ტამიშის დესანტი - წარმატებული ოპერაციით კატასტროფასთან მიახლოვება. ნაწილი II

0

II თავი

1993 წლის 2 ივლისის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში უმძიმეს დღეს, დაახლოვებით 16:00 საათიდან ქართულმა ნაწილებმა მოახდინეს გარკვეული კოორდინირება და წინააღმდეგობა უფრო გააზრებულად დაიწყეს, მცირე ჯგუფებად გაფანტული ქართველი მებრძოლები საოცარი თავგანწირვით იბრძოდნენ და ბევრი მათგანი ადგილზე დაიღუპა, სამწუხაროდ მათი ცხედრები მხოლოდ ათი დღის შემდეგ იქნა მოძიებული. განსაკუთრებით გააფთრებული ბრძოლები გაიმართა ტამიშის სკოლასთან, მაიმუნთსაშენთან და ანუაარხუს მთასთან. რუსული ავიაცია კვლავ გამოჩნდა ოჩამჩირის სიახლოვეს და ე.წ. გირლიანდები გადმოყარეს დიდი ოდენობით, ისე რომ ოჩამჩირის რაიონის სოფლები შუა ღამისას მთლიანად გაანათეს. მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელოდა არც სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძე, იგი პირველ რიგში შეეცადა მოსკოვში თავისი კავშირების მეშვეობით შეეჩერებინა შეტევა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ამ მიმართულებით აქტიურობას არანაირი სასარგებლო შედეგი არ მოჰყვებოდა და რომ რუსებმა იგი მწარედ მოატყუეს. ამ ვითარების გაანალიზების შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ პროფესიონალი სამხედრო გენერალი გუჯარ ყურაშვილი დაიბარა, რომელსაც დაავალა ოჩამჩირე სოხუმის გზის გახსნა მძიმე ტექნიკის მხარდაჭერით. პარალელურად დაუკავშირდა დაჯგუფება „მხედრიონის“ ლიდერს ჯაბა იოსელიანს, რომელთანაც უკვე დიდი პოლიტიკური უთანხმეობა ჰქონდა და თხოვა „მხედრიონის“ ძალები (რომელიც მაისის შეთანხმების შემდეგ გამოიყვანა აფხაზეთიდან და მათი განიარაღების პროცესი დაიწყო) კვლავ შეეკრიბა და საბრძოლო მოქმედებებში ჩართულიყო. ამავე დროს გვარდიის გენერლებმა შეძლეს კანონიერი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას მომხრე სარდლის ლოთი ქობალიას დაქვემდებარებაში არსებულ თავდაცვის ძალებთან შეთანხმება. მათ ზუგდიდის გავლით გაატარეს (თითქმის მთელი ომის განმავლობაში ზვიად გამსახურდიას დაქვემდებარებულ ძალებს ჩაკეტილი ჰქონდათ ზუგდიდი-გალის მონაკვეთი), როგორც მხედრიონის ისე გვარდიის შენაერთები და მოხალისეთა ჯგუფები, რასაც გარდა მარშრუტის გამარტივებისა და დროის მოგებისა, დიდი პოლიტიკური და მორალური მნიშვნელობა ჰქონდა. მეტიც სულ რამდენიმე საათიანი ურთიერთობის დროს სხვადასხვა ბანაკებში მყოფი ორი ქართული შეიარაღებული ძალა შეთანხმდა, რომ რუსულ-აფხაზურ დესანტს ერთობლივი ძალებით შეუტევდა! ეს უკვე დიდი საქმე იყო. გალში ჩავიდა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანიც, რომელიც გვარდიის ძალებს თვითნებურ დავალებებს აძლევდა და ამით დიდი არეულობა შეჰქონდა ისედაც არეულ ქართულ შეიარაღებულ ძალებში, თუმცა საბედნიეროდ მოქმედი თავდაცვის მინისტრის გია ყარყარაშვილის ჩარევით მალევე შეჩერდა. ოჩამჩირეში ჩასულმა გენერალმა ყურაშვილმა და ჯაბა იოსელიანმა დაიწყეს ადგილზე სიტუაციის