აფხაზეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კულტურულ-სოციალური ურთიერთობა ორივე ეთნოსის ლიტერატურასა და ენაში მკაფიოდ აისახა. ქართველი მეცნიერების ცნობით, განსხვავებით სეპარატისტულ აფხაზეთში გავრცელებული ინფორმაციისგან, აფხაზური ენა და ლიტერატურა ყველაზე აქტიურად 1938-1954 წლებში ვითარდებოდა, როდესაც ენა მისთვის ყველაზე შესაფერის, ქართულ დამწერლობას გამოიყენებდა. ამავე პერიოდში დაიწერა ბევრი ნაწარმოები, რომელიც ორი ეთნოსის საერთო გასაჭირს- ბოლშევიკურ რევოლუციას უკავშირდება. ქართველებისა და აფხაზების მჭიდრო კავშირია ასახული მრავალ ლიტერატურულ ძეგლში. ლიტერატურული კავშირის ნათელი მაგალითებია: 1933 წლის ლეო ქიაჩელის ნოველა „ჰაკი აძბა“, კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“ და სხვა. აფხაზური ლიტერატურაც, პირველად, თბილისში გამოიცა. ამ ფაქტების განხილვის შემდეგ ნათელი ხდება ჩვენსა და აფხაზებს შორის მჭიდრო კავშირი და მისი გაწყვეტის ხელოვნური მცდელობა.
უპირველეს ყოვლისა, ენათა შორის კავშირის მაჩვენებელია საერთო დამწერლობა. თავდაპირველად, აფხაზურს დამწერლობა არ გააჩნდა და ლიტერატურულ ძეგლზეც ლაპარაკი ზედმეტი იყო. 1862 წელს პირველი აფხაზური ანბანი ბარონმა პეტრე ფონ უსლარმა შეიმუშავა. თვითონ უსლარი აღნიშნავდა, რომ ქართული დამწერლობა იდეალური იყო არამარტო აფხაზური, არამედ ნებისმიერი ჩრდილოკავკასიური ენისთვის, რადგან მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობიდან ყველაზე ზუსტად გადმოსცემდა ჩრდილოკავკასიელთა ბგერებსა და ენის თავისებურებას. მაგრამ მისივე თქმით, ქართული დამწერლობის გამოყენება საფრთხეს უქადაგებდა რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას, ამიტომაც მან სლავურ დამწერლობაზე დაყრდნობით შეუქმნა აფხაზებს ანბანი. პირველი ანბანი 37 ასოს შეიცავდა და შემდეგ მათი რაოდენობა 55-მდე გაიზარდა. ნიკო მარიც შეეცადა, სრულ-ეყო აფხაზური ანბანი, თუმცა ის ლათინურ დამწერლობაზე დაყრდნობით შექმნა. ნიკო მარის ანბანი 75 ასოს შეიცავდა და აფხაზების მიერ 1926 წლამდე გამოიყენებოდა. მიუხედავად ამისა, ორივე ანბანი სრულიად არ შეესაბამებოდა აფხაზური ენის სპეციფიკას: ერთი ხმოვნის გადმოსაცემად ორი-სამი ასო იყო საჭირო, ხოლო დამატებითი ხმოვნებისთვის არსებული ანბანი საკმარისი არ იყო და ასოების სახეცვლილება უწევდათ. შედეგად, 1937 წელს მოიწვიეს კრება, სადაც განიხილეს ქართული დამწერლობის შემოღების საკითხი.
