ბრძოლა უსამართლობასთან

0
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მათ ირგვლივ ქალთა უფლებები დიდად არ ირღვევა. მაგრამ, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ისტორიის განმავლობაში, ასევე დღესაც, მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნებშიც კი, ქალები კაცებთან შედარებით უფრო მეტად იჩაგრებიან და ეს ასეც გრძელდება. თუ არსებობს უსამართლობა, მაშინ უსამართლობასთან ბრძოლა ძალიან ნორმალურია. შეიძლება, ვიღაცები ვერ ხედავენ ან არ უნდათ, დაინახონ, რომ ჩვენს საზოგადოებაში და ზოგადად ქვეყანაში ქალების უფლებები ირღვევა. მინდა, გიამბოთ ერთი ქალის ისტორია. ქალისა, რომელსაც წლების წინ მშობლებმა სკოლისთვის თავი დაანებებინეს და გაათხოვეს. ქალი ცხოვრების განმავლობაში კაცზე ზრუნავს, ბავშვებს უჩენს, კაცი კი რუსეთში სამუშაოდ მიდის და სხვაზე ქორწინდება. ქალს და შვილებს წესიერად ფულსაც კი არ უგზავნის. ქალი ეკონომიკურად სუსტია და არც წასასვლელი აქვს. იგი იძულებულია, იმ კაცის სახლში განაგრძოს ცხოვრება. რადგან განათლება არ აქვს, საკუთარი თავის და შვილებისთვის ახალ ცხოვრებას ვერ იწყებს. ერთადერთი გამოსავალი აქვს - იმ კაცის კეთილსინდისიერების იმედზე იყოს, ვინც მას უღალატა. დიდი ალბათობით, მის შვილებსაც იგივე ბედი ეწევათ, რადგან ამ პირობებში განათლების მიღებისთვის ოჯახს სათანადო შესაძლებლობა არ აქვს. ეს მხოლოდ ერთი ისტორიაა იმ ქალებისა, რომლებიც იჩაგრებიან. არავინ ამბობს, რომ არ არსებობენ ქალები, რომლებიც კაცს ჩაგრავენ ან დაჩაგრული კაცები, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც ქვეყანაში, ასევე მსოფლიოში ქალების უფლებები შეუდარებლად მეტად ირღვევა. ჩვენს ქვეყნაში მცხოვრები ქალები, მიუხედავად მათი რელიგიის და ეთნიკურობისა, უსამართლობას უპირსპირდებიან. უსამართლობაზე საუბარი, მისი აღმოჩენა, შეგრძნება და პროტესტი არის ნორმალური. იმედია, უსამართლობას ქალი და კაცი განურჩევლად ერთად შევებრძოლებით და ჩვენს საზოგადოებას მეტად სამართლიანად ვაქცევთ.
#ქალთაუფლებები
#მარნეული
#marneulidaily
#ახალიამბები
0