„მთელი დღე სახლში ზიხარ და რამ დაგღალა?“- ქალების მიმართ ხშირად ნათქვამი ფრაზაა, მით უმეტეს მამაკაცების მხრიდან.
პანდემიამ ბევრი სიმართლე აჩვენა მამაკაცებს. აქამდე ბევრს ეგონა, ქალი სახლში რომ ზის, ესე იგი უმუშევარია და არაფერს აკეთებს.
პანდემიის პერიოდში, სოციალურ ქსელში შემხვდა გვერდი, სადაც მამაკაცების გარკვეული ჯგუფი ერთმანეთს უზიარებდა, ვინ რას აკეთებდა პანდემიის დროს სახლში. ზოგი საჭმელს ამზადებდა და სურათს დებდა, აბა თუ სწორად გავამზადეო, ერთ-ერთი კი ბავშვის ტანსაცმელს ფენდა და ორი სამაგრის მაგიერ ოცით ჰქონდა ტანსაცმელი დამაგრებული.
ქალს ორი კი არა, უამრავი რაოდენობის ხელი აქვს. ერთით საჭმელს ამზადებს, მეორეთი ტანსაცმელს აუთოვებს, მესამეთი ბავშვებს უვლის, მეოთხეთი სახლს ალაგებს, მეხუთეთი ჭურჭელს რეცხავს, მეექვსეთი მინდორში მუშაობს, მეშვიდეთი მეცხოველეობით არის დაკავებული, მერვეთი მაღაზიაში გარბის საყიდლებზე, მეცხრეთი სუფრას შლის და მეათე ხელით შემოსავალი შემოაქვს ოჯახში. ეს ათი ხელი ჯერ მე დავთვალე და რომ ვიფიქროთ, კიდევ ბევრი ხელი გამოჩნდება. ამ ყველაფრის ფონზე კი ქალს ეუბნებიან - რამ დაგღალა?
აქამდე ბევრ მამაკაცს ეგონა, რომ გემრიელ საჭმელს ისე მიირთმევს, სუფთა, დაუთოებულ ტანსაცმელს ისე იცვამს, სუფთა სახლში ისე ცხოვრობს, ბავშვები თავისით ისე იზრდებიან, იცვამენ, ჭამენ, პროდუქტები სახლში თავისით მოდის, რომ ქალის როლი ამ საქმეებში რატომღაც არ ჩანს. მაგრამ, პანდემიის დროს სახლში დარჩენამ ბევრს აჩვენა, რომ თურმე ქალს უამრავი ხელი აქვს და ეს ყველაფერი თავისით არ ხდება.
მთავარი ის კი არ არის, ვინ აკეთებს ამ საქმეს, მთავარი შეფასებაა. ადამიანის შრომას თუ არ დააფასებ, მასში კარგავ მუშაობის ხალისს, უნარს. თუ სისტემატურად ეტყვი მას, შენ არაფერს არ აკეთებ, რატომ იღლები, სახლში ზიხარო, ის ადამიანი იფიქრებს, რომ მის შრომას არ აფასებენ. ქალების უმეტესობა დღეს ამ მდგომარეობაშია. არამხოლოდ მამაკაცები, ქალის შრომას ბევრ შემთხვევაში სხვა ქალებიც არ აფასებენ. კაცები სახლიდან რომ გადიან, ფიქრობენ, რომ ქალი სახლში სერიალებს უყურებს და მთელი დღე სძინავს.
პანდემიის პერიოდის ერთ-ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ მამაკაცების უმეტესობა მიხვდა, მთელი დღე სახლში დარჩენა და შრომა რას ნიშნავს.
დააფასეთ ქალების შრომა! ქალი ისედაც აკეთებს ამ საქმეებს და შვილებს უვლის, ფინანსურად ოჯახს არჩენს მამაკაცთან ერთად. სახლში ზიხარ და რითი დაიღალეს თქმის მაგივრად, იფიქრეთ, ნამდვილად რითი იღლებიან ქალები სახლში დარჩენით...
#ქალთაუფლებები
#ქალთაშრომა
#მარნეული
#MarneuliDaily
#ახალიამბები