ლიზი ბუდაღაშვილის შემოქმედება

0
ინტერვიუ ხელოვან ლიზი ბუდაღაშვილთან

1. როგორ გაატარეთ კარანტინი? ამ პროცესმა რა გავლენა იქონია თქვენზე და თქვენს შემოქმედებაზე?

საქართველოში ჩამოსვლა ნაადრევად მომიწია. ამერიკაში ვსწავლობ, სტუდენტი ვარ და ვირუსის მასობრივი გავრცელების დროსაც იქ ვიყავი. ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ 2 კვირა სახლიდან გაუსვლელად გავატარე, თუმცა არც მერე იყო სახლის დატოვების შესაძლებლობა, მოგეხსენებათ და მაისამდე ძირითადად შინ ვიყავი. ჩამოსვლამდე ვიცოდი, რომ ცოტა ხნით მაინც ასე მომიწევდა და თავიდანვე ვცდილობდი იზოლაციის დადებითი მხარეების წარმოდგენას. თეორიულად ბევრი ჰქონდა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ გამართლდა. არაბუნებრივი პროცესია კარანტინი და შეუძლებელია, რაიმე არაბუნებრივმა კარგი გავლენა იქონიოს ადამიანის ფსიქიკაზე საერთო ჯამში. არაუშავდა თავიდან, ვხატავდი, ვკითხულობდი, ვწერდი, ონლაინ ლექციებს ვესწრებოდი. თუმცა, ნელ-ნელა არაჯანსაღი და ნაძალადევი გახდა ეს ყველაფერი. სრულ მარტოობაში გატარებული იზოლაცია კიდევ სხვაა, და ნამდვილად შეიძლება, გამოიწვიოს რევოლუციური ცვლილებები ადამიანში. მაგრამ სხვა მხრივ, ნაკლებად. კულინარიული მცდელობებიდან დაწყებული ყურების ჩემითვე გახვრეტით დამთავრებული - ყველაფერი ვცადე. და მაინც ჩემი გული გარეთ იწევდა, გაზაფხულისკენ. და არაფერი ახარებდა ისე, როგორც ფანჯრებიდან შეძლებისდაგვარად შემოსული ქუჩის მსუბუქი სუნი. როცა თავისუფლება იზღუდება, შთაგონების წყაროებიც უფრო მიუწვდომელი ჩანს. ჩამოსვლისას სავსე ვიყავი ნიუ-იორკის შთაბეჭდილებებით და კარანტინშივე გავაკეთე ნამუშევრების მცირე სერია, მიძღვნა ნიუ-იორკისთვის. რამდენიმეჯერ მოვისმინე, ხელოვანისთვის ყველაზე მარტივიაო კარანტინი, მაინც სულ შინ ზის და ქმნის. რაღაც მხრივ, შეიძლება, ჩაითვალოს სიმართლედ. მაგრამ ისიც მართალია, რომ ხელოვანი ყველაზე მეტად, მთელი არსებით განიცდის თავისუფლების თუნდაც მცირედით შეზღუდვას და ხალისი ეკარგება, რამდენადაც ხელოვნების მთავარი მამოძრავებელი ძალაა თავისუფლება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ. არ მინდა სხვების პირით ვისაუბრო. კარგი რაც მომიტანა კარანტინმა ის არის, რომ ხმაური შევიყვარე ისევ, მუდმივი მოძრაობა, აღარც ქალაქის მტვერი მაწუხებს, აღარც მანქანების გრუხუნი. მზად ვარ, ვისმინო გამუდმებით, ოღონდაც აი, ამ სიცოცხლესა და მოძრაობას ვგრძნობდე და ისეთი მკვდარი აღარ იყოს ყველაფერი. ახლა, როცა სიცოცხლის ხალისი ნელ-ნელა დაბრუნდა, მეც ისევ დავუბრუნდი ინტენსიურ მუშაობას და პარალელურად რამდენიმე ტილოზე ვმუშაობ, ვწერ ისევ . შემოქმედებაზე დატოვებულ გავლენას რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ, მე თავადაც ველოდი, რომ დატოვებდა კარანტინი გარკვეულ კვალს, თუმცა მაინცდამაინც ასე არ მოხდა. იმდენად სტატიკური იყო ყველა პროცესი, გავლენებიც შეჩერდა, ალბათ. ახლა უფრო ვგრძნობ მათ დაბრუნებას, ვიდრე იზოლაციაში.

2.ყველაზე მეტად რისი ხატვა მოგწონთ? გაქვთ თუ არა ფერი რომელსაც ყველა ნახატში იყენებთ?

