ტამიშის დესანტი - წარმატებული ოპერაციით კატასტროფასთან მიახლოვება. ნაწილი III

0
კამანის დაკავების შემდეგ 7 ივლისს აფხაზთა და დაქირავებულთა დაჯგუფებამ (მათ შორის იყო ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონი და ცხინვალიდან ჩასული ოსური დაჯგუფება ალან ჯიოევის ხელმძღვანელობით, ჩეჩური დაჯგუფება შამილ ბასაევის ხელმძღვანელობით და რუსი ინსტრუქტორები და მედესანტეები) სოფელ შრომას შეუტია. ქართულმა სარდლობამ კამანიდან მიღებული შემზარავი ინფორმაციის შემდეგ მოახერხა და შრომაში მცირე ძალები გაგზავნა, შუა დღისას ცხადი გახდა, რომ შრომაში არსებული ქართული ნაწილები შეტევას ვერ გაუძლებდნენ. მტერმა უკვე სოფლის ცენტრსაც კი მიაღწია, ამიტომ ქართულმა სარდლობამ მდინარე გუმისთის ფრონტიდან მოხსნა რამდენიმე ბატალიონი და შრომაში გადაისროლა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ რუსულ-აფხაზურ მხარეს მოსკოვიდან მიღებული უახლესი კოსმოსური (აერო) ფოტოებით ზუსტი ინფორმაცია გააჩნდათ ჩვენი პოზიციების შესახებ, რაც ერთი ორად უადვილებდათ საქმეს. შრომაში დამხმარე ძალის გამოჩენით ქართულმა მხარემ შეძლო მოწინააღმდეგის გარკვეული ძალების განადგურება და ძირითადი ნაწილების განდევნა სოფლიდან. თუმცა ქართულ მხარეს სამწუხაროდ ბრძოლისუნარიანი ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ შრომასთან შეტაკებაში გამარჯვებული ნაწილები ადგილზე დაეტოვებინა, ამიტომ ისინი კვლავ გუმისთის ხაზზე დააბრუნა, სადაც აფხაზური შეტევის ერთ-ერთი მიმართულება ცნობილი სქემის მიხედვით კვლავ აქტიურ ფაზაში იყო და მუდმივად მასიური შეტევის დაწყების იმიტაციას ახდენდა, ხოლო შრომაში გამოუცდელი დაცვის პოლიციის ძალები ჩააყენა. აფხაზური ძალების რუსმა დაქირავებულმა მედესანტეებმა ჯერ სათანადოდ დაზვერეს შრომის დაცვის ხაზი, ხოლო მეორე ღამით დაგეგმეს ოპერაცია, რა დროსაც დაცვის პოლიციის სრულიად გაუმართლებელ ადგილებში განლაგებულ საგუშაგოებს დაესხნენ თავს, გუშაგები ამოხოცეს, ხოლო სოფელში მივლენილი დანარჩენი პოლიციელების დიდი ნაწილი ძილშივე ე.წ. „კოლუმბიური ჰალსტუხებით“ მოკლეს (ამ სისასტიკის ჩამდენი რუსეთის რამდენიმე მოქალაქე ქართულმა ნაწილებმა ტყვედ აიყვანეს და საჯაროდ დახვრიტეს სოხუმის სიახლოვეს). 2019 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა აფხაზი ე.წ. სახელმწიფო გმირის კიანუს ანგუხაას ვიდეო ინტერვიუ, სადაც იგი იხენებს ორ ქართველ მებრძოლს, რომლებიც შრომაში არსებული ქართული ძალების დასახმარებლად და ტყვია-წამლის მისაწოდებლად მსუბუქი მანქანით სოხუმიდან მიდიოდნენ, აფხაზი მებრძოლის მონაყოლით ირკვევა, რომ ქართველები შრომის მისადგომებთან აფხაზურ 400 კაციან დაჯგუფებას მათთვის მოულოდნელად შეეჩეხენ, რა დროსაც ისინი გადმოხტნენ მანქანიდან, ავტომატებიდან ცეცხლი გაუხსნეს და ორნი ოთხასის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდნენ შეძახილებით გაუმარჯოს თბილისს, აფხაზებმა ტყვიამფრქვევების მასირებული და გაუთავებელი ჯერით მათგან ფაქტობრივად აღარაფერი დატოვეს (სწორედ ასე აღწერს აფხაზი დამნაშავე კიანუს ანგუხაა). სამწუხაროდ ამ ორი თავდადებული ქართველი მებრძოლის