შესწავლა, დაიყვეს სამოქმედო ტერიტორიები და სადაზვერვო საქმიანობას შეუდგნენ, სადაც უშუალოდ გადიოდნენ სარისკო პოზიციებზე. საკმაოდ რთული იყო ჩვენი ნაწილების მდებარეობის დადგენა, იმის გამო, რომ ისედაც ელემენტარული საკომუნიკაციო საშუალებები მთლიანად მოშლილი იყო ადგილზე, ამასთანავე არ ელოდნენ ადგილზე დატოვებული ხუთასზე მეტი შეიარაღებული პირის განეიტრალებას (მათი ძირითადი ნაწილი ან დაჭრილი იყო, ან გარდაცვლილი, ან კიდევ ტყვედ აყვანილი. გარკვეულმა ნაწილებმა გამოაღწიეს რამდენიმე დღეში სამშვიდობოს), თუმცა დღის ბოლოს ძირითადი ინფორმაცია მაინც შეიკრიბა. აქ დადგა მეტად მნიშვნელოვანი მომენტი ქართული მხრიდან ომის წარმოების ტაქტიკურ-სტრატეგიულ ასპექტში, ქართულ ძალებს ბრძოლისუნარიანი ცოცხალი ძალის სიმცირის გამო მოუწიათ არჩევანის გაკეთება, უნდა ემოქმედათ სოხუმის ჩრდილოეთით შრომა-კამანის მიმართულებაზე (ე.წ. დარტყმის ძირითად მიმართულებაზე), თუ გაეხსნათ ოჩამჩირე სოხუმის გზა და გაენადგურებინათ დესანტი. ქართულმა ძალებმა მიიღეს გადაწყვეტილება და პირველი რიგის ამოცანად ალყაში მოქცეული სოხუმის გზის გახსნა მიიჩნიეს, გუმისთის სანაპიროს და შრომა-კამანის მიმართულებაზე წინააღმდეგობის გაწევა ადგილზე არსებულ ძალებს დაევალათ, რომელთაც არც შეიარაღება და არც ცოცხალი ძალა არ ჰყავდათ საკმარისი, თუმცა ამავე დროს განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში თუ დესანტის ლიკვიდაციის პერიოდში რუსები და აფხაზები შეძლებდნენ წინააღმდეგობის დაძლევას და გუმისთის მარჯვენა სანაპიროზე გადმოვიდოდნენ ან ახალშენი-შრომა-კამანის მიმართულებაზე წინ წაიწევდნენ, ოჩამჩირე-სოხუმის გზის გახსნის შემდეგ გაერთიანებული ძალებით შეუტევდნენ აფხაზებს უკვე სოხუმის ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებებზე. ამ გადაწყვეტილებას არაერთი სამხედრო ექსპერტი აკრიტიკებს და მიიჩნევს, როგორც საბედისწერო შეცდომას, თუმცა კონკრეტულად იმ საბრძოლო მოქმედებებში ჩართული სარდლები, რომლებმაც რეალურად იცოდნენ რა ძალები ჰყავდათ და რა ამოცანების შესრულება შეეძლოთ, საკმაოდ მტკიცე არგუმენტები გააჩნიათ. საგულისხმოა, რომ თუ აფხაზების მხარეს იბრძოდნენ, რუსები, ყველა ჩრდილოეთ კავკასიური ეთნოსების წარმომადგენლები (გარდა ინგუშებისა), სომხები, თურქები (ომის პირველ ეტაპზე თურქეთი აქტიურად ეხმარებოდა აფხაზებს, როგორც ჰუმანიტარული ტვირთებით, ისე შეიარაღებით, თუმცა რუსეთის ჩართულობის ფაქტორის გამო ბოლოს შეაჩერეს დახმარება), სირიელები და ა.შ. ქართულ მხარეს მთელი ომის განმავლობაში მარტოს მოუწია ბრძოლა, მხოლოდ უკრაინელები გამოჩნდნენ ქართველთა დასახმარებლად, კერძოდ ჩამოვიდა უკრაინული ორგანიზაცია УНА УНСО არაუმეტეს 30 მებრძოლისა, რომლებიც კარგად დისციპლინირებულები იყვნენ და ქართული ქაოსის პირობებთან შეგუება ძალიან გაუჭირდათ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათი ჩამოსვლა მაინც დიდი სტიმული იყო ჩვენთვის, რამდენიმე მათგანი სოხუმის სიახლოვეს საბრძოლო მოქმედებებში გარდაიცვალა კიდეც.
