ანკარას სამხედრო აქტიურობის ფონზე თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობები მწვავდება

0
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა ოთხშაბათს, 24 ივნისს, თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში არსებული სტაბილურობისა და უსაფრთხოების დარღვევაში დაადანაშაულა. მინისტრის შეფასებით, ოფიციალური ანკარა ყოველდღიურ რეჟიმში კვეთს საბერძნეთის საჰაერო სივრცესა და ტერიტორიულ წყლებს. დენდიასი, ეგეოსის ზღვაში თურქეთის მიერ წარმოებულ ბოლოდროინდელ საქმიანობას აკრიტიკებს და “უკანონო სამხედრო დიპლომატიაზე” უარის თქმისკენ მოუწოდებს. საბერძნეთსა და თურქეთს შორის, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, გაზისა და ნავთობის საძიებო-ბურღვით უფლებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს. ნოემბერში, ოფიციალურმა ანკარამ ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებულ “ეროვნული თანხმობის მთავრობასთან” (GNA) საზღვაო საზღვრებთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც საბერძნეთის, კვიპროსის და ეგვიპტის ინტერესებს ეწინააღმდეგება. აღნიშნული 3 სახელმწიფო ისრაელთან ერთად, ევროპის მიმართულებით გაზის მილსადენის მშენებლობას გეგმავს. გარდა ამისა, ოფიციალური ანკარა და ათენი ეგეოსის ზღვასთან დაკავშირებით არსებულ ტერიტორიულ დავაში არიან ჩართულები. მიმდინარე წლის დასაწყისში, თურქეთმა ევროკავშირთან არსებული მისი საზღვრები გახსნა, რამაც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, საბერძნეთის ტერიტორიასთან ათასობით მოქალაქის/მიგრანტის თავმოყრა გამოიწვია. თურქეთი აქტიურად მონაწილეობას იღებს ლიბიის კონფლიქტში და სამხედრო ოპერაციებს ახორციელებს სირიასა და ერაყში (ძირითადად ქურთული დანაყოფების წინააღდეგ), სადაც მისი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ კონკრეტულ საფრთხეებს ხედავს. დამატებით, მაისიდან, ორმა თურქულმა საბურღმა საზღვაო ხომალდმა, ნავთობის საძიებო სამუშაოები დაიწყო კვიპროსის ე.წ. ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში (Exclusive Economic Zone - EEZ). ზემოხსენებულის საპასუხოდ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საბერძნეთისა და კვიპროსის ტერიტორიებზე თურქეთის საქმიანობა დაგმეს, რასაც ოფიციალურმა ანკარამ საპასუხოდ “უსამართლო და უკანონო პრეტენზიები” უწოდა. საკითხის სპეციალისტების მოსაზრებით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის სამხედრო საქმიანობამ შესაძლოა მეზობელ საბერძნეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბოს. Council on Foreign Relations-ის უფროსი მკვლევარის ჰენრი ბერქლის შეფასებით, პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ე.წ. ნაციონალისტი სამხედრო პირების შემუშავებულ “ლურჯი სამშობლოს” (Blue Homeland) სტრატეგიას (დოქტრინას) იყენებს.
ზემოხსენებული სამხედრო დოკუმენტი ეგეოსის, შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის უმეტეს ნაწილში დომინირებას ითვალისწინებს და სწორედ ამ მიზნით, ოფიციალური ანკარა მეტ ინვესტიციას დებს საზღვაო ძალების გაფართოებისა და განახლების საქმეში. ბერქლის თქმით, “ლურჯი სამშობლოს” სტრატეგია ცხადყოფს, რომ დღევანდელი თურქეთი ეგეოსის ზღვასთან დაკავშირებით პირველი მსოფლიო ომის შემდგომ შეთანხმებებს არ ცნობს. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Turkey #Greece #Aegean #eastern #Mediterranean #national #interests #doctrine #blue #homeland #interworld
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0