პომპეოს ვიზიტი ისრაელში - არაბულ სამყაროსთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა
Interworld
ახლო აღმოსავლეთში დაგეგმილი 5 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ძირითადად ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს უკავშირდება, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო იერუსალიმში ჩავიდა.
პომპეომ შეხვედრა გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და მხარეებმა 13 აგვისტოს გამოცხადებული ისტორიული შეთანხმება განიხილეს, რომელიც ოფიციალური ვაშინგტონის შუამავლობით ხორციელდება.
ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის დადებული გარიგების ნაწილს წარმოადგენს ოფიციალური თელ-ავივის პირობა, რომ შეჩერდება ანექსირებულ ე.წ. დასავლეთ სანაპიროზე (West bank) მის მიერ განსახორციელებელი გეგმები.
აღნიშნული შეთანხმების მიხედვით არაბთა გაერთიანებული საემიროები ხდება სპარსეთის ყურის პირველი ქვეყანა და ზოგადად რიგით მესამე არაბული ქვეყანა (ეგვიპტის და იორდანიის შემდეგ), რომელსაც ისრაელთან აქტიური დიპლომატიური ურთიერთობები ექნება.
ზემოხსენებულ ნაბიჯს მიესალმა სპარსეთის ყურის რამდენიმე სახელმწიფო. საპირისპიროდ კი ეს ნაბიჯი ირანმა, თურქეთმა და პალესტინელებმა დაგმეს.
ისრაელისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაციებს შორის მალე მოეწერება ხელი ორმხრივ ხელშეკრულებებს ინვესტიციების, ტურიზმის, პირდაპირი ავია მიმოსვლის, უსაფრთხოების, ტელეკომუნიკაციების, ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, ჯანდაცვისა და კულტურის სფეროებში.
გარდა ამისა, მაიკ პომპეო ახლო აღმოსავლური ვიზიტის ფარგლებში ბაჰრეინს, ომანს, კატარსა და სუდანს ეწვევა.
სახელმწიფო მდივნის დღისწესრიგში შედის დიალოგები რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლის ძირითადი ქვაკუთხედი ირანი და ჩინეთი იქნება.
კატარში ვიზიტისას, პომპეომ გეგმავს „თალიბანის“ წევრებთან შეხვედრას, სადაც განიხილება ამ ორგანიზაციისა და ავღანეთის მთავრობას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც იქნება გადამწყვეტი აშშ-ის სამხედრო ძალების ამ სახელმწიფოდან გასვლისთვის.
თავის მხრივ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩასვლას, აშშ-ის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი და ამავდროულად მისი სიძე, ჯარედ კუშნერიც გეგმავს. იგი ისრაელს, ბაჰრეინს, ომანს, საუდის არაბეთსა და მაროკოს ეწვევა კვირის ბოლოს.
ზემოხსენებული ვიზიტები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც შეერთებულმა შტატებმა, ირანთან მანამდე დადებული ბირთვული ხელშეკრულების „დეაქტივაციის“ პროცესი დაიწყო, რომელიც თავის მხრივ ოფიციალური თეირანისთვის გაეროს სანქციების ხელახლა დაწესებას ისახავს მიზნად.
მაიკ პომპეომ 20 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნა, სადაც მითითებული იყო ირანის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა.
25 აგვისტოს, სუდანში ვიზიტისას, სახელმწიფო მდივანი ასევე ისრაელთან დაკავშირებული საკითხების განხილვას გეგმავს.
პომპეოს განცხადებით, მას დაზუსტებით არ შეუძლია განსაზღვროს, თუ როდის იქნება შესაძლებელი სუდანსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზება, თუმცა აქვე დაამატა, რომ ეს მხოლოდ „დროის საკითხია“.
საკითხის სპეციალისტთა შეფასებით, საემიროების კვალს უახლოეს მომავალში სწორედ ზემოხსენებული სუდანი და ბაჰრეინი დაადგება და ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს დაიწყებენ.
