ტამიშის დესანტი - წარმატებული ოპერაციით კატასტროფასთან მიახლოვება.

0
თავი I 1993 წლის 16 მარტს ქართულმა მხარემ წარმატებით მოიგერია სოხუმზე მასირებული შტურმი, რომელიც უშუალოდ რუსეთის გენშტაბის გენერლების მიერ იყო დაგეგმილი. შედეგად სხვადასხვა მონაცემებით აფხაზურმა მხარემ 400-დან 1000-მდე მებრძოლი დაკარგა. საგულისხმოა, რომ აფხაზურ მხარეს ამხელა მსხვერპლი არც ერთ სხვა ოპერაციაში არ უნახავს და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ის სწორედ აფხაზების მიერ ქართველებზე თავდასხმის დროს მოხდა და არა ქართველების მიერ აფხაზებზე თავდასხმისას. მარტის შტურმის შემდეგ ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს უკვე რუსული რეგულარული ჯარის ნაწილები იბრძოდნენ, რა დროსაც იყენებდნენ სამხედრო ავიაციას, არტილერიას და თანამედროვე კავირგაბმულობის საშუალებებებს. რაც მთავარია ოპერაციები ტარდებოდა კვალიფიციურად მომზადებული სამხედრო გეგმების მიხედვით. ზოგადად რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა აფხაზეთის ომში ძალიან სპეციფიური მეთოდით ხდებოდა, ვინაიდან რუსეთი აიარაღებდა, როგორც ქართულ მხარეს ისე სეპარატისტებს, ამ თემაზე როგორც წესი ქართული მხარე გაურბის საუბარს, თუმცა ფაქტია, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი სულფიან ბიპპაევი აქტიურად ემუშავებოდა ქართულ მხარეს და არწმუნებდა, რომ აფხაზებთან მოლაპარაკების გზით შედეგის მიღწევა შეუძლებელი იყო და საჭირო იყო სამხედრო ოპერაციის ჩატარება, რისთვისაც საჭირო შეიარაღების და ინსტრუქტორების გამოყოფას თავად უზრუნველყოფდა (იგივე ფუნქციას ასრულებდა ყარაბახის კონფლიქტში, აზერბაიჯანული მხარეს). საწყის ეტაპზე სულფიან ბიპპაევის დახმარებით რუსეთის გენშტაბმა მართლაც გამოყო ინსტრუქტორთა ჯგუფი (რომლებიც ეტაპზე არც არაფრით გვეხმარებოდნენ და პირიქით სადაზვერვო ინფორმაციებს აწვდიდნენ ხელმძღვანელობას) და გადმოგვცა აფხაზებთან შედარებით გაცილებით დიდი შეიარაღება, თუმცა კონფლიქტის დაწყებიდან ორ თვეში უკვე ჩვენ მხარეს შეუმცირა შეიარაღება (1992 წლის ბოლოს საერთოდ შეწყვიტა მოწოდება, გაიწვია ინსტრუქტორებიც) და აფხაზურ მხარეს გაუზარდა, ამავე დროს კრიტიკულ მომენტებში მათ ეხმარებოდა ავიაგამანადგურებლებით და არტილერიით, რასაც ქართული მხარისათვის არ აკეთებდა. ამავე დროს ზედაპირულად ცდილობდა არ გამოჩენილიყო კონფლიქტში აფხაზი სეპარატისტების ღია მხარდამჭერად, ამისათვის რუსეთის გენშტაბმა კონფლიქტამდე დიდი ხნით ადრე მოიძია კავკასიაში მცხოვრები ოფიცრები, რომელთაც ზუსტი ინსტრუქციები წინასწარ ქონდათ მიღებული, ისე რომ კონფლიქტის დაწყების მეორე დღეს 1992 წლის 15 აგვისტოს მათი პირველი ჯგუფი უკვე გუდაუთაში ჩავიდა. პარალელურად აფხაზეთის დასახმარებლად შეიქმნა ე.წ. სამობილიზაციო შტაბები, რომლებიც 1992 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებდა მოსკოვში, პეტერბურგში, მაიკოპში, ნალჩიკში, გროზნოში, კრასნოდარში და სხვა ქალაქებში, სადაც უშუალოდ რუსეთის ფედერაციის გენ.