ვარძია - კლდეში ნაკვეთი ქალაქი

0
ვარძია — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში (ასპინძინდან 30 კმ). მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. ოროგრაფიული სქემის მიხედვით ვარძია მდებარეობს ერუშეთის ქედის აღმოსავლეთის განტოტების ბოლოს. ვარძიის უკიდურესი ზედა გამოქვაბული ზღვის დონიდან 1462 მ-ზე ძევს. ვარძიის ციხე-ქალაქი განლაგებულია იარუსებად 100 მ სიმაღლეზე. იარუსების რაოდენობა 3 - დან 13 - მდეა. მასში 600 - ზე მეტი სათავსოა. აქ არის სატრაპეზოები, სენაკები, საკუჭნაოები, დამხმარე სათავსოები და 25 მარანი 185 ქვევრით. ისტორია ციხის მშენებლობა დაიწყო მეფე გიორგი III - მ და დაამთავრა მისმა შვილმა - თამარ მეფემ, რომელმაც მას თავდაპირველი სამხედრო ციხე-სიმაგრის დანიშნულება შეუცვალა და უზარმაზარ გამაგრებულ მონასტრად წარმოგვიდგინა. ანსამბლი ძირითადად 1156 - 1203 წლებში შეიქმნა, აკურთხეს 1185 წლის 15 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. აქ შემორჩენილია კედლის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც ვინმე გიორგის შესრულებულია. კედელზე გამოსახულნი არიან გიორგი III, თამარ მეფე და სხვა დიდებულები. თამარის შემორჩენილი ოთხი პორტრეტიდან ესაა ყველაზე ადრეული, თამარის ახალგაზრდობის სურათი, რომელიც 1186 წელს უნდა იყოს შესრულებული. აქვეა ღვთისმშობელი ყრმით ხელში, თორმეტი მოციქული, სახარების ციკლის სცენები და სსვა. 1551 წელს ვარძია აიღო და დაარბია ირანის შჰამა თამაზ I-მა. სპარსელებმა გაიტაცეს ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები და მრავალი განძი. 1578 წელს ვარძია თურქებმა დაიპყრეს. იგი ისევ გაიძარცვა. ბერები კი - ნაწილი დახოცეს, სხვები კი სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტნენ და აქაურობა გაუკაცრიელდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ვარძიაში ჯერ ტურისტული ბაზა, 1983წ. კი მუზეუმი დაარსდა. 1989წ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ვარძიაში აღსდგა ღვთისმსახურება, ხოლო 1999 წლიდან კი განახლდა სამონასტრო ცხოვრება.
0