სიძულვილის ენა და ეთნიკური უმცირესობები - მომავალი იურისტი აიჰან გასანოვის ბლოგი

0
აიჰან გასანოვი - ორგანიზაცია "სალამის" წევრი იორმუღანლოდან. კარანტინის პერიოდი საგარეჯოს რაიონ სოფელ იორმუღანლოში გავატარე. ჩვენს თემში 30 ათასამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს. მოსახლეობის უმრავლესობა მეცხოველეობით არის დაკავებული, მცირე ნაწილი კი - მიწათმოქმედებით. მე, როგორც ამ თემის წევრმა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ პერიოდში, მძიმე ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, ჩვენ სიძულვილის შემცველ დამოკიდებულებებსაც ვუმკლავდებოდით.როცა მარნეულსა და ბოლნისში საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა, სოციალურ ქსელში აზერბაიჯანული თემის დისკრიმინაცია და მათ მიმართ სიძულვილის შემცველი მესიჯების გაჟღერება დაიწყო. მაშინ უფრო კარგად მივხვდი, რა რთულია, იყო ეთნიკური უმცირესობის წამომადგენელი. დისკრიმინაციული დამოკიდებულების სამიზნე იყო არა მხოლოდ მარნეული და ბოლნისი, არამედ, ზოგადად, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული თემი. ზოგი შეურაცხყოფის მსხვერპლი ქართული ენის არცოდნის გამო გახდა. ისეთმა მოსაზრებამაც გაიჟღერა, ვითომ, ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო ენის სწავლის სურვილი. რეალურად, ახალი თაობა გამართულად საუბრობს ქართულად და ისინი ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები არიან. ბევრი ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში იღებს უმაღლეს განათლებას და სურს, აქ გააგრძელოს მოღვაწეობა და იზრუნოს ქვეყნის კეთილდღეობაზე. მართალია, წინა თაობა საკმარისად ვერ ფლობს ქართულ ენას, თუმცა ეს ბუნებრივიცაა. მათთვის სახელმწიფო ენის შესწავლა ნაკლებად იყო ხელმისაწვდომი. შესაბამისად, სიძულვილის შემცველი მესიჯები და ბრალდებები იმის შესახებ, რომ მათ ენის სწავლა არ სურთ, უსაფუძვლო და რეალობასთან შეუსაბამოა. მსგავსი დამოკიდებულება ჩვენთვის ძალიან გულსატკენი და მძიმეა ემოციურ ჭრილშიც. პირადად მე, კარგად ვიცი და მიყვარს ქართული ენაც და კულტურაც. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა ბაქოში დავამთავრე და ჩემი მშობლებიც სულ აზერბაიჯანში მუშაობდნენ, ჩემი მიზანი ბავშვობიდან მაინც საქართველოში ცხოვრება იყო. როგორც კი ამის შესაძლებლობა გამიჩნდა, დავბრუნდი. აქ ვსწავლობ, აქ ვმუშაობ, ვწერ ბლოგებს, ვარ პლატფორმის „სალამი“ წევრი და თანაგუნდელებთან ერთად ვზრუნავ განსხვავებული წარმომავლობის ადამიანების კეთილდღეობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. სამომავლოდ, მინდა, ვიყო ძლიერი იურისტი, ჩემი წვლილი შევიტანო ქვეყნის განვითარებაში და ვიბრძოლო ყველანაირი უსამართლობის წინააღმდეგ. საგანგებო მდგომარეობა, ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება და შემოსავლის დაკარგვა გამოწვევა იყო ბევრი ოჯახის ყოველდღიურობისთვის. ჩემი მეგობრისა და „სალამის“ ერთ-ერთი წევრის, აითაჯ ხალილის ინიციატივით, ჩვენ სწორედ ამ ადამიანების მხარდასაჭერად დავიწყეთ სოციალური კამპანია. თანამოქალაქეების ჩართულობით, როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი მოსახლეობის მხარდაჭერით, ჩვენ 3000-მდე ლარი შევაგროვეთ და დავეხმარეთ 20 ოჯახს მარნეულში, 25 ოჯახს კი - ბოლნისში. ჩვენ ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობისთვის გავერთიანდით და შევძელით, მათი პრობლემები ცოტათი მაინც შეგვემსუბუქებინა. ერთიანობის ეს მაგალითი ძალიან მეამაყება და ემოციურად მახსენდება. საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელები ქვეყნის თანაბარუფლებიანი მოქალაქეები არიან. მათ საქართველოს კანონმდებლობით ისეთივე უფლებები ენიჭებათ, როგორც ქვეყნის სხვა მოქალაქეებს. ჩვენ აქ ვცხოვრობთ, გვიყვარს ეს ქვეყანა და მისი განვითარებისთვის ვიბრძვით, შესაბამისად, ძალიან საწყენი იყო ის აგრესია, რაც ჩვენ მიმართ გაჩნდა. ძალიან მძიმე და გულსატკენი დღეები გავიარეთ. ემოციურად ძალიან დავიღალეთ. მე, როგორც საქართველოს თანასწორუფლებიანი მოქალაქე, პატივს ვცემ ყველა ადამიანს, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა. ვფიქრობ, რომ როგორც ჩემთვისაა ღირებული ნებისმიერი ადამიანის ინდივიდუალიზმი, ისევე ვიმსახურებ მეც და ჩემი თემიც პატივისცემას საზოგადოებისგან. მინდა, ყველას ვთხოვო, რომ ვიყოთ სოლიდარულები და შემწყნარებლები ერთმანეთის მიმართ. ეს უფრო დაგვაახლოებს, გაგვაძლიერებს ჩვენც, ჩვენს თემსაც და, საბოლოო ჯამში, ქვეყანას, რომელშიც ჩვენ ერთად ვცხოვრობთ და რომლის განვითარებაც ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. სტატია მომზადებულია ევროპის საბჭოს ცნობიერების ამაღლების "მე ვირჩევ თანასწორობას" კომპანიის ფარგლებში
#ისტორიები_თვითიზოლაციიდ
#დისკრიმინაცია
#მარნეული
#marneulidaily
#ახალიამბები
0