0
ისე მარტივად გეკითხებიან, როგორ ხარო - თითქოს არც იყო... ახლა ისე ვარ, როგორც ნაპირზე დავარდნილი კენჭი, მზისგან გავარვარებულს რამდენიმე მეტრი რომ აშორებს წყალს, მაგრამ თვითონ არ შეუძლია შიგნით შესვლა, გდია მიწაზე და იმის იმედი აქვს, რომ ვინმე გამოივლის და ასე შეუმჩნეველს, მაინცდამიანც მას მიკრავს ფეხს, ან ხელში აიღებს და სიღრმისკენ ისვრის, იცის, ეს ვერ გადაარჩენს, მაგრამ ცოტა ხნით მაინც ხომ გაგრილდება, სულს მოითქვამს. მთელი დღეა კარზე შიგნიდან ვაკაკუნებ, მაგრამ არავინ გამიღო, თითქოს სულიდანაც ასე ვცდილობ ტკივილების გარეთ გამოტანას. ჩემი სიცოცხლის უმანიშნელებელი, პულსზე მეტად, ყოველთვის ნაბიჯები იყო. ზოგჯერ, იმ სათქმელივით გავდივარ სახლიდან, რომელსაც თვითონ ვერ ვამბობ ხოლმე და იმ ოცნებასავით მივყვები ქუჩას, რომელსაც არცერთ ცხოვრებაში არ უწერია ახდენა. რამდენჯერ უნდა ავიარ-ჩავიარო ეს გაჩერებული გზა, რომ ტვინში ჩაქცეულ, ან მაჯიდან ღია ცისკენ გაჟონილ სისხლს დავემსგავსო. სულერთია, შენს ცხოვრებაში საკუთარი თავის მკვდრეთით აღდგომის მცდელობა უფრო მეტია, თუ თვითმკვლელობის, რადგან შეუძლებელია რომელიმე გამოგივიდეს, როცა არც ცხოვრება გაქვს, არც სიცოცხლე და არც სიკვდილი. ვდგავარ და იმ დღეებს მივყვები, რომლებიც არასდროს მომენატრება. თუ მკითხავ რატომ ვიქცევი ასე, გიპასუხებ, რომ არ ვიცი. როცა ირგვლივ სიმშვიდეა, სიცოცხლეა, სიხარულია... როცა მთელი გულით ცდილობ გახდე მისი ნაწილი, მაგრამ არ გამოგდის. მე არ ვიცი, ამ ცხოვრებაში ჩვენზე რა არის დამოკიდებული, ან არის თუ არა საერთოდ რამე. ვიღაც ამბობდა, რომ - გადარჩენა პროტესტია. ამ სამყაროში, მუდამ განწირული იქნება ის, ვისთვისაც სიმართლეა შთაგონების წყარო. უფალო, შენც კი ვერ მიგიღეთ ისეთი, როგორიც ხარ. უფალო, შენი ადამიანებისადმი მოწყალებასავით უსასრულოა, შენდამი ადამიანების სისასტიკე. გაელვება უფრო დიდ ხანს გრძელდება ცაში, ვიდრე ჩვენი სიცოცხლე ამ ცხოვრებაში და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი სულები უფლის კეთილი საქმეების ყულაბებს ჰგავდეს, ათასი ამაოებით ვავსებთ, თუმცა როგორც ელვაა წვიმის, ჩვენი სიცოცხლეც ხომ უნდა იყოს რაიმეს ნიშანი. ნუთუ შესაძლებელია, საკუთარი თავი ცალხმრივად გიყვარდეს? ნუთუ შესაძლებელია, შენივე შექმნილი ურჩხულების გეშინოდეს? (ურჩხულებზე საშიში, ურჩხულებისადმი შიშია.) ადამიანისთვის ღმერთი ადამიანიდან იწყება, ადამიანობა ღმერთიდან, მაგრამ ღმერთო, ჩვენ ხომ ჩვენი უღმერთობის შესანიღბად უფრო გვჭირდები, ვიდრე შემწედ, ვიდრე მფარველად. ჩვენ შორის არიან წმინდანები, მაგრამ მათ შორის ჩვენ არ ვართ. საშინელებაა, როცა ისეთი არ ხარ, როგორიც გინდა, რომ იყო. ნუთუ ამის გასაკეთებლადაც გარისკვაა საჭირო? არათუ სიცოცხლე, ჩვენი მოკვდავობაც დროებითია. მჯერა, რომ საკუთარი თავისთვის არ შექმნილა ადამიანი, სხვაგვარად სიყვარული სამყაროს მეორე