1922 წელს საბჭოთა კავშირში ლათინიზაციის, ხოლო 1936 წელს- კირილიზაციის პოლიტიკა დაიწყო. როგორც მეცნიერი თეიმურაზ გვანცელაძე აღნიშნავს, აფხაზური ენა გადაურჩა რუსიფიკაციას პოლიტიკური ინტერესების გამო. პირველ რიგში, მოგეხსენებათ, საქართველო თურქეთს ესაზღვრება, თურქეთი კი 30-იან წლებამდე საბჭოთა კავშირის მოკავშირედ ითვლებოდა. 30-იანი წლების შემდეგ ის ნაცისტურ ბლოკს შეუერთდა და საბჭოთა იმპერიის საზღვრებზე არეულობის დაწყების შეეშინდათ. თუკი საქართველოში ხალხს არ გაუჩნდებოდა პრივილეგირებულების მოჩვენებითი განცდა, ისინი კიდევ აჯანყდებოდნენ და მტრის მხარეს გადავიდოდნენ. ამიტომ, ქართული დამწერლობის ასეთი დაწინაურება „მეგობრული“ ჟესტი იყო. მეორე მხრივ, აუცილებელი იყო საქართველოს შეკავება, რათა დამოუკიდებლობის მსურველების რიცხვი არ გაზრდილიყო და ქვეყანას არ დაეტოვებინა კავშირი. ცხადია, „მეგობრული ჟესტები“ ამისთვის არ იყო საკმარისი, ამიტომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის სიტუაციის გამძაფრება მძლავრი მექანიზმი იყო. თუკი საქართველო გამოეყოფოდა კავშირს, აფხაზეთი გამოეყოფოდა საქართველოს. ამ იდეის განსახორციელებლად საჭირო იყო აფხაზებისთვის „ქართული დამწერლობის დაძალება“, რაც ერებს შორის ურთიერთობას დაძაბავდა.
1937 საბჭოთა ხელისუფლებამ თათბირი მოაწყო, სადაც უნდა განეხილათ აფხაზური ენის დამწერლობის საკითხი. თათბირის მონაწილე 33 პირიდან 6 მეცნიერი ეროვნებით ქართველი იყო (თბილისიდან პროფესორები: პეტრე შარია, აკაკი შანიძე, ვარლამ თოფურია, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ჯანაშია, სოხუმიდან კი ბაგრატ ჯანაშია), 4 მონაწილე რუსი (პროფ, ა. გრენი, ი. ტატიშჩენკო, ზ. მიირინა და ა. ფადეევი), უმრავლესობას კი (23 კაცი) აფხაზი მეცნიერები, მწერლები, ჟურნალისტები და პედაგოგები წარმოადგენდნენ (ს. აქირთავა, აფხაზური სეპარატიზმის მესაძირკვლე სიმონ ბასარია, ნ. ბასილაია, ენათმეცნიერი ხუხუტი ბღაჟბა, ნ. გერია, მწერალი და ჟურნალისტი მიხეილ გოჩუა, გ. გულია, აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელია დიმიტრი გულია, პარტიული ფუნქციონერი მიხეილ დელბა, ბ. კაცია, ნ კოკოსქერია, ვ. მაანი. ვ. ნაყოფია, აფხაზი განმანათლებელი ნიკოლოზ პატეიფა, ს. სიმონია, ენათმეცნიერი გიორგი შაკირბაი, კ. შაყრილი, გ. ძიძარია, კ. ძიძარია, ნ. ჭოჭუა, მწერალი ვლადიმერ ხარაზია და პოეტი მუშნი ჰაშბა). აღსანიშნავია, რომ რუსი დელეგაცია არ იღებდა ხმას, ხოლო აფხაზები და ქართველები დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ დისკუსიაში. ს. ჯანაშიამ პირველივე გამოსვლისას განაცხადა, რომ აფხაზური დამწერლობა მხოლოდ აფხაზეთის საზოგადოების საქმეა და ქართველი მეცნიერები აქ კონსულტანტებად არიან მოწვეულნი. ამ ფრაზით მან ქართული დამწერლობის შემოღების არაძალადობრივ მეთოდს გაუსვა ხაზი. საკითხი კი ყველა აკადემიური ნორმის დაცვით განიხილეს. საბოლოო ჯამში, აფხაზეთის დელეგაცია მხარს უჭერდა ქართულ დამწერლობაზე დაყრდნობილ პროექტებს. წარმოდგენილი იყო 4 პროექტი და აქედან ორი აფხაზეთის ინიციატივით შეიმუშავეს. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ აფხაზური ენა ქართულ დამწერლობას გამოიყენებს, რომელსაც რამდენიმე ასო ( ჲ, ჳ, ჷ, გუ, ძუ, კუ, ყუ, ღუ, ხუ, გჲ, ქჲ, კჲ, ყჲ, ღჲ, ხჲ) დაემატება. ბოლოს, აფხაზმა მეცნიერებმა მადლობაც კი გადაუხადეს თბილისიდან მოწვეულ პროფესორებს.