ვინაობა ქართული საზოგადოებისთვის უცნობია. სოხუმის ჩრდილოეთით მიუხედავად ქართველთა არაერთი გმირობისა, საბოლოო ჯამში აფხაზებმა სოხუმიდან 9 კილომეტრში არსებული სოფელი შრომა მაინც დაიკავეს და 9-11 ივლისს სრულად გაწმინდეს, რითაც საბრძოლო ოპერაციის ძირითადი ამოცანა შეასრულეს. ტამიშის მიმართულებაზე განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლა საგზაო მაგისტრალის ჩრდილოეთით არსებული სიმაღლე ანუაარხუსთვის რამდენჯერმე გაიმართა, როგორც შემდგომში გაირკვა რუსეთის გენშტაბი დესანტის ძალებზე დიდი იმედებს არ ამყარებდა, თუმცა მათ საბოლოო ამოცანად სიმაღლის დაკავებას და მისი ტყვარჩელის დაჯგუფების კონტროლირებად სივრცესთან მიერთებას გეგმავდა. ანუაარხუზე ჩარჩენილი ბატალიონ „შავნაბადას“ მცირე ძალები და გვარდიის სხვადასხვა დანაყოფების ცაკლეული მებრძოლები სისხლის ბოლო წვეთამდე იცავდნენ სიმაღლეს და აფხაზთა რამდენიმე შეტევას მხოლოდ ერთეულები გადაურჩნენ. ოჩამჩირის მხრიდან მოქმედმა ქართულმა ძალებმა შექმნეს ერთიანი სამეთაურო შტაბი და დაიწყეს მოქმედება. ზღვის მხრიდან ლოთი ქობალიას ძალები უტევდნენ ორასი გამოცდილი მეომრით, ცენტრში ფრონტალურ შეტევას გუჯარ ყურაშვილი მძიმე ტექნიკით და „მხედრიონის“ შენაერთი ახორციელებდა, ხოლო ჩრდილოეთ მიმართულებაზე ავაზას ნაწილები იყვნენ. ქართული ჯარების თავშეყრა უყურადღებოდ არ დარჩენია რუსულ მხარეს და ამ ოპერაციაში უკვე მესამედ გამოიყენა საკუთარი ავიაცია, ამჟამად უკვე მასშტაბური დაბომბვები განახორციელა ქართული სამეთაურო შტაბის მიდამოებში, თუმცა საკმაოდ არაზუსტად. ლოთი ქობალიას ძალებს სპეციფიური სიტუაცია შეექმნათ მრავალი თვის განმავლობაში მაყურებლის როლში აკვირდებოდნენ, როგორ ებრძოდა ქართული სახელმწიფო მტერს მათ გარეშე და გაუგებარი პოლიტიკური მიზეზებით მათი ჩართვა იკრძალებოდა. იღუპებოდნენ მათი ნათესავები, ახლობლები, მეგობრები, თუმცა ისინი ზუგდიდში, ხობში, სენაკში და სხვა ადგილებში იდგნენ მშვიდად, თითქოს არც არაფერი ხდებოდა (იმ პერიოდისათვის დიდი შეიარაღებით), მაგრამ ერთი სურვილით დამდგარიყვნენ იქ სადაც იყო მათი ადგილი, შესაბამისად პირველივე შესაძლებლობის დროს მათ საოცარი ბრძოლისუნარი აჩვენეს ქართულ სახელმწიფოს, ისე რომ რამდენჯერმე საერთო სამეთაურო შტაბმა მათ წინსვლის შეჩერებაც კი უბრძანა, რომ ერთიანი ფრონტის ხაზი არ დარღვეულიყო. მაიმუნთსაშენთან „მხედრიონის“ ნაწილებმა მძიმე ტექნიკის მხარდაჭერით უპირატესობა მოიპოვეს და რამდენიმე საათში გამოცდილმა რუსულმა დესანტის ნაწილებმა დატოვეს პოზიციები და ლაბრის მიმართულებით გაიქცნენ. მხოლოდ ბატალიონ „ავაზას“ ნაწილები (რომლის ხელმძღვანელი ტრისტან წითელაშივლი იყო) გამოეთიშენ საბრძოლო ოპერაციას, დღემდე გაურკვეველი მიზეზებით. ასეთი გააზრებული და ორგანიზებული კონტრშეტევის პირობებში დესანტი და ტყვარჩელის დაჯგუფება მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, თუმცა ძალები მოიკრიბა და 9 ივლისს გამთენიისას საბოლოოდ შეეცადა სიმაღლე ანუაარხუს დაკავებას, გააფთრებული ბრძოლები ექვსი საათი გრძელდებოდა, თუმცა საჭირო მომენტში ახალ კინდღში განლაგებულმა ქართულმა საარტილერიო ბატალიონმა ზუსტი ცეცხლი აწარმოა დესანტის მიმართულებით. დესანტმა და ტყვარჩელის დაჯგუფებამ ჯამში ორასამდე მებრძოლი დაკარგა ერთ დღეში, რაც ძალიან დიდ დანაკარგს წარმოადგენდა მათთვის. დესანტი კინდღის მიმართულებით შეეცადა გასვლას, თუმცა აქაც კასპის ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა, საბოლოოდ დაიქსაქსა და მცირე ჯგუფებით დაიწყო ტყვარჩელის მიმართულებით გადასვლა, რითაც საბოლოოდ დაასრულა ოპერაცია. 