მხარეს აღმოჩნდებოდა. უცნაურები ვართ ადამიანები, მთელი ცხოვრება იმას ვცდილობთ, ყველასგან განვსხვავდებოდეთ, არავის ვგვავდეთ... არავინ გვგავდეს... საბოლოოდ კი, არაფერს არ შეუძლია იმხელა სიხარულის მონიჭება, როგორც ჩვენნაირის პოვნას ამ სამყაროში. ალბათ, სიყვარული მარადიული ლტოლვაა მიუწვდომლისაკენ, იმისკენ რასაც ისე შეუძლია მიგიზოდოს, რომ სული ამოგტაცოს სხეულიდან. ადამიანის საყრდენი კედელი ხერხემალი კი არა, - გულია და მე არ მესმის, ღმერთო, გული რატომ ტყდება ასე ადვილად, რატომ არ სჭირდება უროს ჩარტყმა, მაგრამ ვინ იცის, იქნებ უროს გაუძლოს კიდეც, იქნებ სიყვარული ბევრად მძიმე და სასტიკია. სამყაროში რამდენი აუღმოუჩენელი საოცრებაცაა, იმდენითვე გაიშვიათებულია ის, ოდესღაც სისხლის ხილვაც გააოცებდა ადამიანს და მისი ფერი უფრო შთამბეჭდავი იქნბოდა, ვიდრე ცის, ვიდრე ტყეების, ყვავილების, ან მზის და მთვარის, მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, პირველად საკუთარი ნახა თუ სხვისი. მინდა, რომ ჩემი ესმოდეთ, მაგრამ ეს იმაზე რთულია, ვიდრე ვუყვარდე. მე რა გითხრა ჩემს ნაწერებზე, მთავარია, ისინი რას გეტყვიან ჩემზე. რას ხედავ, როცა მიყურებ? შენ არა, საკუთარ თავს ვეკითხები, ის არასდროს მიპასუხებს იმას, რისი მოსმენაც მინდა. ზოგჯერ, ფიქრს მდინარესავით მივუშვებ და მის ნაპირზე ჩამოვჯდები ხოლმე, ვუსმენ მის ხმაურს, რომელიც იმას მეუბნება, რომ ჩემში არ არის მისი სათავე და ვერც იმ ზღვაში ჩაიღვრება სიმარტოვე რომ დაარქვეს. განა ჩემი სიხარული სიხარული არ არის, შესაძლოა, სამყაროზე უკიდეგანო და უსასრულოც კია, მაგრამ ის ვერასდროს იქნება სრულყოფილი. რადმდენჯერაც თვალში ბედნიერების ნამცეცი ჩამივარდა, იმდენჯერ ცრემლმა გამორიყა, გამოიტანა, ვერ მოასწრო სულის ფსკერამდე ჩასვლა, მერე თუნდაც სევდის ნალექს გადაეფარა და დავიწყებას მისცემოდა. მერე რა, თუ გაელვებაზე ცოტა ხანს გრძელდება ჩვენი სიცოცხლე ამ ცხოვრებაში, მჯერა, რომ ღმერთმა სამყაროსთან ერთად შემქმნა, დასაბამიდან. საკუთარი წარსული ფილმივით რომ ჩამირთო დიდ ეკრანზე და თვალმოუხუჭავად ათასჯერაც რომ მაყურებინო, მაინც არ შემეძლება მისი შინაარსის მოყოლა. სისულელეა, რასაც ვფიქრობ ის დაგაჯერო. საბოლოოდ, მიხვდები, რომ შეუძლებელია, ცხოვრების თავიდან დაწყება, რომ იმას რაც უკან მოიტოვე, რაც გასვარე, ვეღარაფერს მოუხერხებ, ვეღარც წაშლი, ვეღარც გაწყვეტ, ვერც დაივიწყებ, რომ ის სასწორის ერთი მხარეა, უფსკრულისაკენ გადახრილი, რომელიც თითქოს ფსკერისაკენ დაბადებიდან გექაჩება და მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენაც კი ვერ გექნება, წინ რამდენი გაქვს დარჩენილი, გიჩნდება შანსი, ის მაინც დაფარო სუფთად და აქციო სასწორის მეორე მხარედ, რადგან იმედი მხოლოდ მომავალშია და ის ვერასდროს გახდება წარსული.ღმერთო, როგორი ადვილია შენკენ მომავალი გზის პოვნა და რა ძნელია მასზე შედგომა❤️
0