მომავალი კვირიდან დაიწყებენ ონლაინვაჭრობის კომპანიების შემოწმებას - ნათია თურნავა

Tbilisi Daily

შესაბამისი უწყებები მომავალი კვირიდან დაიწყებენ ონლაინვაჭრობის კომპანიების შემოწმებას, თუ რამდენად აკმაყოფილებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებსა და რეკომენდაციებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. „ამავდროულად, ჩვენი სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, ჩვენი გაერთიანებული ინსპექციები ამ დღეების განმავლობაში ძალიან აქტიურად აგრძელებენ ბიზნესების შემოწმებას იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად პასუხობენ ბიზნესები ახალ გაიდლაინებსა და მოთხოვნებს, რასაც გვიწესებს ჯანდაცვის სამინისტრო. 300-ზე მეტი კომპანია გადამოწმდა, მაგრამ ბიზნესისთვის პირველ რიგში არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორი დაგეგმვა, ჰქონდეს ნათელი ხედვა შემდგომი ეტაპების, შემდგომი პერიოდის, იმისთვის, რომ სწორად დაგეგმოს თავისი რესურსები და თავისი ქმედებები“, – აღნიშნა თურნავამ. მისი თქმით, არ არის მოსალოდნელი, რომ საგანგებო ვითარების დასრულებამდე აქტიურად დავიწყებთ იმ ბიზნესების ამოქმედებას, რომლებიც დროებით შეჩერდა „მინდა ძალიან გულახდილად მოგახსენოთ, რომ იმ ეპიდემიოლოგიური საფრთხეებისა და ვითარების გათვალსიწინებით, როცა ჩვენ, პრაქტიკულად, ახლა შევდივართ ძალიან კრიტიკულ ვითარებაში და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ზომების მიღება გვიწევს, არ არის მოსალოდნელი, რომ საგანგებო ვითარების დასრულებამდე აქტიურად დავიწყებთ იმ ბიზნესების ამოქმედებას, რომლებიც დროებით შეჩერდა. სამაგიეროდ, ამ პერიოდს ძალიან აქტიურად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დავასრულოთ ბიზნესების მონიტორინგი, იმ უსაფრთხოების სტანდარტების გადამოწმება, რაც მათ უნდა დააკმაყოფილონ იმისთვის, რომ როგორც კი შემაკავებელი ზომების შერბილების და ეკონომიკის ამოქმედების შესაძლებლობა მოგვეცემა, ყველა მზად იყოს და შემოწმებისთვის დამატებით დრო აღარ დაგვჭირდეს,“- განაცხადა ნათია თურნავამ. #პანდემია #ეკონომიკა #ნათიათურნავა #tbilisidialy