"ისევ ის ქალები არ ზრდიან მოძალადე შვილებს?"

0
ისევ ის ქალები არ ზრდიან მოძალადე შვილებს? არა, ისევ ის ქალები ( ძალადობის მსხვერპლნი) არ ზრდიან მოძალადე შვილებს, ის ქალები ზრდიან შვილებს, რომელთაც არჩევანის უფლება დაბადებიდან წაერთვათ. ის ქალები, რომელნიც ჯერ მშობლის აზრს უნდა დაემორჩილონ, შემდეგ ძმების, ნათესავების, მეზობლების და ყველასი, ვისაც რაიმე აზრი გაუჩნდება და ამის აფიშირება მოუნდება. ქალები, რომელთაც ყოველთვის უკონტროლებენ საუბარს და კაბის სიგრძეს, უსაზღვრავენ პროფესიას ან საერთოდ ართმევენ განათლების მიღების საშუალებას. და ეს ყველაფერი იქ ხდება, სადაც ვცხოვრობთ, ისინი ჩვენი მეზობლები, მეგობრები ან მეგობრების მშობლები არიან. ჩვენთან ყოველთვის ასე იყო, სრულ მორჩილებაში გაზრდილი ქალი კარგავს თავისუფლების მოთხოვნილებასაც კი და მშობლების მორჩილებიდან გადადის ქმრის მორჩილებაში. ხშირად დედა იმასაც კი ვერ ახერხებს შვილი დაიცვას მამისგან ან თუნდაც საზოგადოებისგან. კი, გამონაკლისებიც არსებობენ, ვინც მოიშორა ბავშვობის ტრავმა, მოძალადე მამის და მსხვერპლი დედის კომპლექსი და უშველა საკუთარ ფსიქიკას. მაგრამ რეალობას ვერ დავემალებით. რეალობა კი ესაა: ბიჭი იღებს მამის მაგალითს, გოგო-დედისას და შესაბამისად იზრდება კაცი მოძალადედ და ქალი მსხვერპლად. ბიჭები ყოველთვის პრივილეგირებულნი არიან ოჯახში, მათ არ უწევთ ყოველთვის კონტროლის გავლა, არ უწევთ ადრე შინ დაბრუნება, არ უწევთ პასუხი აგონ თავიანთ პირველ სექსუალურ აქტზე, არ უწევთ თავის შეზღუდვა მხოლოდ იმიტომ რომ "არ შეიძლება", სამაგიეროდ ამას გოგონები აკეთებენ. მხოლოდ ორი არჩევანია: ან ემორჩილები ან გიჩნდება პროტესტი და ეწინააღმდეგები, მაგრამ ეწინააღმდეგები გვიან, როცა დედას გიკლავენ, როცა შემდეგი ქალი კვდება ან შენ გეხებიან. და ის აზრი, რომ ქალები ზრდიან მოძალადეებს, ჩანასახშივე საზიზღარი აზრია, რადგან ისევ აღიქმება, რომ შვილებს ზრდიან დედები და მამები აქ არაფერ შუაში არიან. არც მაშინ, როცა შვილის თანდასწრებით ცოლს აყენებენ შეურაცხყოფას, არც მაშინ, როცა ქუჩაში აგინებენ "არასათანადოდ" ჩაცმულ გოგოს. არც მაშინ, როცა შვილს უსაზღვრავენ ვის გაყვეს ცოლად. მამები არასდროს მიიჩნევიან დამნაშავედ. მსხვერპლს არც შეუძლია ვინმეს აღზრდა. ჩვენ, ყველა, სხვების მაგალითზე, დამოუკიდებლად აღვიზარდეთ და უმეტესად რაც ჩაგვძახეს იმასვე ვაბრუნებთ, ან ვიბრძვით რომ როგორმე ეს ხმა ჩავკლათ ჩვენში.
#აღზრდა
#ოჯახურიძალადობა
#ქალთამიმართძალადობა
#ძალადობა
#ქალები
#განათლება
0