შტაბის დაფინანსებით კრიბავდნენ უსამსახუროდ დარჩენილ კვალიფიციური სამხედროების ჯგუფებს, აიარაღებდნენ და უზრუნველყოფდნენ მათ ტრანსპორტირებას კონფლიქტის ზონაში, უპირატესობა ენიჭებოდათ კავკასიური წარმომავლობის პირებს. ოფიციალურად ამ საქმიანობას ეწეოდა რუსეთის ფედერეაციის უშიშროების სამსახურის მიერ შექმნილი ორგანიზაცია „მთიელ ხალხთა კონფედერაცია“. კონფლიქტის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ მხოლოდ დაქირავებული ბოევიკებით ვერ შეასრულებდნენ დასახულ ამოცანებს, ამიტომ კონფლიქტში აფხაზურ მხარეს მოქმედი რუსი სამხედრო ოფიცრებიც მოავლინეს, რომლებიც იმ შემთხვევაში თუ ცოცხალი ან მკვდარი ქართველებს ჩაუვარდებოდნენ ხელში (და ასეთი რამდენიმე ათეული შემთხვევა მოხდა), მათ პირად საქმეებს უკანა თარიღებით ურთავდნენ ბრძანებებს რუსეთის არმიის რიგებიდან გათავისუფლების შესახებ, შედეგად ისინი ასაჯაროებდნენ ასეთ დოკუმენტებს და მათ უკვე მოიხსენიებდნენ, როგორც ყოფილი რუსეთის ფედერაციის სამხედროები. სწორედ ასეთი იაფფასიანი თაღლითობით იყო დაკავებული რუსეთის ფედერაციის გენშტაბი. 1993 წლის მარტში აფხაზური მხარე რუსეთის სამხედრო „მხარდაჭერის“ პირობებში არ ელოდა ასეთ მძიმე მარცხს და თითქმის ერთი კვირა ვერ გამოვიდა შოკიდან (აღსანიშნავია, რომ მარტის შეტევის რუსული გეგმა ქართულმა სამხედრო დაზვერვამ მოიპოვა წინასწარ (თუ სპეციალურად გადმოგვცეს რუსებმა დღემდე გაურკვეველია)). სწორედ ამ დროს დაიკარგა მთელი ომის განმავლობაში ერთადერთი თეორიული შანსი, აფხაზეთში წარმოებული სამხედრო კამპანია ქართული მხარის გამარჯვებით დასრულებულიყო. დღემდე ბუნდოვანია საკითხი თუ რა მიზეზების გამო არ განახორციელა ქართულმა მხარემ კონტრშეტევა გუდაუთის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ 17 მარტს კონტრშეტევის გეგმის ძირითადი მონახაზი უკვე წარმოდგენილი ჰქონდა ქართულ სარდლობას (კვალიფიციური სამხედრო ოპერაციების გეგმები იშვიათობა იყო მთელი ომის განმავლობაში) და საჯარისო ნაწილებიც მზადყოფნას აცხადებდნენ. როგორც სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი გელა ჩარკვიანი თავის წიგნში „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ აღწერს, მარტის ოპერაციის დასრულებისთანავე შევარდნაძეს დაურეკა რუსეთის გენ.შტაბის გენერალმა (სავარაუდოდ გენშტაბის ხელმძღვანელმა პაველ გრაჩოვმა), რომელმაც პირდაპირი ტექსტით დაიმუქრა, რომ იმ შემთხევაში თუ ქართული ნაწილები კონტრშეტევას დაიწყებდნენ, თავად დაჯდებოდა ავიაგამანადგურებელზე და თბილისს გაასწორებდა მიწასთან. ამ თუ სხვა მიზეზების გამო ქართულმა მხარემ კონტრშეტევა არ განახორციელა და პოზიციები ისევ მდინარე გუმისთის მარცხენა სანაპიროზე დატოვა. აფხაზურმა მხარემ კვლავინდებურად დახმარებისათვის კრემლს მიმართა, ვინაიდან სწორედ მათი ინიციატივითა და გარანტიებით ჩაებნენ აფხაზები მანამდე არსებულ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო ოპერაციაში და სრული კრახის შემდეგ პრეტენზიები სწორედ რუსების მიმართ გაუჩნდათ. 