გახარია: რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა ფაქტზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე

0
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით წარდგა. საპარლამენტო მოხსენება 4 ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა: უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელი რჩება. საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა მუდმივი პროგრესი და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. „არავის არ აქვს იმის თქმის უფლება, რომ ჩვენ რაღაცას მივაღწიეთ და უნდა მოვდუნდეთ. ჩვენ ყოველწლიურად უნდა ვაჩვენოთ პროგრესი. ჩვენს თითოეულ მოქალაქეს უნდა ვუთხრათ, რომ პროგრესი არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა დღეს. საბოლოო შედეგი, ზოგ შემთხვევაში შეიძლება დადგეს 1, ზოგ შემთხვევაში კი 10 წლის შემდეგ. მაგრამ ჩვენ არ უნდა გადავუხვიოთ ამ გზიდან. ჩვენი ძირითადი ამოცანა დაფუძნებულია ჩვენს ფასეულობებზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანა ამისთვის მოვამზადოთ“, - თქვა მან. პარლამენტში გამოსვლისას პრემიერმა განაცხადა, რომ რუსული ოკუპაცია კვლავაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევად რჩება. მისი თქმით, საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაა. ამასთან, გახარია ხაზს უსვამს იმას, რომ არსებული პრობლემა უნდა გადაწყდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, რომელიც გადის საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობაზე. საქართველოს პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია აგებს პასუხს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ყველა ფაქტზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, რადგან ის არის ამ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო: „ბორდერიზაციის გაგრძელებით დაწყებული, ადამიანის გატაცებით, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის, ჯანმრთელობის უფლების შეზღუდვის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, ყველა ეს მიმართულება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ყველა ამ ნაბიჯზე არის პასუხისმგებელი“. ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებნი, არიან საქართველოს მოქალაქეები და გიორგი გახარიას თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მათთვისაც იყოს ხელმისაწვდომი ყველა სახელმწიფო სერვისი. ის ასევე ამბობს, რომ  გალის და ერგნეთის შეხვედრები უპირობოდ უნდა აღდგეს და საერთაშორისო დონეზე გაგრძელდეს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერა. რაც შეეხება პარლამენტში დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს, პრემიერი აცხადებს, რომ დღეს საქართველოში არის საპარლამენტო დემოკრატია, ორშაბათს დაგეგმილი კენჭისყრის შემდეგ კი, ეს იქნება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული საპარლამენტო დემოკრატია, რომელიც მოითხოვს ეფექტიან და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო სექტორს. მისი თქმით, ეს არის ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი და აუცილებელი პირობა, რომლის გარეშეც შემდგომი განვითარება შეუძლებელია: „ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, არის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროცესი, რომელიც ორი მოსმენით უკვე გავლილია და ორშაბათს ამ პარლამენტში იქნება მესამე მოსმენა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოში არის საპარლამენტო დემოკრატია, უფრო მეტიც, ორშაბათს ჩატარდება კენჭისყრა და იქნება საპარლამენტო დემოკრატია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული, რომელიც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მოითხოვს აბსოლუტურად ეფექტიან და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო სექტორს. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომლის გარეშეც ქვეყნის შემდგომი განვითარება ასეთ პოლიტიკურ სისტემაში იქნება უბრალოდ შეუძლებელი“, - განაცხადა გახარიამ. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, დებატებში მონაწილეობის მიზნით, პოლიტიკური ბოიკოტი დროებით შეწყვიტა. სხდომას ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები. ოპოზიცია პრემიერ გახარიას მკაცრად აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან მოხსენებაში არაფერი თქვა 20 ივნისის მოვლენების შესახებ. საუბარია მოვლენებზე, როცა გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და პარლამენტთან აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს. დემონსტრანტებს შორის რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა. „ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით, მე ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ თქვენ დღეს 20 ივნისი არ ახსენეთ. მას შემდეგ რაც დადეთ პირობა, რომ სრულად გამოიძიებდით, რა მოხდა და მერე წახვიდოდით და საპირისპიროდ, პრემიერ-მინისტრის სკამს კარგად ირგებთ. მას შემდეგ, რაც „ტროლების ქარხანამ“ დიდი იერიში მიიტანა დაზარალებულებზე და კონკრეტულად მაკო გომურზე. ერთადერთი კითხვა მაქვს თქვენთან: უბრალოდ რად გიღირთ ეს ყველაფერი 20 ივნისის შემდეგ?“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ. ხოშტარიამ ბრალი დასდო ხელისუფლებას და კერძოდ - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს - იმაში, რომ ისინი პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს დევნიან. „კომიკურია, თუ სატირალი არ ვიცი, მაგრამ დღეს ვუყურებთ სუსი როგორ ურეკავს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და იბარებს. ერთადერთი რამე მინდა გთხოვოთ, გადაეცით მაგ თქვენ სუსს და ბიძინა ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდია, " - ამბობს ხოშტარია.   საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება "პარლამენტში შეჭრით" აღარ უნდა შეიცვალოს, როგორც ეს წარსულში ხდებოდა. ზუსტად ერთი წლის წინ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, გახარიამ ოპოზიციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ წევრ ელენე ხოშტარიას ასე უპასუხა:  "20 ივნისი რად მიღირდა, იცით? 20 ივნისი მიღირდა იმად, რომ ამ ქვეყანაში მეოთხედ, მეხუთედ და მეათედ პოლიტიკური წესრიგი პარლამენტში შეჭრით და ძალადობით არ უნდა შეიცვალოს. აი, ამად მიღირდა 20 ივნისი და ამას იმხელა ფასი აქვს, რომ თქვენ შეიძლება ვერ წარმოგიდგენიათ, იმიტომ, რომ ბევრი თქვენგანი, როცა ამ ქვეყანაში ძალადობრივად პოლიტიკური წესრიგი იცვლებოდა, ამაში მონაწილეობას იღებდა".  პრემიერის თქმით, სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებები და ამიტომ უნდა იყოს პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური წყობა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების გზით შეიცვალოს და არა ძალადობით და "პარლამენტში შეჭრით".        https://www.amerikiskhma.com/a/georgia-pm-annual-report-to-parliament/5478726.html
#ახალი_ამბები
#საქართველო
#პოლიტიკა
0