კიმ კარდაშიანმა დაბადების დღის წვეულების სტუმრებს წინასწარი ორკვირიანი კარანტინი მოსთხოვა

0
რას აკეთებთ იმ შემთხვევაში, როცა გინდათ პანდემიური ისტერიის ფონზე, წამით მაინც იგრძნოთ, რომ ყველაფერი კარგადაა. პასუხი დამოკიდებულია ჩვენს ინტერესებსა და გემოვნებაზე. ზოგიერთი საყვარელ სერიალს ვუყურებთ, ზოგი პარკში ძაღლს ვასეირნებთ, ან უბრალოდ ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას, 2-3 მეგობართან ერთად, პიკნიკზე მივდივართ. თუმცა, კიმ კარდაშიანს ამ კითხვაზე სრულიად სხვა პასუხი აქვს - “ახლო წრის” შეკრება და კერძო კუნძულზე დიდი წვეულების მოწყობა.
ზუსტად ასე მოიქცა რეალითი შოუს ყველაზე დიდი ვარსკვლავი. მან თავის მე-40 იუბილეზე, რამდენიმე ათეული ადამიანი ყველასაგან მოშორებით, კერძო საკუთრებაში არსებულ კუნძულზე წაიყვანა.
კიმისათვის ეს საგანგებო შემთხვევების აღნიშვნის ჩვეული მეთოდია - ასე მოიქცა რამდენიმე წლის წინ, ქანიე ვესთის დაბადების დღის წვეულების შემთხვევაშიც. თუმცა, აქ მთავარი სხვა ამბავია - ამბავი, რომელმაც მთელი ინტერნეტსივრცე საკმაოდ კარგ ხასიათზე დააყენა. როგორც კიმ კარდაშიანმა განაცხადა, დაბადების დღეზე მიწვეული სტუმრები წინასწარ გააფრთხილეს, რომ წვეულებაზე დასწრებას მხოლოდ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებდნენ. ამ პირობების მიხედვით, სტუმრებს ინტენსიური ტესტირება, ჯანმრთელობის კონტროლი და 2-კვირიანი კარანტინი მოეთხოვებოდათ.
კიმის პოსტს მალევე მოჰყვა სოციალური ქსელის მომხმარებლების გამოხმაურება. აღმოჩნდა, რომ წვეულების ორგანიზების კარდაშიანისეულმა მეთოდმა, მის გამომწერებში მიმების მუზა გააღვიძა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა კიმის პოსტის ტექსტი 2019 წლის გახმაურებულ საშინელებათა ფილმის - “მიდსომარის” სცენას დაურთო.
არერთი მიმი გაჩნდა ფერწერული შედევრების და კარდაშიანის საჯაროდ მოყოლილი ისტორიის ინსპირაციით.
აღსანიშნავია, რომ ერთი ასეთი მიმის ავტორი ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია.
ყველაზე სასაცილოდ კი მაინც ალბათ, GOT-ის ცნობილი ეპიზოდის, “წითელი ქორწილის” კადრი გამოიყურება კიმ კარდაშიანის ტექსტთან ერთად.
ნებისმიერ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - თუკი გვეგონა, რომ 2020 წლის მიწურულს უკვე ვეღარაფერი გაგვაკვირვებდა, შევცდით - პანდემიურ მსოფლიოში კვლავ ცხოვრობენ კარდაშიანები.
0