ქართულმა ძალებმა დაიწყეს დესანტის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები. თავდაცვის მინისტრი გია ყარყარაშვილი და სოხუმში არსებული ძალები სოხუმის მხრიდან კინდღი-ანუაარხუს მონაკვეთში ავიწროვებდნენ მოწინააღმდეგეს, მხედრიონის, გვარდიის, ბატალიონი „ავაზას“ და რაც მთავარია ლოთი ქობალიას ნაწილებმა ოჩამჩირის მხრიდან დაიწყეს მოქმედება. 2 ივლისს აფხაზებმა შრომა-კამანის ჩრდილოეთით ტექნიკის მხარდაჭერით სოხუმჰესი, სოფელი გუმა და სოფელი ახალშენი დაიკავეს.
ადგილობრივი ქართული ძალები ცდილობდნენ წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა მათი ცოცხალი ძალა და შეიარაღება იმდენად მწირი იყო, რომ დაახლოებით 1500 კაციან დაგჯუფებას რეალური წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. 4 ივლისს აფხაზებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი Ми2 ტიპის ვერტმფრენებით სცადეს შრომის სიახლოვეს არსებული სიმაღლე ახბიუკის დაკავება, თუმცა ქართულმა ძალებმა ორივე ვერტმფრენი გაანადგურეს, აფხაზებმა 50 მებრძოლი დაკარგეს. აგრეთვე რუსულ-აფხაზური ძალები სოხუმის ჩრდილოეთით „ცუგუროვკის“ მთის სიახლოვეს ქართველების მიერ დანაღმულ ტერიტორიებზე მოხვდნენ და მძიმე დანაკარგები განიცადეს, ისე რომ მრავალრიცხოვანი დაჯგუფება საშინელ პანიკაში ჩავარდა და საწყის პოზიციებზე დაბრუნება დაიწყო ქაოტურად, რა დროსაც კვლავ დანაღმულ მონაკვეთებზე გაიარეს. ვითარება ისე გართულდა, რომ პოზიციებზე გასვლა ვლადისლავ არძინბას და ე.წ. თავდაცვის მინისტრს ყაბარდოელ სულთან სოსნალიევსაც მოუწიათ. ვითარების გამოსასწორებლად ადგილზევე იქნა მიღებული გადაწყვეტილება და ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილედ აფხაზი ეროვნების პირის ნაცვლად რუსეთიდან მოვლენილი მუჰამედ კილბა დაინიშნა (მიუხედავად გვარის მსგავსებისა იგი არ იყო აფხაზი და აფხაზეთში ომის დაწყებისას პირველად ჩამოვიდა, ეროვნებით ჩერქეზი, 1992 წლის ოქტომბერში გაგრის შტურმის ავტორი), მას უდიდესი გამოცდილება ჰქონდა ავღანეთის ომში მიღებული და თითქმის ყველა უმაღლესი სამხედრო ორდენით იყო დაჯილდოვებული. მუჰამედ კილბას მინისტრის მოადგილეობის გარდა, უშუალოდ სოხუმის ჩრდილოეთ მიმართულების შეტევის ხელმძღვანელობა დაევალა. მან დაჯგუფების ყველა ხელმძღვანელი დაიბარა და გეგმისგან განსხვავებული მანევრით მოქმედებას მეორე დღიდან შეუდგა. 5 ივლისს სეპარატისტები მდინარე გუმისთის ე.წ. ორი შენაკადის შეერთების ადგილზე განლაგებულ სოფელ კამანს მიადგნენ აღმოსავლეთ ფლანგიდან (ზემო ეშერის მხრიდან)
