კარანტინში ექიმი გოგონებს ავიწროებდა? - რა დასკვნა დადო ომბუდსმენმა

0
საქართველოს სახალხო დამცველმა ექიმის მხრიდან კარანტინში მყოფი ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ექიმმა, რომელთანაც ხელშეკრულება სოციალური მომსახურების სააგენტოს ჰქონდა დადებული, ქალის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქმედებები განახორციელა. საქმეში არსებული მასალების, მხარეების და მესამე პირების, მათ შორის, ექიმების გამოკითხვის და შესაბამისი უწყებებიდან მიღებული პასუხების საფუძველზე, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ სექსუალური შევიწროება გამოვლინდა სამივე ფორმით სიტყვიერი, არასიტყვიერი და ფიზიკური ქცევით, რამაც ქალს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო შეუქმნა. სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა ექიმს; ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგსა და ჯანდაცვის სამინისტროს გაითვალისწინონ სექსუალური შევიწროების გამოვლენის რისკები და ექიმებს მიეწოდოთ ინფორმაცია სექსუალური შევიწროების დაუშვებლობასთან დაკავშირებით. საქმე რომელზეც სახალხო დამცველი საუბრობს On.ge-მ სტატია 9 აპრილს მოამზადა. ქალი მარიამ ქ. ყვებოდა, რომ მარნეულის სასტუმროს კარანტინში გასინჯვის დროს ექიმმა იგი სექსუალურად შეავიწროვა. 29 წლის მარიამ ქ. საქართველოში ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის გავლით 24 მარტს, დილით შემოვიდა. ის მარნეულის სასტუმროს კარანტინში მოათავსეს. მარიამი On.ge-სთან ამბობს, რომ მთელი დღის განმავლობაში არავის გაუსინჯავს და არც ტემპერატურა გაუზომეს, ექიმის კონსულტაცია კი ღამის საათებში შესთავაზეს. სპეციალისტი მის ნომერში საღამოს 10 საათისთვის შევიდა. თავდაპირველად კორონავირუსის სიმპტომების არსებობით დაინტერესდა, რაზეც მარიამმა უპასუხა, რომ არაფერი აწუხებდა. "საბაბი არ მიმიცია, რომ ჩემზე რამე განსაკუთრებული კვლევა ჩაეტარებინა. დაიწყო ყელის დათვალიერება, მერე სასუნთქი გზები უნდა გავსინჯოთო. გზადაგზა მეკითხებოდა, უი, რამდენი წლის ხარ, სად სწავლობ. ასე ღიად არ მაწვებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც ისე არა იყო. მერე მითხრა, ზედა უნდა გაიხადო, რომ სუნთქვა შევამოწმოთო. ეგ ჩვეულებრივ ამბად მივიჩნიე, მაგრამ თავი უკვე უხერხულად ვიგრძენი. ვუთხარი, ლიფს ჩავიცვამ და მოვალ-მეთქი", — ამბობს მარიამი. ის ჰყვება, რომ შემდეგ ექიმმა, გასინჯვის გაგრძელების მოტივით, ლოგინზე დაწოლა მოსთხოვა. მარიამის თქმით, კაცმა განუმარტა, რომ ზურგზე დაწოლა სახსრების შესამოწმებლად იყო საჭირო, რადგან სახსრების ტკივილი კორონავირუსის ერთ-ერთი სიმპტომია. "მაცვია უთხელესი ელასტიკი და მითხრა, რომ ეს ელასტიკიც უნდა გაიხადოო. ჩავიწიე ელასტიკი კოჭებამდე [...] შემოწმება დაიწყო ნეკნებიდან. ყველაზე დიდი ხანი საშოს არეში გაჩერდა. ზედ საშოზე ხელი არ დაუდია, მაგრამ ასე ჩაუყვა ბარძაყის გვერდებს. მერე გადმომატრიალა მუცელზე. საჯდომის ქვემოთაც ჩამიყო ხელები, მერე კოჭები და მუხლებიც გამისინჯა, ხელებზე არაფერი შეუმოწმებია. მითხრა, ღრმა სახსრების გამტარობაც გამოვიკვლიეთო", - ჰყვება მარიამი. მისივე თქმით, მთელი პროცესის განმავლობაში თავს უხერხულად გრძნობდა, ამიტომ აქეთ-იქით იყურებოდა და ელოდა, როდის დამთავრდებოდა შემოწმება. მარიამი იხსენებს, რომ ამის გამო ექიმმა ერთგვარი შენიშვნაც მისცა — უთხრა, რომ შემოწმების დროს მისთვის თვალებში შეეხედა და მზერა სხვა რამეზე არ გადაეტანა. მისივე თქმით, გასიჯნვის დროს ექიმმა რამდენჯერმა ჰკითხა, ცხოვრობდა თუ არა მარტო, რადგან იზოლაციაში გადასვლის შემდეგ მარტო უნდა ყოფილიყო: "ვუთხარი, რომ დედასთან ერთად ვცხოვრობდი და ის გადადიოდა. შემდეგ ნომერი ჩამაწერინა, როცა გინდა დამირეკე, გაწერილიც რომ იყოო. ბოლოს, ალბათ, ვერ მოითმინა და რომ გადიოდა, მითხრა, რომ მეუღლე ან შეყვარებული თუ გყავს, ხომ იცი, ორი კვირა არ უნდა ნახოო", — ამბობს მარიამი. მარიამი არ არის ერთადერთი, ვინც იგივე სასტუმროში, იმავე ექიმს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. On.ge ესაუბრა 17 წლის გოგოსაც, რომელსაც საჯაროდ ვინაობის გამხელა არ სურს. არასრულწლოვანი ჰყვება, რომ ექიმი მასთან ღამის 11 საათზე, გაუფრთხილებლად მივიდა. ანას (სახელი შეცვლილია) თქმით, კაცი მთლიანად ეკიპირებული იყო და ნომერში შესვლის დროს სახელითა და გვარით არ გაცნობია. "მითხრა, რომ წელს ზემოთ ყველაფერი გამეხადა. თავიდან ყელი და სუნთქვა შემიმოწმა, შემდეგ მითხრა დაწექიო. შარვალი გაიხადეო. თავიდან ოდნავ ჩავიწიე, თუმცა მთლიანად გამახდევინა. ძალიან უხერხულად ვიყავი, რადგან ასეთი შემოწმება არსად გამიგია. მითხრა, სახსრები უნდა შეგიმოწმოთო, რადგან ევროპაში ეს გამოეპარათ და ჩვენ არ უნდა გამოგვეპაროსო. როცა მუცელზე დავწექი, კინაღამ გადამიწია საცვალი და ძალიან უხერხულად მეხებოდა. შემდეგ ფეხზე ჩაასრიალა ხელები, ძალიან უხერხულად ვიყავი. სულ ირონიულად მელაპარაკებოდა, რატომ ნერვიულობ და ეგეთები. წასვლის წინ მითხრა, შეყვარებული თუ გყავს, დაგელოდოს ათი დღეო. იცინოდა", - ყვება ანა. 17 წლის გოგო ამბობს, რომ თავიდან ვერ გაიაზრა, რა ხდებოდა, რადგან გასინჯვა დიდხანს არ გაგრძელებულა. "შემდეგ მეგობრებს ვკითხე, ვინც მსგავსი პროცესი გაიარა და ასეთი არავის გადახდენია. თავიდანვე მივხვდი, რომ არ იყო სწორი", - ამბობს ის. მარიამისგან და ანასგან განსხვავებულად გასინჯა იმავე ექიმმა სხვა პაციენტი. ნათია (სახელი შეცვლილია), რომელიც კარანტინში შვილთან ერთად იყო, On.ge-ს უყვება, რომ კაცს მისთვის სახსრები არ შეუმოწმებია და ფილტვების გასინჯვის დროს არც სამოსის გახდა მოუთხოვია. მისი თქმით, ექიმმა მხოლოდ კოჭები, მუხლები და ხელები შეუმოწმა. მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც ეძინა, ექიმს საერთოდ არ გაუსინჯავს. მარიამ ქ. უკვე თბილისშია, თვითიზოლაციაში. მარნეულის სასტუმროდან დაბრუნების შემდეგ მან სახალხო დამცველს მიმართა. ომბუდსმენის აპარატში საკითხის მოკვლევა უკვე დაწყებულია და დაუკავშირდნენ ექიმსაც, თუმცა მისგან ოფიციალური პასუხის შესახებ ჯერ უცნობია. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. ომბუდსმენის მოადგილე, ეკა სხილაძე On.ge-სთან აღნიშნავს, რომ ექიმების მხრიდან პაციენტების სექსუალური შევიწროების შესახებ მიმართვიანობა იშვიათია. "ჩვენი მთავარი ტენდენცია მაინც სამუშაო სივრცეში სექსუალურ შევიწროებას უკავშირდება", - ამბობს ის. სხილაძე აღნიშნავს, რომ სექსუალური შევიწროება ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, თუმცა მომართვიანობა ზოგადადაც დაბალია, მთავარ გამოწვევად კი კვლავ საზოგადოების დამოკიდებულება რჩება. ექიმის მხრიდან პაციენტის სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტრო. უწყებაში ამბობენ, რომ კაცი სამინისტროს ან გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი არ არის, თუმცა არ აკონკრეტებენ, როგორ მოხვდა ის კარანტინის ზონაში. მათი ინფორმაციით, საქმეს აკვირდებიან და გამოძიების შემდეგ შესაბამისი რეაგირება ექნებათ. On.ge დაუკავშირდა ექიმს, რომელსაც ორი ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ის ადასტურებს, რომ 24 მარტს მარნეულში მარიამ ქ. გასინჯა, თუმცა ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, გაიდლაინით იხელმძღვანელა და ყველა პაციენტი ერთნაირად შეამოწმა. 31 წლის კაცი მიუთითებს, რომ პაციენტს შეეძლო პროცედურაზე უარი ეთქვა. "სახსრებში შევამოწმე, ფილტვებში მოვუსმინე, ტემპერატურა გავუზომე, გამოვკითხე... სახსრებზე ხელით გავსინჯე, ერთი დადებით. დავადე, გტკივა? არა. "ვსიო". მეტი რა უფლება მაქვს ხელი მოვკიდო ზედმეტად... რაღაცაზე ხომ უნდა მომეჭირა ხელი, რომ მეთქვა? მე გავსინჯე მენჯ-ბარძაყის სახსარი, მუხლების სახსარი, ხელის სახსარი, თითის დადებით... ინტიმურ ადგილებში არ შევხებივარ, ინტიმურ ადგილებში არაა სახსარი", - ამბობს ექიმი. წყარო: On.ge ექიმი კარანტინი სექსუალურიშევიწროება
TbilisiDaily
0