“გამარჯვების დღისადმი” მიძღვნილი აღლუმი - პროპაგანდისტული ბერკეტი კრემლის ხელში

0
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ოთხშაბათს, 24 ივნისს, “გამარჯვების დღის” აღლუმი იმართება, რომელიც მეორე მსოფლიო ომში, ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციის 75 წლის იუბილეს ეხება. ზემოხსენებული ღონისძიება კრემლს აძლევს საშუალებას, მთელ მსოფლიოსთან მისი სამხედრო პერსონალისა და ტექნიკის სპექტრის დემონსტრირება მოახდინოს. დამატებით, “გამარჯვების დღეს” პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის “რუსული პატრიოტიზმისა” და მისი ძალის გაფართოება-გაუმჯობესების ბერკეტად განიხილება. წლევანდელი აღლუმი მსოფლიოში არსებულმა კორონავირუსულმა პანდემიამ გადადო და 9 მაისის ნაცვლად 24 ივნისს დაიგეგმა. მანამდე მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ღონისძიებაში 13 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის, ასევე 216 ერთეული სახმელეთო და 75 ერთეული საჰაერო ტექნიკის მონაწილეობა დაადასტურა. რუსმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ანტონ ბარბაშინმა ამერიკულ CNBC-სთან საუბარში განმარტა თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს კრემლის ხელისუფლება “გამარჯვების დღისადმი” მიძღვნილ აღლუმს. “ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვება თანამედროვე რუსეთისთვის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა. ოფიციალური მოსკოვისთვის აღნიშნული არის სხვადასხვა ხალხთა “გაერთიანების” (ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევის) ყველაზე ეფექტური გზა, რომელსაც საგარეო პოლიტიკური მისწრაფებებისთვის და მისი ძალაუფლების პროპაგანდირებისთვის იყენებს. ბოლო ათწლეულში, აღნიშნული ბერკეტის მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება, რადგან კრემლი, მისი “ისტორიული მემკვიდრეობის” მონოპოლიზებას ახდენს.

რუსული რეფერენდუმი

წლევანდელი აღლუმი, ქვეყნის ტერიტორიაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ იგეგმებოდა, რომელიც ვლადიმირ პუტინს პრეზიდენტობას მნიშვნელოვნად, სავარაუდოდ 2036 წლამდე გაუხანგრძლივებს. მისი ამჟამინდელი ვადა 2024 წელს სრულდება. აღლუმის მსგავსად, საყოველთაო კენჭისყრაც გადაიდო და ამჟამინდელი მოცემულობით 1 ივლისს გაიმართება. “თავდაპირველი გეგმით, ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 75 წლისთავი იქნებოდა ხელახლა მიღებული რუსეთის კონსტიტუციის სიმბოლური აღნიშვნა, მისი საყოველთაო ლეგალიზება როგორც საშინაო, ასევე საგარეო აუდიტორიისთვის”, - განაცხადა ბარბაშინმა. ორგანიზაცია “Europe and principal Russia”-ს ანალიტიკოსის დერაგ მაქდაუელის შეფასებით, “გამარჯვების დღისადმი” მიძღვნილი გრანდიოზული აღლუმის გამართვა მკაფიოდ ელექტორულ/საარჩევნო მიზნებს ემსახურება, რომელიც ეკონომიკური პრობლემების გადაფარვის მიზნით, “სამხედრო ძლიერების” წინა პლანზე წამოწევას ემსახურება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღონისძიებას 13 ქვეყნის ოფიციალური პირები დაესწრებიან - ძირითადად ყოველი საბჭოთა რესპუბლიკების და კრემლის მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლები. “გამარჯვების დღის” აღლუმზე წარმოდგენილები იქნებიან სომხეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთის თავდაცვის მინისტრები; ბელარუსის და სერბეთის პრეზიდენტები. ღონისძიებაზე მიპატიჟება გაეგზავნათ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, მაგრამ “კორონავირუსული პანდემიის გამო”, მათი დასწრება გადაიდო. ანალიტიკოს ბარბაშინის შეფასებით, რუსეთის შიდა საზოგადოებაში “სადღესასწაულო განწყობა” ნამდვილად არ არის, რადგან COVID-19-მა მნიშვნელოვანი ჯანდაცვისა და ეკონომიკის პრობლემები გამოიწვია რიგით რუსებში. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Russia
#Putin
#massive
#show
#Victoryday
#parade
#propaganda
#interworld
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0