სიბრტყის დამანაწევრებელი მუქი და ღია ფერის ჰორიზონტალური ზოლები, სწორკუთხა ნიშაში ჩასმული შეისრული და ნალისებური ღიობები, სტალაქტიტური ფრიზები, სტუკოს ტექნიკით შესრულებული კედლის მონაკვეთები, მუშარაბიანი სარკმლები და სხვ.). ფასადის მთავარ აქცენტს წარმოადგენს უხვად შემკული ორსართულიანი პორტიკი. ინტერიერს ნაძერწ შემკულობასთან ერთად ფსევდო-მავრიტანული მოხატულობა და ელეგანტური წვრილი სვეტების და აჟურული კონსოლებისგან შემდგარი რკინის კონსტრუქციები ამკობს.
0