"ქოლგიანი გიდები" აქციას აანონსებენ

0
გიდები აქცია-ფლეშმობს გამართავენ დევიზით: “ქოლგიანი გიდები" - ჩვენ ვარსებობთ ტურიზმით! ამ აქციით საქართველოს გიდები უნგრელი კოლეგების მიერ, სოციალურ ქსელში სპონტანურად დაგეგმილ ფლეშმობს ეხმაურებიან, რომლებმაც  ბუდაპეშტის ცენტრში შეკრება და covid19-ის გამო შეჩერებული მსოფლიო ტურიზმის სიმბოლური აქციით გამოცოცხლება გადაწყვიტეს. ისინი ანალოგიური ქმედებისკენ  მოუწოდებენ კოლეგებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 30 ივნისს, საქართველოს სამ დიდ ქალაქში - თბილისში (რიყის პარკში), ბათუმში (პიაცას მოედანი) და ქუთაისში (ჩარდახის ბაღი), 12:00  საათზე, ქოლგებიანი გიდები თანაქალაქელებს და ქალაქის სტუმრებს, მონატრებულ მომსახურებას - გიდობას, სრულიად უსასყიდლოდ გაუწევენ. ფლეშმობ-აქციის მიზანია, გიდების პრობლემებისადმი სახელმწიფოს ყურადღების მოპყრობა. ეს არის მცდელობა, შიდა ტურიზმის გააქტიურებისა და მოქალაქეებისთვის გიდის როლისა თუ მნიშვნელობის კიდევ ერთხელ შეხსენებისა. "გვინდა ჩვენი აქციით ხაზი გავუსვათ იმას, რომ ტურიზმი აბსტრაქტული სიტყვა არაა და ამ სექტორში ასიათასობით ადამიანია დასაქმებული. ტურიზმის შეჩერებამ კი უამრავი პროფესიონალი და მათი ოჯახები, გაურკვეველი ვადით, დატოვა შემოსავლების გარეშე. ტურიზმის სექტორის უმთავრესი რგოლის წარმომადგენლები - გიდები, როგორც ყველაზე აპოლიტიკურები, მშვიდობიანი გამოსვლით, გააფერადებენ და აახმაურებენ ძველი ქალაქების ქუჩებს! რატომ ქოლგები?! იმიტომ, რომ ნებისმიერ ამინდში, წვიმაშიც და მზეშიც, გიდები ყოველგვარი ქოლგის გარეშე, ენთუზიაზმით და სტუმრებზე მზრუნველობით შეიარაღებულნი მუშაობენ სტუმრებისთვის დაუვიწყარი შთაბეჭდლების მოსახდენად… ამ შემთხვევაში, ქოლგა, გიდების სტუმრებზე მზრუნველობის ერთგვარი სიმბოლოა… გიდები და მათი ფერადი ქოლგები დასიცხულ, მიძინებულ, უტურისტოდ დარჩენილ ქალაქებს ხალისს შეჰმატებენ და ვიზუალურად ძალიან გამოაცოცხლებენ", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
0