11 ივლისს ოჩამჩირე სოხუმის მაგისტრალი გაიხსნა და ქართული ძალების კონტოროლის ქვეშ დაბრუნდა. სხვადასხვა ქართულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია თითქოს ე.წ. ტამიშის დესანტი სრულად იქნა განადგურებული, რაც არ შეეფერება სინამდვილეს, დესანტის მნიშვნელოვანი ძალები მართლაც განადგურდა თუმცა მათი ძირითადი ნაწილი გადარჩა და შემდგომში სოხუმის აღებისათვის წარმოებულ სექტემბრის ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, კონკრეტულად მდინარე კოდორის პიკეტში, ხოლო ის ოფიცრები, რომლებიც განსაკუთრებით მაღალი რანგის იყვნენ და ჭირდებოდა რუსულ არმიას, მომდევნო სამშვიდობო შეთანხმების დროს გაიყვანეს ტყვარჩელიდან თავისმა დამკვეთებმა. სოხუმის ჩრდილო-დასავლეთით აფხაზებმა სოფელი შრომის დაკავების შემდეგ საბრძოლო მოქმედებები 14 ივლისამდე ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში გააგრძელეს, შედეგად გარდა სოფლებისა კამანი, ახალშენი და შრომა მათ სტრატეგიული სიმაღლეები აპიანდა, იაშტუხარუ და ახბიუკიც დაიკავეს, რითაც ფაქტობრივად ჩრდილო-დასავლეთიდან რკალში მოაქციეს სოხუმი და ქართული ნაწილები, ეს უკვე მათ ძალიან უადვილებდათ საბოლოო საქმეს.
ქართულმა მხარემ წინასწარ პროგნოზირებული, დაკარგული პოზიციების დაბრუნების ოპერაციისათვის მზადება დაიწყო, თუმცა დაგეგმილი გაერთიანებული ლაშქრის შეკრება ვერ მოხერხდა, ლოთი ქობალია დესანტის განადგურების, უფრო ზუსტად დესანტის გაფანტვის შემდეგ კი ჩავიდა სოხუმში, მაგრამ იმ მომენტისათვის მეათეხარისხოვან საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო განაცხადა, რომ მიცემული პირობა მან შეასრულა და თავისი საჯარისო ნაწილებით ისე დაიძრა უკან სამეგრელოში, თითქოს ფსოუმდე ჰყავდა გადარეკილი მტერი, ხოლო ზუგდიდში პომპეუსისეული ზარ-ზეიმით შევიდა. სამაგიეროდ აფხაზებმა საერთო ოპერაციის ფარგლებში წინასწარვე გათვალეს შრომის და ახბიუკის სიმაღლის მიდამოებში მათ მიერ დასაკავებელი პოზიციების გამაგრებისათვის საჭირო საინჟინრო სამუშაოები, ორ დღეში სამუშაოების აუცილებელი ნაწილიც ჩაატარეს და იარაღის მარაგებიც აიტანეს, რაც მათი მხრიდან ძალიან დიდ შრომასთან იყო დაკავშირებული, თუმცა მათ ეს მოახერხეს და საერთოდ მათი სურვილი ქართველებისგან გაეწმინდათ ტერიტორია იმდენად დიდი იყო, რომ ბაგრამიანის ბატალიონის ფეხში მძიმედ დაჭრილმა სარდალმა გალუსტ ტრაპიზონიანმა (რომელიც დღესაც მაღალ თანამდებობას იკავებს აფხაზეთის დეფაქტო მთავრობაში), დაზიანებული ფეხი მოიკვეთა და რამდენიმე საათში საკაცით გააგრძელა გზა თავის რაზმთან ერთად (არსებობს ამ სიტუაციის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი).
