ბრიუსელში სექს-წვეულებაში მონაწილეობისთვის ევროდეპუტატი დააკავეს

Tbilisi Daily

Ბრიუსელის ერთ-ერთ ბარში პოლიციამ სექს-წვეულება აღკვეთა და 25 ადამიანი, მათ შორის ევროპარლამენტის წევრი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ რამდენიმე ბელგიური გამოცემა ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, სექს-წვეულება რამდენიმე დღის წინ ქალაქის ცენტრში, ბრიუსელის პოლიციის შტაბ-ბინის მახლობლად გაიმართა. წვეულების 25-ივე მონაწილე, რომელთა უმრავლესობას კაცები წარმოადგენდნენ, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის დააჯარიმეს. როდესაც სამართალდამცველები ადგილზე გამოცხადდნენ, წვეულების მონაწილეები თითქმის შიშვლები იყვნენ. სექს-წვეულებას რამდენიმე დიპლომატი და ევროპარლამენტის ერთი წევრი ესწრებოდა. ევროდეპუტატმა გაქცევა საწვიმარი ღარით სცადა, მაგრამ პოლიციამ ის მაინც დააკავა. ადგილზე სამართალდამცველებმა ნარკოტიკებიც აღმოაჩინეს. მედიის ცნობით, დაკავებული უნგრეთის მმართველი პარტია „ფიდესის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. სავარაუდოდ, ესაა იოჟეფ საერი, რომელმაც გუშინწინ მოულოდნელად თანამდებობა დატოვა.