1993 წლის 23 მარტს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დავმჯდომარე სეპატატისტი ვლადისლავ არძინბა უშუალოდ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა მიიღო კრემლში და ყოველმხრივ დახმარებას დაჰპირდა. არძინბა კავკასიური ვირეშმაკობით ცდილობდა რუსეთის პრეზიდენტი პროაფხაზურად განეწყო, ამისათვის გუდაუთაში მყოფ სეპარატისტული მთავრობის წევრებს მისი ვიზიტის პარალელურად მიმართვაც კი გააგზავნინა კრემლში (1993 წლის 23 მარტს დათარიღებული) სადაც აფხაზური მთავრობა ითხოვდა აფხაზეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციაში მიღებას (მანამდე ლენინური იდეების ერთგულებას ეფიცებოდა მოსკოვს და საბჭოთა კავშირის დაშლის წინააღმდეგ აქტიურობდა). რამდენიმე დღეში მოსკოვიდან დიდი დელეგაცია ჩამოვიდა აფხაზეთში, საკითხის შესასწავლად და ქართული მხარე დაითანხმა დაედო ახალი სამშვიდობო შეთანხმება. ახალი შეთანხმება 1993 წლის 14 მაისს გაფორმდა, რომელიც გულისხმობდა 20 მაისიდან ძალების დაშორიშორებას და ცეცხლის შეწყვეტას. მიუხედავად შეთანხმებისა პოზიცური ბრძოლები მაინც გაგრძელდა, თუმცა მას მაშტაბური ხასიათი ივლისის თვემდე აღარ ქონია. ქართული მხარე ჩაერთო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მოქმედი კომისიის რუტინულ და არაფრისმომცემ მოლაპარაკებებში და რეალურად ყურადღება მოადუნა, შეათხელა პოზიციებზე მყოფი სამხედროების რაოდენობა, სოხუმის ჩრდილოეთით სოფლებიდან გამოიყვანა მძიმე ტექნიკაც და შეიარაღებული ძალებიც. 1993 წლის მაისის ბოლოს სეპარატისტული აფხაზეთის თავდაცვის მინისტრმა სულტან სოსნალიევმა (რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკი, ეროვნებით ყაბარდოელი, 15 აგვისტოს მიავლინეს გუდაუთაში), რუსეთის გენ.შტაბიდან ახალი შეტევის გეგმა მიიღო. ოპერაციას „ქარიშხალი 777“ დაერქვა, რომელიც ჩვენთან „ტამიშის დესანტის“ სახელწოდებით არის ცნობილი, თუმცა ეს უკანასკნელი ტერმინი არ ასახავს მრავალი მიმართულების მქონე ოპერაციის რეალურ სურათს. მაისის თვეშივე გუდაუთაში სპეციალური დავალებით ჩამოვიდნენ რუსი ოფიცრები, რომლებმაც სულტან სოსნალიევს ქართული პოზიციების აერო.ფოტოები ჩაუტანეს, სადაც დეტალურად ჩანდა ქართული მხარის მძიმე ტექნიკის, საარტილერიო დანადგარების, სანგრების, სამეთაურო შტაბების და ა.შ. მდებარეობა. საგულისხმოა, რომ აერო.ფოტოები მხოლოდ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის თანხმობით გაიცემოდა, შესაბამისად ცხადია თუ რა დონეზე მზადდებოდა შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. თავად ოპერაცია მანამდე განხორციელებულ შეტევებში დაგროვილი გამოცდილების და დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით, მოიცავდა რემდენიმე მიმართულებას, რომელთაგან ძირითადი მიზანი სოხუმის ჩრდილოეთით პოზიციების დაკავება გახლდათ და თავად ოპერაცია სოხუმზე საბოლოო შტურმისთვის მოსამზადებელი ფაზა იყო. თუ ოპერაციას კარგად გავაანალიზებთ, იგი ძველი აღმოსავლური საბრძოლო პრინციპით დაიგეგმა „ხმაური აღმოსავლეთში, დარტყმა დასავლეთში“, რაც გულისხმობს მოწინააღმდეგის ძალების