კავკასიელთა მითოლოგიურ სისტემაში მნიშვნელოვანი და, შეიძლება ითქვას, უპირატესი ადგილი მიწის თაყვანისცემას ეკავა. ეს იყო სხვადასხვა შრეებისაგან შემდგარი ძლიერი კულტი, რომლის ელემენტები ბოლო დრომდე აღინიშნებოდა ხალხის ყოფაში. ამის მიზეზი ის იყო, რომ მიწათმოქმედება დიდ როლს ასრულებდა კავკასიის მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში. ეს რეგიონი ერთ-ერთია, სადაც ძალიან ადრე ჩაისახა მიწათმოქმედება, რაც განაპირობებდა ადამიანის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ხთონურ ღვთაებებთან. ცნობილია, რომ კულტურის შემქმნელნი მიწათმოქმედი ხალხები იყვნენ და ამას სიტყვა `კულტურის~ თავდაპირველი მნიშვნელობაც ადასტურებს (ლათინურ ენაზე ეს სიტყვა `მიწის დამუშავებას~ ნიშნავდა).
ერთ ადგილზე მკვიდრი ცხოვრება თავისთავად გულისხმობდა იმ სივრცის `ათვისებას~, სადაც დასახლდა ადამიანი და შექმნა არსებობისთვის აუცილებელი გარემო.
სივრცის, ე. ი. მიწის მოშინაურებაში იგულისხმება ხთონური ღვთაებების არა უბრალოდ თაყვანისცემა, არამედ მათთან ყოველდღიური ურთიერთობა, რამაც ხელი შეუწყო მიწის ღვთაებებზე წარმოდგენენის განვითარებას. მათი იერარქიული დაჯგუფებით იწყება რელიგიის, როგორც სისტემის ჩამოყალიბება. ხთონურ ღვთაებათა ჯგუფი სამწევრიანია: დედამიწა, ადგილის დედა და კერიის ღვთაება, იგივე ფუძის ანგელოზი. მათი საერთო ნიშნებია ღვთაებრივი არსი, მდედრობითობა, ნაყოფიერების ფუნქცია და ადამიანის მფარველობა. ისინი განსხვავდებიან ძალმოსილებითა და მოქმედების მასშტაბებით. მათში მთავარი და წარმმართველია მიწის ღვთაება (დედა მიწა _ ყოვლისმშობელი), რომელსაც ექვემდებარება ორი დანარჩენი. ფუძის ანგელოზი ყველაზე უფრო ახლოსაა ადამიანთან და უფრო მაღალი რანგის ღვთაებებთან შუამდგომლობს მას.
opinion
საინტერესო მითოლოგია