ტობავარჩხილის ტბები-სამეგრელოს მთებში ჩაკარგული ტბა!

0
ეგრისის ქედი (სამეგრელოს ქედი, ოდიშის ქედი) არის კავკასიონის სისტემის სამხრეთ კალთის გასწვრივი გვერდითი ქედი, რომელიც მდებარეობს სამეგრელო - ზემო სვანეთში. ქედის ქვედა ზონა, 1200 მეტრამდე, შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყეებით (მუხა, რცხილა, წაბლი, წიფელი), უფრო ზემოთ, 2100 მეტრამდე, წიწვიანებით (სოჭი, ნაძვი), ხოლო სულ ზემოთ სუბალპური და ალპური მდელოებით. ქედიდან სათავეს იღებენ მდინარეები: მაგანა, ტეხური, ხობი, თხეიში, კასლეთი და სხვა. ეგრისის ქედი არაერთი ულამაზესი ტბის მშობელია. ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა), ოხოჯეს ტობა (ცაშკიბულის ტობა, პატარა ტბა), კალალიშ ტობა, დიდღალიშ ტობა, წაქაწყარიშ ტობა, ოკარეს ტობა, ლაკუმურაში და სხვა. ეგრისის ქედზე განლაგებულ ტობავარჩხილის ულამაზეს ტბებზე სხვადასხვა მარშრუტით შეიძლება მოხვედრა. ლაშქრობის დაწყება და დამთავრება შეგიძლიათ სამ ყველაზე გავრცელებული ადგილიდან: 1. მუხური; 2. სქური; 3. ხაიში. მარშრუტის დასაწყებად ყველაზე პოპულარული ადგილია მუხური, რადგან მუხურიდან მაღალი გამავლობის ტრანსპორტით შესაძლებელია ნათიფურუს მწყემების ქოხამდე მისვლა. მწყემსების ქოხი ზღვის დონიდან 1930 მეტრზე მდებარეობს და უმაღლესი წერტილია სადაც ტრანსპორტით შეიძლება მიხვიდეთ დარჩენილ ორ ვარიანტთან შედარებით. ქვემოთ გთავაზობთ მარშრუტის ერთ-ერთ ვერსიას, რომელიც მოიცავს ეგრისის ქედის ძირითად და შედარებით მარტივად მისადგომ ტბებს. მარშრუტი იწყება და მთავრდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში.
0