ქართულ ნაწილებს ფაქტობრივად ორი კვირა გამუდმებულ ბრძოლებში მოუწიათ ყოფნა შესვენების გარეშე და გამოფიტნენ. ტამიშის მიდამოებში დესანტის მიერ განადგურებული დაჯგუფებების სრული ჩანაცვლება-შევსებაც აუცილებელი გახდა, მინიმუმზე იყო უკვე საბრძოლო მასალების მარაგიც. შეთხელებულმა ქართულმა ნაწილებმა შრომა-კამანის დაბრუნების ოპერაცია 17 ივლისს დაიწყეს. ბრძოლაში ჩაება 23-ე ბრიგადა, ქუთაისის ბატალიონი, ბატალიონი „თეთრი არწივი“ და აფხაზეთის პოლიციის ნაწილები. თავდადებული ბრძოლების მიუხედავად ქართველებმა დაკარგული პოზიციები ვეღარ დაიბრუნეს. ბრძოლის ორივე მიმართულებაზე ქართულმა მხარემ 1 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა მონაცემებით 400-დან 800-ადამიანამდე (მშვიდობიანი მოსახლეობა და შეიარაღებული პირები ერთად) დაკარგა, რაც ძალიან დიდი დარტყმა იყო არამარტო შეიარაღებული ძალებისათვის არამედ მთელი ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე იმ მომენტში ბევრად უფრო მომზადებული იყო და უფრო თანამედროვე სამხედრო საშუალებებით გააჩნდა, სულ რაღაც ოცდღიან მონაკვეთში თავად ქართულმა ძალებმა გაანადგურეს 500-მდე ბოევიკი და სეპარატისტი, ჩაძირეს სამი კატარღა, ერთი მცირე ზომის გემი, ჩამოაგდეს ორი ვერტმფრენი, გაანადგურეს ათზე მეტი ჯავშანტექნიკა, ხელში ჩაიგდეს დიდი ოდენობით შეიარაღება, მაგრამ გამარჯვებულები საბოლოო ჯამში მაინც დამარცხდნენ!
ქართველები ნაალაფარ ჯავშან.ტექნიკაზე რუსეთის გენშტაბმა ოპერაცია „ქარიშხალი 777“-ით დასახული ამოცანა მნიშვნელოვანწილად შეასრულა, ვინაიდან მათ შეძლეს სოხუმის ჩრდილოეთით სანატრელი პოზიციების დაკავება, რაც მათ სოხუმის საბოლოო შტურმისთვის მოსამზადებლად ჭირდებოდათ, მაგრამ ვერ შეძლეს სიმაღლე ანუაარხუს დაკავება და ტყვარჩელის დაჯგუფების სივრცესთან მიერთება, თუმცა ამ უკანასკნელს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა (რაც გვაჩვენა კიდევაც 1993 წლის 16 სექტემბერს დაწყებულმა სოხუმის შტურმმა). იმდროინდელი ქართული შეიარაღებული ძალების გარკვეული წარმომადგენლები „ტამიშის დესანტის“ ოპერაციის წარმატებულ ოპერაციად წარმოჩენის მიზნით აცხადებენ, რომ ივლისში აფხაზების ამოცანას წარმოადგენდა სოხუმის დაკავება, რაც არ შეესაბამება რეალობას. სოხუმის დაკავება თეორიულად კი განიხილებოდა აფხაზების შტაბში (სიმაღლე ანუაარხუს დაკავების შემთხვევაში) და რომელიმე აფხაზ საველე მეთაურს შესაძლებელია ამის სურვილი და მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ რუსეთის ფედერაციის გენშტაბი, ე.