ადამიანების ხატვა მიყვარს განსაკუთრებით. ძალიან ცოტა მაქვს ისეთი კომპოზიცია, სადაც ადამიანი არ ფიგურირებს რაიმე სახით, იქნება ეს საკუთარი თავი, ვინმე სხვა პიროვნება, თუ წმინდად ჩემი გონების ნაყოფი. მე ვხატავ იმას, რაც მგონია, რომ გარკვეულ დონეზე მაქვს ნაგრძნობი და აქედან გამომდინარე, შემიძლია, გულწრფელი ვიყო. მოტყუება არ მჭირდება. ეს არის მიზეზი, და არა მაგალითად ის, რომ ადამიანი მიმაჩნია სამყაროს ერთადერთ ცენტრად. ფერს რაც შეეხება, სხვადასხვა ფერების ამოჩემება მჩვევია ხოლმე, თუმცა, მგონი ლურჯს მაინც ყველგან ვიყენებ. მრავლისმომცველი ფერია, დიდი სიღრმის მატარებელი და ემოციური დატვირთვის მქონე.

3. დღევანდელობაში არის თუ არა ხელოვნება მატერიალიზირებული? ( დაუშვათ მხატვრები ხატავენ შეკვეთით) ამაზე რას ფიქრობთ?

ხელოვნება გარკვეული დოზით ყოველთვის იყო მატერიალიზებული.თუმცა გააჩნია, ხელოვანი ამაში განზრახ მონაწილეობს თუ ბუნებრივია ეს ყველაფერი. მთავარია, ნამუშევრის შექმნის მოტივი არ იყოს მატერიალისტური. სხვა მხრივ, ხელოვნების გარკვეული ჯანსაღი სახითა და დოზით მატერიალიზება ბუნებრივია. რეალურად რომ მივუდგეთ, სულ რომ არაფერი, შეძენა სჭირდება მასალებს. შეკვეთით ხატვას რაც შეეხება, არაფერი დამანკნინებელი შეკვეთით ხატვაში არ არის. დაკვეთებზე მუშაობითაც უდიდეს პროფესიულ გამოცდილებას იღებს მხატვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ შრომა არ იკარგება მატერიალური სარგებლის ამოწურვასთან ერთად.

4.თქვენ როგორც ხელოვანი რომელ საუკუნეში იცხოვრებდით?

ვუდი ალენის ფილმში „შუაღამე პარიზში“ არის ნახსენები, რა დროშიც არ უნდა დავიბადოთ, მაინც სხვა დროში ცხოვრებას ვნატრობთო. ხშირად ვფიქრობ ხოლმე და ზოგჯერ ძალიან მართალია. მე 2000 წელს დავიბადე, საუკუნეების გასაყარზე, თუმცა სიამოვნებით ვიცხოვრებდი მეცხრამეტე, ან მეოცე საუკუნეში, თუმცა მხოლოდ განსაზღვრულ მონაკვეთში. მეცხრამეტე საუკუნის იმ პერიოდში, როცა პარიზი იყო მხატვრობის კერა, ყველა იქ იკრიბებოდა: მოდილიანი, პიკასო, სუტინი, უტრილო, ტულუზ-ლოტრეკი. არამარტო მხატვრობის, მუსიკის ახალი საფეხურიც იყო (ერიკ სატი, დებიუსი), ცხოვრებას ბოჰემური სუნი ჰქონდა და ხელოვნება ყვაოდა. ანდაც, მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა გერმანული ექსპრესიონიზმი ღვივდებოდა; როცა კლიმტი, შილე, კოკოშკა მოღვაწეობდნენ. მიჭირს გამორჩევა, გაუმაძღარია ადამიანის ბუნება და ამ მესამე სურვილსაც დავამატებ. მეოცე საუკუნის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდის ნიუ-იორკშიც ვიცხოვრებდი. სწორედ იმ დროს, როცა ნიუ-იორკის სკოლა ჩამოყალიბდა, რომლის წევრებიც იყვნენ ვილემ დე კუნინგი, ჯექსონ პოლოკი, მარკ როთკო, ფრანც კლაინი და ბევრი სხვა გენიოსი.

5.რომელ მხატვართან გექნებოდათ დიალოგი?

ერთი კონკრეტული მხატვრის ამორჩევა ძალიან მერთულება. მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოქმედების გავლენის ქვეშ არ მოვქცეულვარ, გავესაუბრებოდი ფრიდა კალოს, როგორც მხატვარს, როგორც ქალ მხატვარს, და როგორც უბრალოდ ძლიერი, თვითმყოფადი ქალის ეტალონს. გავესაუბრებოდი ეგონ შილეს, თუმცა იმდენად ყველაფერი მოაცებს მისი, იმდენად დიადია, ალბათ კონკრეტულად არაფერს ვკითხავდი. მოვისმენდი უბრალოდ ყველაფერს, რასაც მეტყოდა. ჟან-მიშელ ბასკიასთანაც ვისაუბრებდი. მგონია, მასთან ყველაზე მეტად გამიადვილდებოდა საუბარი, რამდენადაც დროში ყველაზე ახლოა.

6.რას ისურვებდით ხელოვნებისთვის დღევანდელობაში?

ფსევდო-ხელოვნებისა და ფსევდო-ხელოვანების გაუჩინარებას ვისურვებდი. თვითონ ხელოვნებას მოკვდავისაგან კეთილი სურვილები არ სჭირდება, ის იმდენად დიადი, თვითმყოფადი და უკვდავია.
#ხელოვნება
#არტი
0