ვინ არის 10 წლის ქართველი გოგონა, რომელიც ლა სკალას გუნდში იმღერებს

0
სალომე ზუხბაია 3 წლის იყო დედამ იტალიაში საცხოვრებლად რომ წაიყვანა. ნიჭიერი სალომე მილანში, ლა სკალის აკადემიის მოსამზადებელ კურსზე – საბავშვო გუნდში ჩასარიცხად 50 ბავშვიდან 13 საუკეთესოში აღმოჩნდა. ორწლიანი კურსის დამთავრების შემდეგ საუკეთესო ბავშვები ლა სკალის გუნდში ხვდებიან. ჟანა ზუხბაია, სალომეს დედა: – აკადემიის გამოცდებისთვის სალომე ვოკალში გიორგი ლომისელმა მოამზადა, ლა სკალის აკადემიის სტუდენტმა. პირველი შემთხვევაა – ათი წლის ქართველი ლა სკალის გუნდში! სალომე ასევე მილანის სახელმწიფო გუნდში მღერის. მონაწილეობს სპექტაკლებსა და კონცერტებში. მადლობა უფალს, რომ მის ასაკში ასეთ წარმატებას აღწევს. 17 თებერვალს მალტის მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ემზადებოდა. სიმღერები და კაბა მზად ჰქონდა, თვითმფრინავის ბილეთები მამა კირიონმა უყიდა. მაგრამ პანდემიამ გეგმა ჩაუშალა. პატარა პატრიოტს ქართული სიმღერა ძალიან უყვარს. ახლახან ინტერნეტში გადააწყდა საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის კონკურსს, სადაც მის მიერ მომზადებული ქართული სიმღერის ვიდეო განათავსა. კონკურსი 25 ივნისს დაიწყო და 6 ივლისამდე გასტანს. 10 წლის სალომე ემოციურად და პატარა გულიდან წამოსული დიდი ემოციით ასრულებს სიმღერას “სხვა საქართველო სად არის”. კონკურსანატები “ლაიქების” სიმრავლით ფასდებიან. სალომემ მოწონება და “ლაიქები” დააგროვა და ლიდერობს კიდეც. ბუნებრივია, მას მაინც სჭირდება ჩვენი გულშემატკივრობა და “ლაიქით” გამოხატული მხარდაჭერა. ამიტომ გადადით ბმულზე და მოიწონეთ სალომე ზუხბაიას “სხვა საქართველო”. გამარჯვებულს ვოკალის პედაგოგი ონლან მასტერკლასს ჩაუტარებს. ჟანა: – ქართულ სიმღერაში რომ მოამზადოს, პედაგოგი აქ არ გვყავს. ამიტომ თავისით ამზადებს და სწავლობს ქართულ სიმღერას. სოფო ბათილაშვილის მიერ შესრულებულ სიმღერებს მღერის. ძალიან მოეწონა “ბაში-აჩუკის” სიმღერა და ისწავლა. ჩვენ აფხაზეთიდან ვართ და მეგრულ სიმღერებსაც სწავლობს. გვეგონა მხოლოდ ქართული სიმღერით უნდა მიეღო ამ კონკურსში მონაწილეობა და თავისით ისწავლა “სხვა საქართველო”. მან აარჩია ეს სიმღერა და კატეგორიული ტონით “გამაფრთხილა”, სხვა სიმღერის შესრულება არც კი მთხოვოო. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ასაკის მიუხედავად, ამ საოცარ გოგოს, ნოსტალგია უტევს და როგორც ამბობს, ამიტომ აარჩია პატრიოტული სულისკვეთების სიმღერა. სალომე: – ჩემი სამშობლო მენატრება და “სხვა საქართველოს” ამიტომ ვმღერი. პატარა კი წამოვედი საქართველოდან, მაგრამ ყველა, ვინც მიყვარს, მანდ არიან. მენატრებიან… ჟანა: – ტირილამდე ენატრება გალი. როცა ჩამოვფრინდებით, პირველად აფხაზეთი უნდა ვაჩვენო… როცა ქართულ სიმღერას მღერის, ქვითინებს. აქაურ ქართველ ბავშვებთან მეგობრობს, არც ერთ ქართულ ღონისძიებას არ ვაკლდებით, ქართველი მომღერლების საღამოები იქნება თუ – “სუხიშვილების” კონცერტი. ყოველგვარი მეტიჩრობის გარეშე გეუბნებით, პატრიოტული სულისკვეთების ბავშვია. რომ ჩავალთ, საქართველოს ჩავეხუტებიო, ამბობს. მარტოხელა დედა ვარ. საბუთები კი მაქვს, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლა, უკან დაბრუნება – თანხებთან არის დაკავშირებული. აფხაზეთი იკეტება, ჩამოვიდე და ჩემები ვერ ვნახო, ხომ დავისტრესებით. დედა და ძმა, პერიოდულად, მილანში ჩამოდიან და გვნახულობენ. წყარო რეზონანსი
0