არასწორ ადგილზე კონცენტრაციის უზრუნველყოფა-იძულებას, რისი საბოლოო ამოცანაცაა თავდასხმის ნამდვილი ადგილის შენიღბვა. შეტევის პირველი მიმართულება ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალის ჩაკეტვა-კონტროლი, მეორე და მთავარი კი სოხუმის ჩრდილო-დასავლეთ პოზიციებზე დაკავება იყო. თავად ამ მიმართულებასაც ჰქონდა ცალკე ორი ქვე მიმართულება, რომელიც გულისხმობდა სოხუმის დასავლეთით გუმისთის ფორსირებას ეშერის ხიდის მიმდებარედ, რათა ქართული ძალების კონცენტრაცია იქ მომხდარიყო და ძირითად მიმართულებაზე სოხუმის ჩრდილოეთით შრომა-კამანის არეალში ნაკლები წინააღმდეგობა შეხვედროდათ. ოპერაციის მოსამზადებლად რუსულ-აფხაზურმა მხარემ სამშვიდობო შეთანხმების პირობებით ისარგებლა, ისე რომ ერთი წუთითაც არ შეუჩერებია მომავალი ოპერაციის მოსამზადებელი სამუშაოები და არც ჰქონია სურვილი სამშვიდობო პროცესის განვითარების. მაისის თვეში ადიღეას დედაქალაქ მაიკოპში საიდუმლო შეხვედრა გაიმართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბორის პასტუხოვსა და სეპარატისტთა ლიდერ სოკრატ ჯინჯოლიას შორის. აფხაზებმა სოხუმის ჩრდილოეთით სამხედრო-საინჟინრო ჯგუფების დახმარებით ყოფილი სატყეო-მეურნეობის გზების გამოყენებით, მდინარე გუმისთის დასავლეთ შენაკადთან შემოვლითი გზის აღდგენა-გაჭრა დაიწყეს. ვინაიდან საერთო ოპერაციაში უნდა ჩართულიყო ტყვარჩელის დაჯგუფებაც ე.წ. „აღმოსავლეთის ფრონტზე“ ტყვარჩელში არსებულ აფხაზურ შენაერთებთან მოაწესრიგეს კომუნიკაციის არხები, ხოლო უშუალოდ ახალი ოპერაციის გეგმის ტყვარჩელში ჩატანა სულტან სოსნალიევის დავალებით ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ვალერი აიბას დაევალა. აიბას გაუკეთდა სამშვიდობო მოლაპარაკებების მონაწილის ყალბი საბუთები, სოხუმის გავლით სრულიად უპრობლემოდ გადავიდა ტყვარჩელში, ჩაიტანა ახალი ოპერაციის გეგმა და ადგილობრივ სარდლობასთან დეტალურად გაიარა ოპერაციის ყველა წვრილმანი. რუსეთის ფედერაციიდან პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ოპერაციის სპეციფიკის შესაბამისი შეიარაღების შემოტანა, როგორც ფსოუს საზღვრიდან სარკინიგზო გზით, ისე საავიაციო საშუალებებით, გუდაუთის აეროდრომის გამოყენებით. ასევე ტყვარჩელის დაჯგუფების შესაიარაღებლად აფხაზებს გადაეცათ მცირე ზომის შვეულმფრენები, რომლებიც გუდაუთიდან რუსეთის ფედერაციის გავლით გადადიოდნენ ტყვარჩელში, მართალია ე.წ. „კუკურუზნიკებს“ ტვირთამწეობა მცირე ქონდათ, თუმცა მაინც მოხერხდა ტყვარჩელში გარკვეული რაოდენობის შეიარაღების, ინსტრუქტორების გადაყვანა და დაიწყო აფხაზთა წვრთნისა და მომზადების პროცესი. 18 ივნისს რუსული მხარის დაჟინებული მოთხოვნით, ტყვარჩელში შევიდა ე.