გერმანიის პრეზიდენტი კარანტინში გადავიდა

Tbilisi Daily

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კარანტინში გადავიდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ტესტმა მისი პირადი უსაფრთხოების პერსონალზე დადებითი შედეგი აჩვენა. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტის აპარატმა განაცხადა. როგორც დეპარტამენტში აღნიშნეს, ინფიცირებული პირი სისხლის სამართლის საქმეთა ფედერალური ოფისის თანამშრომელია, რომელსაც პრეზიდენტის დაცვა ევალება. გავრცელებული ინფორმაციის მმიხედვით, შტაინმაიერმა პირველი ტესტი გაიარა კორონავირუსზე და პასუხი უარყოფითი იყო. პრეზიდენტის მიერ უახლოეს მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებს შორის იყო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე გერმანიის წიგნის გამყიდველებისთვის მშვიდობის ტრადიციული პრიზის გადაცემა. კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გერმანიაში დღეში 7 830-ით გაიზარდა, რაც მთელი პანდემიის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. უფრო მეტიც, მაქსიმალური მაჩვენებელი ფიქსირდება ზედიზედ მესამე დღეა. საერთო ჯამში, გერმანიაში დაინფიცირდა 356 387 ადამიანი.