ირანისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ურთიერთობები - საკვანძო მომენტები

0
ირანის ხელისუფლებამ ორშაბათს, 29 ივნისს, შეერთებული შტატების მიერ ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ათობით თანაშემწის დაკავების ორდერი გასცა. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ახალი ტალღა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა, მსოფლიო ძალებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის 2015 წელს ხელმოწერილი ე.წ. ბირთვული შეთანხმება 2018 წლის მაისში დატოვა. ქვემოთ მოცემულია ის საკვანძო მომენტები, რომელიც ბოლოს განვითარებულ მოვლენებთან არის კავშირში:

2019 წელი

27 დეკემბერი: ერაყში მდებარე ქირქუქის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ სარაკეტო შეტევას 1 ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა; გარდა ამისა დაიჭრა აშშ-ისა და ერაყის შეირაღებული ძალების რამდენიმე წევრი. ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციას საკუთარ განცხადებაში არ დაუზუსტებია განხორციელებული თავდასხმის ავტორები, მაგრამ მოგვიანებით ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა სარაკეტო შეტევის მოწყობაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაცია ე.წ. ქათაიბ ჰეზბოლა (Kataib Hezbollah) დაადანაშაულეს. 29 დეკემბერი: ამერიკელმა სამხედროებმა ე.წ. თავდაცვითი შეტევები განახორციელეს ერაყსა და სირიაში მდებარე “ქათაიბ ჰეზბოლას” რამდენიმე ობიექტზე, რომელიც ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით მონაწილეობდნენ ამერიკელი სამხედროს მკვლელობაში.

2020 წელი

2 იანვარი: აშშ-ის თავდაცვის მდივნის მარკ ესპერის განცხადებით, “არის ხელჩასაჭიდი ნიშნები”, რომ ირანი ან მის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები დამატებითი შეტევების განხორციელებას გეგმავენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ამერიკულ ინტერესებზე. 3 იანვარი: ერაყის აეროპორტის სიახლოვეს, შეერთებული შტატების მიერ უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით განხორციელებულ სარაკეტო შეტევას ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” ე.წ. ყუდსის ძალების ხელმძღვანელი ყასემ სოლეიმანი და ოფიციალური თეირანის მიერ მხარდაჭერილი ერაყის “სახალხო-სამობილიზაციო ძალების” ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ემსხვერპლნენ. 3 იანვარი: განხორციელებული ლიკვიდაციის შემდეგ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ გენერალი სოლეიმანი აქტიურად მუშაობდა გეგმაზე, რომლის მიხედვით, ახლო აღმოსავლეთში წარმოდგენილ ამერიკელ დიპლომატებზე და ოფიციალურ პირებზე თავდასხმებს აპირებდნენ. საპასუხოდ, ოფიციალურმა ვაშინგტონმა პრევენციისა და დასახული მიზნების აღსაკვეთად უკიდურესი ზომები გამოიყენა. 4 იანვარი: დონალდ ტრამპმა ირანის 52 ერთეულ ობიექტზე იერიშის განხორციელება დააანონსა, იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე შეექმნებოდა ამერიკულ ინტერესებს ზემოხსენებულ რეგიონში. 5 იანვარი: ათობით ათასმა “შავებში შემოსილმა” მგლოვიარემ ირანის ქალაქებში - მაშდადსა და აჰვაზში, უკანასკნელ გზაზე გააცილა “ყუდსის ძალების” ლიდერი ყასემ სოლეიმანი. 8 იანვარი: ირანის ხელისუფლებამ ერაყში მდებარე ორ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მასიური სარაკეტო იერიში განახორციელა. ოფიციალური თეირანის პოზიციით, მათ გაეროს 51-ე მუხლის მიხედვით მიიღეს შეტევის გადაწყვეტილება, რომელიც თავის მხრივ “თავდაცვის პროპორციული ზომების გამოყენებას” გულისხმობს. 8 იანვარი: თეირანის აეროპორტიდან აფრენილმა უკრაინის საერთაშორისო ავიაკომპანიის კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რასაც 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 9 იანვარი: პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, გენერალ სოლეიმანის ლიკვიდირება იმ მიზნით მოხდა, რომ იგი ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მდებარე აშშ-ის საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა. 13 იანვარი: ირანის ხელისუფლება თავდაპირველად უარყოფდა ავიაკატასტროფასთან რაიმე სახის კავშირს, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შემდეგ ოფიციალურმა თეირანმა აღიარა, რომ მათ “შემთხვევით” ჩამოაგდეს სამგზავრო თვითმფრინავი. 12 მარტი: აშშ-ის კოალიციის 3 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა ერაყის ე.წ. Taji-ს ავიაბაზაზე და დედაქალაქ ბაღდადის სიახლოვეს განხორციელებულ სარაკეტო შეტევას. 18 მარტი: შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სასანქციო პაკეტი აამოქმედა. ოფიციალური ვაშინგტონის ძირითად სამიზნედ ირანული სანავთობე ინდუსტრია იქცა. 29 მარტი: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა აშშ “ეკონომიკურ და სამედიცინო ტერორიზმში” დაადანაშაულა, მას შემდეგ, რაც ამ ახლო აღმოსავლურ სახელმწიფოში კორონავირუსული ეპიდემია გავრცელდა. 6 აპრილი: Humans Rights Watch-მა მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ სასანქციო პოლიტიკის შემსუბუქებისკენ მოუწოდა, რადგან შეზღუდვები აუარესებდა ოფიციალური თეირანის უნარს, ადეკვატური რეაგირება მოეხდინა COVID-19-ზე. 20 მაისი: აშშ-ში ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტის დაწესება დააანონსეს - ამჯერად სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რადგან ეს სტრუქტურები ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს ახორციელებდნენ. 29 ივნისი: ირანის ხელისუფლებამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცა და ინტერპოლს ამ საკითხში დახმარებისკენ მოუწოდა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #USA #Iran #Trump #conflict #quds #force #arrest #rocket #attacks #interworld
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0