წ. „ჰუმანიტარული კოლონა“, რომლშიც რუსების განცხადებით პირველადი მოხმარების საკვები და სამედიცინო საშუალებები იყო განთავსებული, თუმცა ქართულ მხარეს არ მიეცა იმის საშუალება, რომ გაეკონტროლებინა ტვირთის შიგთავსი, შემდგომში გაირკვა, რომ ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად იარაღი და საბრძოლო მასალებიც შევიდა დანიშნულების ადგილზე, ტრადიციული რუსული მეთოდით. გარდა ამისა ტყვარჩელის დაჯგუფება საკმაოდ ეფექტურად ესხმოდა თავს ოჩამჩირიდან სოხუმში მიმავალ პატარა ქართულ ჯგუფებს და იარაღისა და ამუნიციის საკმაოდ რაოდენობას მოუყარა თავი. სამშვიდობო მოლაპარაკების ჯგუფებში ჩართულ აფხაზებს და რუსებს ევალებოდათ ოპერაცია „ქარიშხალი 777“ მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებამდე გაეწელათ მოლაპარაკებები. 30 ივნისს სულტან სოსნალიევს უკვე მიღებული ჰქონდა მზადყოფნის შესახებ პატაკი გუმისთის პოზიციებიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციიდან მოვლენილი ჩერქეზი პროფესიონალი სამხედრო მუჰამედ კილბა; ტყვარჩელის დაჯგუფებიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა მერაბ ქიშმარია და დესანტის მხრიდან რომელსაც ხელმძღვანელობდა ზაურ ჭანტოს ძე ზარანდია. 1993 წლის 1 ივლისს, ხუთშაბათ დღეს 21:00 საათზე რუსულ-აფხაზურმა მხარემ ოპერაცია დაიწყო, გუდაუთიდან გამოვიდა საზღვაო ბარჟა „გუმა“ და სადესანტო ხომალდი „პროექტ 105რ“ რომალთაც შენიღბვის მიზნით რამდენიმე კატერი აცილებდათ. სოხუმის სამხედრო შტაბის რადიომეტრისტებმა მცურავი საშუალებები მაშინვე შენიშნეს და ამის შესახებ ინფორმაცია ქართული შეიარაღებული ძალების მეორე საარმიო კორპუსის ოპერატიულ შტაბს მოხსენდა, თუმცა ამას არანაირი რეაგირება არ მოჰჰყოლია. დესანტის შემადგენლობა სხვადასხვა მონაცემებით 300-დან 600 კაცამდე იყო (ყველაზე სარწმუნო წყაროებით 350 კაცს არ აღემატებოდა). დადასტურებულია, რომ დესანტის შემადგენლობაში იყვნენ დონის და ყუბანის კაზაკების 100 პროფესიონალი მებრძოლი, შამილ ბასაევის ჩეჩნური დაგჯუფებიდან არჩეული 30 მებრძოლი, თურქეთში მცხოვრები აფხაზურის დიასპორიდან 25 კაცი, დნესტრისპირეთიდან მოვლენილი რუსული სპეც.დანიშნულების ბატალიონი „დელფინის“ ელიტარული ოფიცრებით დაკომპლექტებული 8 კაციანი ჯგუფი, ჩრდილოეთ კავკასიელთა რაზმი 50 კაციანი შემადგენლობით, რუსული რეგულარული არმიის 20 კაციანი ოფიცერთა ჯგუფი, სპეცდანიშნულების ბატალიონი „ედელვაისის“ 50 კაციანი ჯგუფი, ოჩამჩირის რაიონის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები პირები, რომლებიც ტამიშს და მიმდებარე ტერიტორიას კარგად იცნობდნენ. ქართული ნაწილების მიერ კონტროლირებად საზღვაო აკვატორიაში პირველი ხომალდი 2 ივლისს 03:00 საათზე გამოჩნდა, ქართულმა სარდლობამ გემის წარმომავლობაზე ინფორმაცია ოჩამჩირის რუსულ პორტში გადაამოწმა, რუსებმა განუცხადეს, რომ ეს იყო მშრალი ტვირთის გემი „გელენჯიკი“ რომელიც ბათუმის მიმართულებით მიდიოდა და გაურკვეველი ტექნიკური პრობლემების წარმოშობის გამო ცდილობდა ნაპირთან მოახლოვებას. რამდენიმე წუთში კიდევ სხვა მცურავი საშუალებებიც გამოჩნდნენ. მალე ცხადი გახდა, რომ მათ მშვიდობიანი მიზნები არ გააჩნდათ, რაც ქართული მხარისათვის სრულიად მოულოდნელი იყო. დიდი დრო დასჭირდა იმის გარკვევას თუ ვის ეკუთვნოდა ხომალდი, რა მარშუტით გადაადგილდებოდა, ამავე დროს ქართული მხარე ხვდებოდა, რომ ხომალდისათვის ცეცხლის