0
ცრემლისა და ღიმილის ბაღს ვქმნი და ვერ გადავწყვიტე, რომელში ვიფუსფუსო უფრო ხშირად. ვერ მოვიფიქრე, სად ავაშენო პატარა ქოხი, რომ მთელი სიცოცხლე იქ გავატარო. ან იქნებ, ორ ბაღს შუა მეცხოვრა. როცა დარდი მომეძალება, ცრემლის ბაღს ვეწვევი და ათასივე ცრემლს დავკრეფ. ჰო, ათასივეს. რამდენი ხანია ვრგავ მათ და მოსავალსაც ხშირად ვიღებ ხოლმე. თუმცა მაინც ვერ გადავწყვიტე სად მინდა ცხოვრება. იქნებ, ახალგაზრდობა ღიმილის ბაღში გამეტარებინა. იქ უფრო მეტი ხე - მცენარე ხარობს. სიხარულის, სიყვარულის და ბედნიერების ყვავილებს ჩავრგავ ქოთანში და წვიმის წყლით მოვრწყავ. აი, მაშინ, როდესაც თმაში თეთრი ფერი შემომერევა, ცრემლის ბაღში გადავალ. ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს კი ღიმილს დავუტოვებ. ასე მგონია, ორივე ადგილი ძალიან მეყვარება. ან როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ის, რასაც საკუთარი ხელით ქმნი. ცრემლის ბაღშიც არის რაღაც განსაკუთრებული. ვგრძნობ როგორ მეყვარება სინანულის ხის ქვეშ, ოდნავ შემჭკნარ ბალახზე ჩამოჯდომა და მოხუცი ჩიტების ჟღურტული. ან ჩემი პატარა სახლიდან წამოსული, ფერმკრთალი და ცხოვრებისაგან დაღლილი სინათლე. ან თუნდაც, წყალობა . . . წყალობა ღვთისა, რომელიც უფალმა დარგო და უნდა გაიზარდოს მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში ჩემივე საქმეებით, რომ მერე სიბერეში დავკრიფო . . . დავტკბე მისი საამო სურნელით. ჯერ აქ ვარ. ღიმილის ბაღს უნდა მოვუარო.
0