კამანი ისევე, როგორც სხვა ქართული სოფლები სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ დაიცალა თავდაცვის ძალებისგან და მას მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული დაახლოვებით 40 კაციანი ჯგუფი იცავდა ზაზა პაკელიანის ხელმძღვანელობით. სოფელი ახალშენის დაკარგვის შემდეგ ინფორმაცია კამანშიც მივიდა, ამავე დროს ქართველებმა აიყვანეს წინა დღეს ახბიუკთან ჩამოგდებული ვერტმფრენის, გადარჩენილი ეკიპაჟის წევრი, ეროვნებით სომეხი ბოევიკი, რომელიც აიძულეს ყველა დეტალი დაწვრილებით მოეყოლა მომავალი შეტევის შესახებ. მიუხედავად ზუსტი ინფორმაციისა კამანელებმა თათბირზე გადაწყვიტეს წინააღმდეგობის ბოლომდე გაწევა! რაც რეალურად მიზანმიმართულ და გააზრებულ თავგანწირვას ნიშნავდა. უთანასწორო თუმცა საოცრად გმირული ბრძოლა გამთენიისას დაიწყო, გადამწყვეტ მომენტში ზაზა პაკელიანმა ცოცხალი ძალის დახმარება ითხოვნა სოხუმიდან, რაზედაც უარი მიიღო და საბოლოოდ მტრის ძალებით გარემოცულმა საკუთარი კოორდინატებიც კი მიაწოდა ქართულ არტილერიას, რომ მტერი მათთან ერთად მაინც გაენადგურებინათ, თუმცა ამაზეც უარი მიიღო. ბრძოლა საღამოს დასრულდა. კამანელთა 40 კაციანი რაზმიდან 23 გარდაიცვალა, გადარჩენილთა უმრავლესობა დაიჭრა. მათ შორის გარდაიცვალნენ, მაგრამ საოცარი თავგანწირვის მაგალითი აჩვენეს მტერს თანამედროვეობის გმირებმა მეთაურმა ზაზა პაკელიანმა, მალხაზ კახიანმა, თამაზ ჩხეტიანმა. რაზმის წევრი მერი პაკელიანი კამანის ცნობილ ტაძართან იმყოფებოდა, როდესაც მტერმა მისი ტყვედ აყვანა სცადა, მერიმ ისინი ახლოს მოუშვა, ყუმბარა გახსნა და ოთხი ბოევიკი გაიყოლა საიქიოს. ერთმორწმუნე კაზაკებმა არ დაინდეს კამანის ტაძარში მოღვაწე მღვდელ-მონაზონი ანდრია ყურაშვილი. რომელიც საჯაროდ დახვრიტეს, მასთან ერთად დახვრიტეს სოფელში ჩარჩენილი მოსახლეობის ძირითადი ნაწილიც, ხოლო სოფელი გადაწვეს. კამანის ბრძოლის შესახებ აფხაზები ქართული მხარის ცოცხალი ძალის შესახებ არარეალურად დიდ ციფრებს ასახელებდნენ, ვინაიდან დაქირავებულ ბოევიკთა და აფხაზთა დაგჯუფებამ მხოლოდ გარდაცვლილთა სახით ორმოცდაათამდე მებრძოლი დაკარგა, ხოლო დაჭრილთა რიცხვი სამოცდაათს აღემატებოდა. შემდგომში რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ფულიც კი გამოიყო ამ ბრძოლის შესახებ ერთი უხარისხო პროპაგანდისტული ფილმის გადასაღებად. სტატიის ავტორი : გიორგი გიგინეიშვილი 2020 წელი
0