გახსნა სამშვიდობო შეთანხმების ცალსახა დარღვევას ნიშნავდა და ისედაც ქაოსში მყოფ ქართულ ნაწილებს გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდათ (ამ დროს ალბათ იმოქმედა იმ ფაქტორმაც, რომ ქართული მხარის მიერ 1992 წლის 14 დეკემბერს დაშვებულ იქნა საბედისწერო შეცდომა, პირდაპირ შეიძლება ითქვას ჩადენილ იქნა დანაშაული, ვინაიდან ტყვარჩელიდან მომავალი რუსული ვერტმფრენი იქნა ჩამოგდებული, სადაც ძირითადად ეთნიკური აფხაზები 35 ბავშვი და 30 ქალი გარდაიცვალა. თუმცა ამ შემთხვევაშიც ბევრი საეჭვო დატალი იკვეთება). 2 ივლისს გამთენიისას შეთანხმებული გეგმის შესაბამისად ტყვარჩელის 800 კაციანმა დაჯგუფებამაც დაიწყო ზღვის მიმართულებით დაშვება, ათამდე ერთეული სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკის თანხლებით და თითქმის დაბრკოლების გარეშე გამოიარა წესით ქარველების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დიდი ნაწილი, ამას გარდა აფხაზურმა მხარემ 1200 კაცის მობილიზება და ფრონტის ხაზზე გამოყვანა შეძლო ოჩამჩირე-სოხუმის გზის მთელ ჩრდილოეთ პერიმეტრზე. საერთო გეგმის ფარგლებში 2 ივლისს გამთენიისას გუმისთის პოზიციებიდან მასირებული შეტევის იმიტირებისათვის მდინარის ფორსირება დაიწყო აფხაზთა 18 კაციანმა სპეც.ჯგუფმა, რომელსაც თითქმის ერთი თვე მდინარე ბზიფზე ავარჯიშებდნენ რუსი ინსტრუქტორები, მდინარის სწრაფად გადალახვასა და ნაპირზე პლაცდარმის მოწყობაში. თუმცა იმ დღეს გუმისთამ ქართველები საიმედოდ დაიცვა, ძალიან ადიდდა და დინებაც არნახულად სწრაფი იყო, ცურვაში ბავშვობიდან გაწაფულმა აფხაზმა მებრძოლებმა (რომელთაც აფხაზმა ერმა „სმერტნიკები“ შეარქვა წინასწარ) მდინარეში მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეძლეს და დინებამ ისინი ისე გაიტაცა, რომ ძირითადი აღჭურვილობაც დაკარგეს და ორი მათგანი დახჩობას მედ.დებმა ძლივს გადაარჩინეს. გუმისთის ნაწილში ოპერაცია იმ დღეს ჩაეშალათ. დაახლოებით 2 ივლისს 03:30 საათზე ტყვარჩელის აფხაზურმა ფორმირებებმა საავტომობილო გზა გადაკვეთეს. დაჯგუფების პირველად ამოცანას ზღვის სანაპიროზე დესანტის გადმოსასხმელად ზუსტი ადგილის მითითება-კორექტირება და უსაფრთხო დერეფნის შექმნა იყო, სამწუხაროდ ზღვის სანაპირო ზოლიც ფაქტიურად არ კონტროლდებოდა, რის შესახებაც აფაზურ მხარეს სადაზვერვო ინფორმაცია ჰქონდა და სწორედ ყვლაზე დაუცველი წერტილები იქნა შერჩეული შესატევად. სეპარატისტები გვერდს უვლიდნენ ქართულ ნაწილებს და მხოლოდ შემთხვევით გამვლელების განეიტრალებას ახდენდნენ, ისე რომ მასშტაბურ შეტაკებებს ერიდებოდნენ, შედეგად ტყვარჩელის დაჯგუფებამ ზღვის ზოლში დერეფანი შექმნა და გაამაგრა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა უბრალოდ ცარიელი სივრცეების დაკავებით და არა ქართული ნაწილების განადგურების შედეგად, რასაც აფხაზური მხარე წლებია ამტკიცებს. საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა ვთქვათ, კონკრეტული ამოცანა ტყვარჩელის დაჯგუფებამ რამდენიმე საათში შეასრულა. დეორგანიზებულმა ქართულმა ნაწილებმა ინფორმაცია მიიღეს