რა შეზღუდვები შემსუბუქდება დღეიდან საქართველოში?

0
საქართველოს რკინიგზა სამთვიანი პაუზის შემდეგ სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე 27 თებერვლიდან იმოძრავებენ. კომპანია მოძრაობას თბილისი-ბათუმი-თბილისი; თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; თბილისი-ფოთი-თბილისი და თბილისი-ქუთაისი-თბილისის მიმართულებებით აღადგენს. რაც შეეხება კოვიდ-19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. აგრეთვე, ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი დღეიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო. რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ რეგულაციებს, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე აღნიშნა, დაწესებული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება. შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები
0