სეპარატიზმის გაზრდისას და ხრუშჩოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ შეთანხმებებს ხაზი გადაესვა. 1958 წელს ქართველებისგან დისტანცირების მიზნით აფხაზური ისევ „კირილიცაზე“ გადავიდა, რის შემდეგადაც არაერთი რუსიზმი შემოვიდა აფხაზურ ენაში. მეტიც, რუსული მხარე მოითხოვდა რუსიზმების ზედმიწევნით კალკირებას, მაშინ როდესაც ქართული ენიდან შემოსული სიტყვები მცირერიცხოვანი იყო და ისინი აფხაზური ენის ნორმების შესაბამისად იწერებოდა (მაგალითად, სიტყვები აგჲამა ”გემო”, აკჲატ ”კეტი”, აუათახ ”ოთახი”, აწას ”წესი”, ამაწაფა ”მოწაფე”). ქართული დამწერლობის არსებობის პერიოდში კი აფხაზურ ენაში სხვა ენებიდან ყველაზე ნაკლები ბარბარიზმი შემოვიდა.
არცერთ წერილობით წყაროში არ დასტურდება, რომ 1906 წლამდე ვინმეს შეექმნას მხატვრული ტექსტი აფხაზურ ენაზე. ამასთანავე, გიორგი შარვაშიძე, ეროვნებით აფხაზი, აფხაზეთის მთავრის უკანასკნელი ვაჟი და ილია ჭავჭავაძის თანამოაზრე იყო მწერალი და პუბლიცისტი, რომელიც ქართულ და აფხაზურ ენებზე წერდა ნაშრომებს. თავის წერილებში ის აფხაზეთსა და საქართველოს განუყრელ ნაწილად თვლის. ცნობილია მისი მკაფიო პოზიცია ერების ერთიანობის შესახებ. თავის ერთ-ერთ წერილში ის წერს: „…ჩვენს სამშობლო ივერიას ყოველგვარი დიდი კულტურული განცდა გამოუვლია. მაგრამ ჩვენი წარსული ისეთ ჟამს გაშეშდა, რომ დაგვებნა ბუნებრივი ევოლუციის შარა და კანონი. დიაღ, ჩვენ შეგვიძლია თამამადაც ვთქვათ, რომ იღბალის უკუღმართობას ხელი არ შეეშალა, ევროპის წინათაც ვიქნებოდით ჩვენ დღეს; ვინაიდან როდესაც ანდრია მოციქული აქ ქრისტეს მცნებას გვიქადაგებდა, ევროპაში თვით დუკებსაც კამეჩის ტყავი ეცვათ ტანზე და ფეხშიშველა, შუბებით ხელში ნადირობდნენ ტყეებში…“. 1917 წელს ის მონაწილეობდა სახალხო შეკრებაში, სადაც ანტიქართულად განწყობილმა აფხაზებმა ისურვეს „კავკასიით მთიელთა რესპუბლიკაში“ გაწევრიანება და აფხაზეთის გამიჯვნა საქართველოსგან. გიორგი შარვაშიძემ მათ აფხაზურ ენაზე მიმართა: “თქვენ თქვენს უფროს ძმებს მიჰყევით, მათთან ერთად იმოქმედეთ და იბრძოლეთ თავისუფლების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად. ვიცი, ზოგიერთებს არ მოეწონებათ ჩემი ასეთი აზრი, რადგან ისინი მოსკოვისაკენ იყურებიან, მე კი – თბილისისაკენ. სხვა გზა არ არის და არც ყოფილა აროდეს აფხაზეთისათვის, გარდა საქართველოსთან მჭიდრო კავშირისა და მასთან ყოფნისა განუყრელად ჭირში და ლხინში”
აღსანიშნავია კიდევ ერთი აფხაზი მწერლის, დიმიტრი გულიას შემოქმედება. მისი ლექსების კრებული იყო პირველი აფხაზურად დაბეჭდილი წიგნი, რომელიც, ამასთანავე, პირველად თბილისში გამოიცა. მისი ლექსები აგებულია აფხაზურ ფოლკლორზე, თუმცა იგრძნობა ქართული მოწინავე ლიტერატურის დიდი გავლენა. ის აღწერს მოშაირე ქალ-კაცს, აფხაზურ ხუმრობებს ადამიანის ნაკლოვანებაზე, აფხაზების გმირ აბრსკილის ეპოსსა და მრავალ სხვა სიუჟეტს. ნათელია მის ლექსებზე ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, მამია გურიელის და ვაჟა-ფშაველას გავლენა. არაერთი ანალოგიის გავლება შეიძლება შემდეგ ქართულ ნაწარმოებთან: “ყაყაჩოსა სიწითლითა”, “მიყვარს ფაცხა მე მეგრული”, “ომში წასვლა მას უხარის”, “ჩიტო, ჩიტო, ჩიორა”. ამრიგად, დიმიტრი გულიას ლექსები კიდევ ერთი უტყუარი მტკიცებულებაა ქართულ-აფხაზური ლიტერატურული კავშირის.
