დიდი ბრიტანეთი პირველი იწყებს AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დღეიდან დიდ ბრიტანეთში იწყება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული პრეპარატითაც. გაერთიანებული სამეფო მსოფლიოში პირველი სახელმწიფოა, რომელმაც ოფიციალურად გასცა ამ ვაქცინის გამოყენების ნებართვა და მისი გამოყენება დაიწყო. დიდ ბრიტანეთში თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს ვაქცინაცია ამერიკულ-გერმანული Pfizer/BioNTech-ის პრეპარატით. ჯერჯერობით აცრას უკეთებენ რისკ-ჯგუფების წარმომადგენლებს - მედიკოსებს, სოციალურ მუშაკებს და ხანდაზმულებს. გასული კვირის ბოლოსთვის უკვე აცრილი იყო მილიონზე მეტი ადამიანი. AstraZeneca-ს ვაქცინის უპირატესობა იმაშია, რომ მისი შენახვა შესაძლებელია სტანდარტულ მაცივარში, განსხვავებით Pfizer/BioNTech-ის პრეპარატისგან, რომელსაც -70 გრადუსი სჭირდება. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ  შეუკვეთა ოქსფორდის უნივერსიტეტის და AstraZeneca-ს ვაქცინის 100 მილიონი დოზა, რაც საკმარისი იქნება 50 მილიონი ადამიანის ასცრელად. Pfizer/BioNTech-ის პრეპარატთან ერთად ვაქცინაცია სრულად მოიცავს გაერთიანებული სამეფოს 57 მილიონიან მოსახლეობას. დიდი ბრიტანეთის მთავრობას იმედი აქვს, რომ ორი პრეპარატის გამოყენება ვაქცინაციის პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს. BBC-ის ინფორმაციით, მთავრობამ ვაქცინაციის გეგმა შეცვალა და პირველ და მეორე აცრას შორის ინტერვალი სამი კვირიდან სამ თვემდე გაზარდა, რადგან მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია პირველი დოზით აიცრას რაც შეიძლება მეტი ადამიანი. Covid-19-ისგან ძირითად დაცვას სწორედ პირველი აცრა წარმოშობს, მეორე კი უფრო მეტად განსაზღვრავს ვაქცინის მოქმედების ხანგრძლივობას. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით უკევ დაინფიცირდა 2.6 მილიონზე მეტი ადამიანი. Covid-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 75 ათასს აჭარბებს. ბოლო ხანს გაერთიანებულ სამეფოში გავრცელდა კორონავირუსის ახალი შტამი, რომლის გამოც ქვეყნის დიდ ნაწილში მკაცრი კარანტინია გამოცხადებული. https://www.radiotavisupleba.ge/a/31032353.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები