ჯანსაღი ცხოვრება|მეოთხე ნაწილი|

0
ვალეოლოგია – მეცნიერება ჯანმრთელობის შესახებ ჯანმრთელობის, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და დღეგრძელობის შესახებ დღეს ცალკე მეცნიერებაც კი არსებობს. ამ მეცნიერებას ვალეოლოგია ეწოდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯანმრთელობა სულისა და სხეულის სიჯანსაღეს, ჰარმონიასა და ერთიანობას გულისხმობს. შესაბამისად, დაავადებისა თუ ფიზიკური დეფექტის არარსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ჯანმრთელობას. ორგანიზმის სიჯანსაღე (ანუ სულისა და სხეულის ჰარმონია) მრავალგანზომილებიანი, საკმაოდ რთული მდგომარეობაა, რომელიც მრავალი პარამეტრის თანაარსებობაზეა დამოკიდებული. ფიზიოლოგიურ დონეზე (სტრუქტურული ანალიზის პოზიციიდან) ჯანმრთელობა ჰომეოსტაზს ეფუძნება. ჰომეოსტაზი ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობაა. გარემოს მავნე ფაქტორთა მუდმივი ზემოქმედების მიუხედავად, ჯანმრთელი ორგანიზმი ახერხებს ჰომეოსტაზის შენარჩუნებას. ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის (მთლიანობის) დარღვევა დასაბამს აძლევს ისეთ ცვლილებებს, რომლებიც თანდათანობით ორგანულ ცვლილება-დაზიანებებში გადაიზრდება, მათი შედეგი კი ესა თუ ის დაავადებაა. დაავადებულ ორგანიზმს უფრო მეტად უჭირს გარესამყაროსთან შეგუება, მავნე ფაქტორთა ზემოქმედების მიუხედავად ჰომეოსტაზის შენარჩუნება. ასეთ დროს ფუნქციური რესურსების დანახარჯი მაქსიმალურია, შედეგი კი არცთუ სახარბიელო (ზოგჯერ – მინიმალურიც). ეს უფრო მეტად ფიტავს ორგანიზმის სარეზერვო ძალებს და ასუსტებს ჯანმრთელობის შემანარჩუნებელ მექანიზმებს. ვალეოლოგიის არსი სწორედ ჰომეოსტაზის შენარჩუნება, ორგანიზმის ადაპტაციური მექანიზმების გაძლიერება და განმტკიცებაა. ყოველივე ეს კი ოთხ მთავარ პრინციპს ეფუძნება: სუნთქვას, მოძრაობას, აზროვნებას და კვებას. გახსოვდეთ, ჩვენ განუწყვეტლივ ვხარჯავთ სასიცოცხლო ენერგიას. არა მხოლოდ მაშინ, როცა ვაზროვნებთ, ვფიქრობთ, ვმუშაობთ, ფიზიკურად ვაქტიურობთ, არამედ მაშინაც, როცა ვისვენებთ ან გვძინავს. გული, ფილტვები, თირკმელები და სხვა ორგანოები არასოდეს ისვენებენ. მათი ცხოველმყოფელობა უწყვეტია. ამის კვალობაზე, მათ განუწყვეტლივ სჭირდებათ ენერგია. ენერგიის წარმოქმნა-ხარჯვის სათანადო ბალანსს მხოლოდ ჯანმრთელი ორგანიზმი ინარჩუნებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ეცადეთ დაიცვათ ჯანმრთელობის ოთხი მთავარი პრინციპი. ამით ორგანიზმსაც გაიჯანსაღებთ და სიცოცხლესაც გაიხანგრძლივებთ.
#ახალიამბები
#პოლიტიკა
#ხელოვნება
#მოგზაურობა
#სპორტი
#მოდა
#ბიზნესი
#მეცნიერება
#ჯანსაღიცხოვრება
#კულინარია
#ტექნოლოგიები
#ასტროლოგია
0