1992 წელს ანდრეი ჭოჭუას მიერ შექმნილი „აფხაზური ანბანი“ ზუსტად იაკობ გოგებაშვილის „დედაენაზე“ დაყრდნობით გამოიცა და დღესაც მცირეოდენი ცვლილებებით ისწავლება აფხაზეთის სკოლებში. ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აფხაზური განათლებას ემყარებოდა საქართველოში არსებულ სისტემას და დღესაც, აფხაზი სეპარატისტებისთვის შეუმჩნევლად, იჩენს თავს. ასევე, ანდრეი ჭოჭუას ეკუთვნის იაკობ გოგებაშვილის საბავშვო თხზულებების თარგმანი. საყმაწვილო ლიტერატურის მეორე ფუძემდებელი- ანტონ ჩუკბარი, ასევე თბილისში მოღვაწეობდა და მისი წიგნები „ აფხაზური ენა აფხაზთა სკოლებისათვის“ და „მახლობელი ცხოვრება“ აქვე დაიბეჭდა.
1919 წლიდან სოხუმის საოსტატო სემინარიაში შეიქმნა აფხაზური სალიტერატურო წრე და ჟურნალი „შარფიეწვა“ (ცისკრის ვარსკვლავი) რომელიც, აფხაზური ლიტერატურის განვითარებასთან ერთად, მიზნად ისახავდა ქართული ლიტერატურის თარგმნას. გადმოცემით, სოხუმის სემინარიის წევრები სოფლებში დადიოდნენ და ქართულიდან ნათარგმნ პიესებს დგამდნენ აფხაზურ ენაზე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აფხაზეთისა და საქართველოს ლიტერატურის ურთიერთქმედებას ხელი ვერ საბჭოთა ხელისუფლებამ შეუშალა- 1928 წლიდან აფხაზური ჟურნალები „აფსნი ყაფშ“ (წითელი აფხაზეთი) და „ეწვაჯაა“ (ხომალი) თბილისში იბეჭდებოდა და მიზნად ისახავდა ახალბედა აფხაზი მწერლების ხელშეწყობას. ყოველივე ეს ხელს უწყობდა მომავალი მწერლების ჩამოყალიბებას. საინტერესოა, რომ ახალი თაობის აფხაზი მწერლები ქართველთა გმირობებს აღწერდნენ. მაგალითად, ივა კოღონია. მის კალამს ეკუთვნის რუსული ცარიზმის საწინააღმდეგო პოემა “სვანი მურზაყანი”, რომელიც მიეძღვნა კონსტანტინე დადეშქელიანს, ვინც 1857 წელს მოკლა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი ა. გაგარინი.
1920-1930 წლისთვის კი აფხაზურად „ვეფხისტყაოსანი“ ითარგმნა.
წყარო: postal cat
#აფხაზეთი
#ლიტერატურა
#ოკუპაცია
#პოლიტიკა
#sokhumidaily