რატომ არ სჯერათ ადვოკატებს გიორგი შაქარაშილის საქმის "ოქროს მოწმის"

0
რატომ არ თანამშრომლობენ ნარეკვავის დასახლებაში მომხდარ ჩხუბში მონაწილე პირები სრულად გამოძიებასთან - იქამდე, ვიდრე ექსპერტიზა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს დაადგენს, ამავე საქმეზე დაკავებული 17-ვე პირი ისევ ამტკიცებს, რომ ყველა უდანაშაულოა. ამ ვერსიას მათი ადვოკატები სამართლებრივად იმით ხსნიან, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, არანაირი დანაშაული არ იკვეთება. ეს პოზიცია პირველი ინსტანციის მოსამართლემ უარგუმენტოდ მიიჩნია, რის გამოც ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის ფარგლებში დაკავებული ყველა ახალგაზრდა პატიმრობაში დატოვა. უფლებადამცველები ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. საქმის ოქროს მოწმეს - გურამ ამირხანაშვილს, როგორც ცნობილია, გამოძიებისთვის 4 ჩვენება აქვს მიცემული. დღეს უფლებადამცველები საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენებების ნაწილი არის განსხვავებული, ანუ გურამ ამირხანაშვილი დაახლოებით 2 ჩვენებაში წერს, რომ მას თავისუფლება "ტოიოტა კამრის" მგზავრებმა უკანონოდ აღუკვეთეს და ნაწილ ჩვენებებში ის საუბრობს იმაზე, რომ მას შეეძლო "ტოიოტა კამრის" ავტომობილიდან გადმოსვლა, თუმცა თავისი ნებით წამოჰყვა თბილისში. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს მათ ბევრ კითხვას უჩენს. მოსამართლის გადაწყვეტილება - პატიმრობა კი მათ სწორედ ამის გამო უსამართლოდ მიაჩნიათ. "სასამართლომ მიიღო ძალიან დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება. კერძოდ, მან ასე უაპელაციოდ არასრულწლოვანს შეუფარდა ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას. მან არ გაიზიარა მთელი რიგი არგუმენტაცია, რომელიც დაცვის მხარემ წარვუდგინეთ. მან არ გაიზიარა ის არგუმენტაცია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაწყებული არის გამოძიება არასრულწლოვანზე ჩვენების მიცემისთვის იძულება და მასზე ზეწოლა და ყველა ამ არგუმენტზე მან, უბრალოდ, თვალი დახუჭა, " – აცხადებს ადვოკატი გიორგი გელხაური. საკმაოდ ბევრი კითხვა არსებობს კვლავ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ბედი ეწია რეალურად გიორგი შაქარაშვილს მაშინ, როდესაც უფლებადამცველები საუბრობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულონი არიან და მათ ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღიათ. "არ არსებობდა ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძველი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისა, ხოლო თუ სასამართლო ჩათვლიდა, რომ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, ეს მინიმალური სტანდარტი, ჩვენ ვფიქრობდით, რომ არსებობდა რიგ შემთხვევებში, გირაოს გამოყენების შესაძლებლობა. ჩვენ 48 საათის განმავლობაში კანონი გვანიჭებს უფლებამოსილებას გავასაჩივროთ ეს სადაო განჩინება უკვე სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე სააპელაციო სასამართლო უფრო სრულყოფილად და უფრო კანონიერად, სამართლიანად განიხილავს აღნიშნულ საჩივარს, " - განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა. "კურიერი" ასევე ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატს ესაუბრა. შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ჩიქოვანი არის პირი, რომელსაც აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების დროს თავის არეში მიაყენეს დაზიანებები, ის ჩაჯდა ერთ-ერთ ავტომობილში და ერთ-ერთი ვერსიით, თბილისში ჩამოვიდა, რათა მათი ახლობლებისთვის დახმარება ეთხოვა, შემდეგ კი გამოძიების ვერსიით ის მის მეგობრებთან ერთად ნარაკვევის ტერიტორიაზე შურის საძიებლად ბრუნდება. ნიკა ჟვანიას რაც შეეხება, ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ის იყო პირი, რომელსაც რკინის ხელკეტი ეჭირა და  გიორგი ქათამაძეს და კოკო ღიბრაძეს გაუსწორდა. ის საქმეში "დიჯეის" სტატუსით ფიგურირებს. ამ გარემოებების მიუხედავად, დღეს მისი უფლებადამცველიც ფიქრობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულოები არიან და ისიც მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. "აღნიშნული განჩინება მოსამართლის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით არ ჩაგვბარებია. დღეს, დღის მეორე ნახევარში ჩაგვბარდება  ჩაგვბარდება აღნიშნული განჩინება და გაცნობის შემდგომ ჩვენ გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. ბრალად წარდგენილ ქმედებას გამოვრიცხავთ. მტკიცებულებების საფუძველზე გამოირიცხება ბრალად წარდგენილი ქმედება როგორც ვახტანგ ჩიქოვანის, ასევე ნიკა ჟვანიას შემთხვევაში, " - აცხადებს ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატი, არჩილ ბერიანიძე. დაკავებულებს, რომელთა შორის 3 არასრულწლოვანია, გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ასევე ხულიგნობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. წყარო: რუსთავი 2
0