ზღვიდან დესანტის მოსალოდნელი გადმოსხმის თაობაზე, მათ ჯერ არაფერი იცოდნენ გარკვეულ მონაკვეთებში, როგორც ფლანგიდან ისე ჩრდილოეთიდან მტრის მოახლოების შესახებ. სულ ცოტა ხანში ზღვის მხრიდანაც იგივე მოელოდათ. ქართული ჯარის სარდლობამ დაახლოებით ხუთი საათისთვის მიიღო გადაწყვეტილება გემებისთვის საარტილერიო ცეცხლი გაეხსნათ, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. საარტილერიო ცეცხლმა მხოლოდ დროებით შეაფერხა დესანტის გადმოსხმის ოპერაცია. 05:30-საათზე სოფელ ნაოჩთან დესანტმა პირველი ჯგუფის გადმოსხმა დაასრულა და სწრაფად დაიწყო პოზიციების დაკავება-გაფართოვება. ნაპირზე ფორსირების მონაკვეთში დესანტის მხარდასაჭერად რუსეთის არმიის ორმა სუ-27 ტიპის ავიაგამანადგურებლებმა დაიწყო მანევრირება. რუსულ-აფხაზურმა ფორმირებებმა პირველი დარტყმა ტამიშის, ზემო კინდღის და ლაბრის მიდამოებში განახორციელეს, მხოლოდ დღის პირველ ნახევარში ქართულმა მხარემ 250-ზე მეტი სამხედრო პირი დაკარგა, მათ შორის განსაკუთრებით დაზარალდნენ ორხევის, დუშეთისა და, ჩოლოყაშვილის ბატალიონები, შავნაბადასა და ავაზას ნაწილები. შინაგანი ჯარის ოცეული, რომელმაც ჩრდილოეთიდან მიიღო დარტყმა მთლიანად იქნა პოზიციებზე განადგურებული. ტყვარჩელის დაჯგუფებამ საერთო გეგმის მიხედვით მთელ საგზაო პერიმეტრზე გახსნა ცეცხლი, პარალელურად გაგზავნა დივერსიული ჯგუფი, რომელსაც დაევალა მდინარე კოდორზე არსებული ხიდის აფეთქება, თუმცა ქართულმა ნაწილებმა შენიშნეს ისინი და მათი ძირითადი ნაწილი გაანადგურეს. რამდენიმე საათში სეპარატისტების მეორე გემი შემოვიდა სოფელი ნაოჩის მიმდებარედ სანაპიროზე თემურ ხახუტას-ძე ნადარაიას ხელმძღვანელობით, საიდანაც შეარაღებაში საარტილერიო დანადგარები და სხვა სახის საჭირო შეიარაღება შეემატათ, რითაც შემდგომში სოხუმის აეროპორტის ასაფრენი ბილიკიც კი დაბომბეს. თუმცა ქართულმა არტილერიამ ინტენსიური, მაგრამ არაზუსტი ცეცხლით საშუალება არ მისცა მეორე გემს სრულად გადმოეტვირთა საბრძოლო მასალები. მიუხედავად ამისა იარაღის დანაკლისი დესანტმა მალევე განადგურებული ქართული ნაწილების შეიარაღებით შეივსო, მათ შორის 3 ერთეული ტანკი ტ-55 ჩაიგდეს ხელთ. 2 ივლისს შუა დღეზე დესანტმა ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი ჩაკეტა და მისი კონტროლი დაიწყო. ქართული მხარე მსგავსი მასშტაბის სამხედრო პროფესიული თვალსაზრისით გამართულ ოპერაციას არ ელოდა, არ ელოდა რომ რუსული მხარე ასეთი დაჟინებული მოთხოვნის და ჰუმანისტური იდეების პროპაგანდირების შემდეგ ასე ცინიკურად დაარღვევდა სამშვიდობო შეთანხმებას, რომ ყოველდღიურად სამშვიდობო პირობებზე მომუშავე აფხაზური მხარის წარმომადგენლები ასეთ ტყუილებს იკადრებდნენ. ამ ყველაფერს ემატებოდა ის, რომ ქართულ ჯარში მორღვეული იყო ყოველგვარი დისციპლინა, ჩვენი ჯარისკაცების გარკვეული ნაწილი გართული იყო ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობით, პოზიციებზე ჯარისკაცების დამატება და მოხსნა (უფრო მოხსნა) ხდებოდა თითქმის უკონტროლოდ. სტატიის ავტორი : გიორგი გიგინეიშვილი
0