ზურაბიშვილი: არავინ ღირს ევროპული მომავლის ფასად - არც სააკაშვილი, არც გვარამია, არც ივანიშვილი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არავინ ღირს საქართველოს ევროპული მომავლის ფასად. მან ამ საკითხზე საუბრის დროს დაასხელა სამი სახელი და გვარი: მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია და "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშილი. "მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასაწევად - არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არის იმის ფასად, რომ ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს", - თქვა პრეზიდენტმა. მან არ დააკონკრეტა რატომ დაასახელა ეს სამი ადამიანი ერთ კონტექსტში, თუმცა სამივე მათგანი ნახსენები იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ამ დრომდე საქართველოს პრეზიდენტს არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია პატიმრობაში მყოფი "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. მისი პოზიცია - "არა და არასდროს" - ცნობილია პატიმრობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შეწყალებაზე. 9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით". რეზოლუციის ტექსტი უარყოფითად შეაფასეს მმართველი გუნდის წევრებმა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს იყო "ფეიკების" შედეგი და მას ჩალის ფასი ჰქონდა.   https://www.radiotavisupleba.ge/a/31892595.html

Source: radiotavisupleba.ge