თავის მხრივ, შემდგარ შეთანხმებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს საუდის არაბეთს, მაგრამ ნორმალიზების პროცესს თავს არიდებს მანამ, სანამ ისრაელი ოფიციალურად, საერთაშორისო დონეზე ხელს არ მოაწერს პალესტინელებთან სამშვიდობო ხელშეკრულებას.
ბაჰრეინი, რომელმაც პირველი კონტაქტები 1990-იანი წლებში დაამყარა ისრაელთან, პოზიტიურად შეხვდა საემიროებთან გაფორმებულ გარიგებას. მოცემულ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ბაჰრეინსა და ისრაელს საერთო მტერი ირანის სახით ჰყავთ.
აქვე აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მანამა საუდის არაბეთის უახლოესი მოკავშირეა და მისი „თანხმობის“ გარეშე ნაკლებსავარაუდოა, ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება დაიწყოს. შესაბამისად, ივარაუდება, რომ ერ-რიადი სწორედ ბაჰრეინის გავლით, არაპირდაპირ გადაწყვეტს ოფიციალურ თელ-ავივთან სამომავლო აქტიური კავშირების დამყარებას.
რაც შეეხება სუდანს - ამ სახელმწიფოს რაც შეიძლება მოკლე დროში სურს შეერთებული შტატების სასანქციო „შავი სიიდან“ გამოსვლა და ამ მიზნით ეცდება ოფიციალური ვაშინგტონის უახლოეს მოკავშირესთან (ისრაელთან) ურთიერთობების დამყარებას.
ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის შემდგარ გარიგებას მალევე პოზიტიურად გამოეხმაურა ომანიც, მაგრამ აქვე აღნიშნა, რომ აუცილებელია პალესტინელი ხალხის ლეგიტიმური უფლებების დაცვა, რომლებიც დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისკენ ისწრაფვიან.
ზოგადად ომანი შეერთებული შტატების ახლო მოკავშირედ ითვლება, მაგრამ ამავდროულად კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს ირანთანაც. ეს სახელმწიფო იცავს „ნეიტრალიტეტის პრინციპს“ და რეგიონალურ კონფლიქტებში ყოველთვის შუამავლის როლის შესრულებას ცდილობს.
გაფორმებულ შეთანხმებას არ გამოეხმაურა კატარი, რომელსაც დაძაბული ურთიერთობები აქვს არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, საუდის არაბეთთან და ეგვიპტესთან. ამავდროულად ოფიციალური დოჰა, რომელიც შეერთებულ შტატებთან დაახლოვებულია, ისრაელთან მუდმივ კონტაქტებს ინარჩუნებს.
კატარი ასევე აქტიურად არის ჩართული ღაზას სექტორში მიმდინარე პროცესებში და პალესტინელი ხალხისთვის სოციალურ დახმარებებს და დაფინანსებებს მუდმივად გამოყოფს.
ქუვეითი, რომელიც ასევე შეერთებული შტატების ახლო მოკავშირეა, ისრაელ-საემიროებს შორის დადებულ გარიგებას „დუმილით“ შეხვდა. ეს არის ერთადერთი სახელმწიფო სპარსეთის ყურეში, სადაც რეალური პოლიტიკური და საპარლამენტო ცხოვრება მიმდინარეობს და სადაც საზოგადოებრივი დებატები ნებადართულია. შესაბამისად, ზოგიერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაგმო საემიროებთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, ხოლო ზოგიერთმა კი დაიცვა შემდგარი გარიგება.
ამის მიუხედავად, ქუვეითსა და ისრაელს შორის ურთიერთობების სამომავლო ნორმალიზება მაინც ნაკლებსავარაუდოა, რადგან ამ ქვეყნის პარლამენტმა სწორედ „თელ-ავივთან მტრობის“ საბაბი გამოიყენა მოსახლეობის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Israel #Emirates #Pompeo #USA #Gulf #states #Arab #world #interworld
______________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა