პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაცია გახსნა.

0
დღეს, პირველ ივლისს, პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაცია გახსნა. მარნეულის რაიონული ორგანიზაციის გახსნის ცერემონიაზე მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს პარტიის ლიდერებმა და მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მარნეულის რაიონული ორგანიზაცია რიგით ოცდამეოთხეა და მსგავსი ორგანიზაციების დაფუძვნება აქტიურად გაგრძელდება. „მარნეული არის განსაკუთრებული შემთხვევა ჩვენთვის, რადგან ეს არის მრავალეთნიკური ოლქი, ძირითადად აზერბაიჯანელებით დასახლებული. „ლელოს“ გეგმაა ამ რეგიონის ძალიან სერიოზულ ბიზნესცენტრად გადაკეთება, რადგან აქ არის უზარმაზარი და ძალიან სერიოზული გამოცდილება სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალისხმევა ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, ახალი ცოდნის შემოტანით ეს რეგიონი უნდა გახდეს ეპიცენტრი ჩვენი სასურსათო პროდუქციის საექსპორტო მნიშვნელობის მინიჭების თვალსაზრისით“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ„ლელო საქართველოსთვის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურად მურადოვი იქნება. მურადოვის თქმით, მარნეულის რაიონული ორგანიზაციის პრიორიტეტული მიმართულება ახალგაზრდების განვითარებაა. „რაც შეეხება მეორე პრიორიტეტს, როგორც იცით, ჩვენი რეგიონის მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობითაა დაკავებული, მაგრამ ჩვენ სოფლის მეურნეობით დაკავებული ვართ ორი საუკუნის წინანდელი, პრიმიტიული, წესებით. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ, საქართველოში უნდა შეიცვალოს ეს მიდგომა. ჩვენ უნდა წავახალისოთ ეს გლეხები“ - განაცხადა მურად მურადოვმა მურადოვის თქმით, პარტიის კიდევ ერთი პრიორიტეტი ქალების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდაა, რადგან მარნეულში ქალთა პოლიტიკური აქტივობა ამ დრომდე პრობლემად რჩება. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება „ლელო საქართველოსათვის“ მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარული ოლქის კანდიდატი. პარტიის თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის თქმით, ახლო მომავალში „ლელო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მაჟორიტარ კანდიდატებს დაასახელებს. წყარო: რადიო „მარნეული“
#ლელო
#პარტია
#ორგანიზაცია
#MarneuliDaily
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0