წ. თავდაცვის მინისტრი სოსნალიევი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები არ გეგმავდნენ ზედმეტ რისკზე წასვლას, ვინაიდან კარგად იცოდნენ, რომ აფხაზი და რუსი პოლიტიკოსები კიდევ ერთ სამშვიდობო შეთანხმებას დადებდნენ ქართულ მხარესთან, რომელსაც სამხედროები სათანადოდ გამოიყენებდნენ მომავალი ოპერაციის დასაგეგმად და „შეთახნმების დარღვევის ეფექტით“ კვლავაც სამხედრო წარმატებას მიაღწევდნენ, როგორც ეს გაგრის შტურმის შემთხვევაში გააკეთეს მანამდე და საერთოდ სწორედ შეთანხმების დარღვევის ეფექტი/კომპონენტი განსაზღვრავდა მათ სამხედრო წარმატებებს ომის ყველა ეტაპზე, ამიტომაც მოყვა ვ. არძინბას მკაცრი პროტესტი კონფლიქტის ზონაში გაეროს სადამკვირვებლო მისიის ჩასვლას 1993 წლის ივლისში, რომელიც მათ რეალურ სახეს დაანახებდა მსოფლიოს. დღეისათვის უკვე გახსნილია ინფორმაცია თუ როგორ ხდებოდა რუსების და სეპარატისტების მიერ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება, უწყვეტ რეჟიმში მომავალი საბრძოლო ოპერაციის დაგეგმვა-მომზადება, შემდეგ ნებისმიერი ფორმალური მიზეზის მოძებნა (ცოტა უცნაურია მაგრამ, რასაც აუცილებლად აკეთებდნენ რუსეთის გენშტაბის და არძინბას დავალებით) რათა ქართული მხარე დაედანაშაულებინათ შეთანხმების დარღვევაში და მოულოდნელი თავდასხმა. ცამეტთვიანი ომის განმავლობაში ფაქტობრივად რუსებს და აფხაზებს არც ერთი სამხედრო წარმატებისთვის არ მიუღწევიათ სტანდარტულ საომარ პირობებში (რამდენიმე სტრატეგიულად უმნიშვნელო სოფელი დაიკავეს), მხოლოდ შეთანხმების დარღვევის ეფექტით დაიკავეს გაგრის ზონა, შრომა-კამანი და შემდგომში სოხუმი. ეს უღირსი ბრძოლის წარმოების მეთოდი საკმაოდ გამართულად ამუშავეს სეპარატისტებმა და მათმა მფარველებმა კრემლში. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ არ თვლის ქართული მხარე თავს ბრძოლაში დამარცხებულად და არ აღიარებს ომის შედეგებს და სავსებით სამართლიანადაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთოდ მთელი ამ ოპერაციის განმავლობაში მოწინააღმდეგე ახლად დაკავებულ ტერიტორიაზე ქართულ მოსახლეობას მანიაკალური სისასტიკით უსწორდებოდა, იყენებდა ისეთ მეთოდებს, როგორიც არის ცოცხლად დამარხვა, ბენზინით დაწვა, ორგანოების ცოცხლად მოჭრა, „სკალპის“ ახდა, გაუპატიურება, ცხედრების წაბილწვა და ა.შ. საქმე იქამდე მივიდა, რომ მშვიდობიან უიარაღო მოსახლეობას წამების გარეშე დახვრეტაც კი სანატრელი გაუხდა. ქართული მოსახლეობის განადგურების შემდეგ აფხაზები მათ სახლებს (ქართველთა კომპაქტურ ჩასახლებებში) წვავდნენ და ანგრევდნენ, „რომ არღარა ეყივლა ქათამსა“ იმ არემარეში. ასეა სრულიად გაუკაცრიელებული დღეს 15-ზე მეტი წმინდა ქართული სოფელი აფხაზეთში (იგივე გააკეთეს მოგვიანებით ცხილვალის რეგიონში, ხელწერა ერთია!). ყველაზე სამწუხაროა, რომ მსგავსი შემთხვევები ქართული ჯარის, უფრო სწორი ტერმინი, რომ ვიხმაროთ მოხალისეთა ლაშქარის შემადგენლობიდანაც იყო მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით ეროვნებით აფხაზების და სომხების (იყო ქართველები მიმართაც შემთხვევები) მიმართ, იყო სასტიკი მოპყრობის და