რკონის ციხე

0
რკონის ციხე შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, რკონის სამონასტრო კომპლექსთან ახლოს, მაღალი მთის ფერდობზე. ძეგლი VIII საუკუნის შუა ხანებით თარიღდება და მთლიანად ნატეხი ქვითაა ნაგები. რკონის ციხის კომპლექსი მოიცავს გალავანს, ეკლესიას, კოშკს, სადაზვერვო კოშკსა და სასახლეს. იგი ძალიან რთულრელიეფიან მთაზეა აგებული, მხოლოდ მისი დასავლეთ ნაწილია შედარებით შევაკებულ ადგილას განლაგებული. გალავანი ორსართულიანია და მარტივ მრავალგვერდას წარმოადგენს, მისი სიმაღლე 5 მ-ა. ქვედა იარუსი ყრუა, ზედა იარუსზე კი სათოფურებია განლაგებული. კედლები კონტრფორსებითაა გამაგრებული. გალავანს ხის საბრძოლო ბილიკი ჰქონია. შესასვლელი ორია, ჩრდილო-დასავლეთითა და სამხრეთით. რკონის ციხის კომპლექსის კოშკი გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ყველაზე შემაღლებულ ადგილას დგას. მისი სამხრეთისა და დასავლეთის კედლები კლდეს ეყრდნობა, ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის კედლები კი - მასიურ კედელს. კედლებში ბუხრები, ნიშები და სათოფურებია დატანებული. სადაზვერვო კოშკი ციხის ზევით, მთის წვერზე დგას. გეგმაში იგი კვადრატს უახლოვდება. დღესდღეობით სამი სართულია შემორჩენილი, მესამე სართული დაზიანებულია. პირველი სართული ყრუა, მეორე სართულის კედლებში კი სათოფურებია ჩატანებული. ციხის ეზოში დგას სამსართულიანი სასახლე, რომელიც ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. პირველ სართულზე სამეურნეო დანიშნულების ნიშები და ბუხარია, ამ სართულს ორი კარი აქვს. მეორე სართულზეც ნიშები და ბუხარი გვხვდება, მესამე სართული კი ძალიან დაზიანებულია და მხოლოდ კარი ჩანს. რკონის ციხის კომპლექსის ეკლესია დანარჩენ ნაგებობებთან შედარებით უფრო ადრეული პერიოდისაა, იგი XIII საუკუნით თარიღდება. ეკლესია ნატეხი ქვით ნაგებ დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს. დარბაზის კამარული გადახურვა ორ შეკიდულ თაღს ეყრდნობა. წყობაში XII-XIII საუკუნეების ტაძრის ნანგრევებიდან მოტანილი ჩუქურთმიანი ქვებია გამოყენებული. ეკლესიას სამი სარკმელი აქვს, აფსიდსა და სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ინტერიერში XIII საუკუნის II ნახევრით დათარიღებული მოხატულობის ფრაგმენტებია შემორჩენილი.
0