სხვა სახის სამარცხვინო კრიმინალური შემთხვევები, აღნიშნული ფაქტების მასშტაბები და დეტალები ფართო ქართული საზოგადოებისათვის უცნობია და ფაქტობრივად ტაბუირებულია, თუმცა ამჟამად აფხაზეთში დარჩენილ მოსახლეობას საკმაოდ მწარედ ახსოვს ისინი, რაც რეალურად შეუძლებელს ხდის ურთიერთობის აღდგენას კონფლიქტიდან თითქმის სამი ათეული წლის შემდეგაც კი, სამწუხაროდ აფხაზურ საზოგადოებაში ქართველი ადამიანი დღეს გაიგივებულია მკვლელთან, ფაშისტთან და მათთან კომუნიკაციის მცდელობისას პირველ რიგში სწორედ მსგავს ფაქტებს ასახელებენ და არ სურთ ამ მიზეზით ქართველთან არანაირი ურთიერთობა, ასევე სამწუხაროა, რომ დღემდე არ არსებობს რომელიმე ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად შედგენილი ურთიერთსანდო სია თუ რა დანაკარგებია ქართულ და აფხაზურ მხარეებზე. ასეთ ვითარებას სეპარატისტული ხელისუფლება კვლავ მზაკვრულად, მაგრამ ეფექტურად იყენებს ქართველთა მიმართ ზიზღის მიზანმიმართულად გასაღვივებლად. მაშინ როდესაც როგორც საქართველოს პროკურატურისათვის ისე სეპარატისტთა არც თუ მცირე წრისათვის, კარგად არის ცნობილი, რომ თუ აფხაზებმა დაკარგეს 1500-2000 უიარაღო მშვიდობიანი პირი, ქართული მხრიდან ყველაზე მცირე 6000 (არსებობს ინფორმაციები 15, 000 პირზეც) უიარაღო მშვიდობიანი პირია განადგურებული. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ელემენტარული საკითხიც კი ვერ მოაგვარა ქართულმა სახელმწიფომ ამდენი წლის განმავლობაში, რაც საშუალებას მოგვცემდა ერთხელ და სამუდამოდ დაგვედუმებინა აფხაზები და მიგცევა მათთვის სინანულის გამოხატვის შანსი და საშუალება, რომლებმაც ქართველი მეზობლების სახლების დაუფლების მიზნით, საკუთარი ხელითაც კი დახოცეს ისინი, მიისაკუთრეს მათი კერა და ქართველი ბავშვების სათამაშოებით აღზარდეს საკუთარი შვილები. თუმცა ჩვენ ჩვენ ქმედებებზე და ცოდვებზე მოგვიწევს პასუხისგება და აბსოლუტურად ვერაფერი ნუგეშია ის ფაქტი, რომ მათ მეტი დააშავეს! გარდა ნორმალურ აფხაზებთან ურთიერთობის გაფუჭებისა, ამავე დროს ის ღირსეული და ნამდვილი მებრძოლი ქართველები, რომლებსაც არაერთი ენითაუწერელი გმირობა ჩაიდინეს, სამწუხაროდ სწორედ ზემოხსენებული ქართველი კრიმინალების გამო არ არიან დაფასებული საქართველოში, ისე როგორც ისინი ამას იმსახურებენ და ეს ფაქტი ჯაჭვური რეაქციით ძალიან ბევრ სახელმწიფო ფუნდამენტურ საკითხს აზიანებს. მომდევნო კაპიტულანტური შეთანხმება 1993 წლის 27 ივლისს ქალაქ სოჭში გაფორმდა, ოფიციალური დასახელებით „აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და მასზე კონტროლის მექანიზმის შემუშავების შესახებ“, შეთანხმების გარანტად ისევ რუსეთი დარჩა, რაც თვენახევარში საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კატასტროფის წინაპირობა გახდა. სტატიის ავტორი გიორგი გიგინეიშვილი 2020 წ.
0