სამყაროს შენ მიმართ ზრახვები არ აქვს

0
დაუმთავრებელი ნაწერები დაუმთავრებელ აზრს არ ნიშნავს. ეს ნიშნავს რომ შენი ტვინი უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე ხელები. „საშინელი დაღლილობის დროს გინდება ალბათ მოძრაობა. ასეა ადამიანი მოწყობილი, რაც მეტად სტკივა მეტად მნიშვნელოვნად აღიქვამს თავს სამყაროში, მეტად ეჭიდება მიწას და ნაკლებად ფიქრობს სიკვდილზე. მალე გაზაფხული დადგება, მე კიდევ მხოლოდ ის მინდა ეს გზა უსასრულოდ გაგრძელდეს და აღარასდროს მომიწიოს გაჩერება.“ 2018 წლის ზამთარი. გზა. მთელი ცხოვრებაა მგონია, რომ სამყაროს არ ვაინტერესებ. აი ასე, სადღაც სხვაგან ვვითარდები მე-სხვაგან სამყარო. თითქოს არაფერი გვაკავშირებს, მაგრამ საკმარისია რამის გაკეთება, მოძრაობა, მცდელობა დავიწყო სამყარო მთელს თავის უარყოფით ენერგიას ჩემკენ აბრუნებს და მთელ ბავშვობისდროინდელ კომპლექსებს და საკუთარი თავის ურწმუნოებას მახსენებს. ხელს მიშლის. ჩემი მეგობარი მეუბნება რომ აუცილებელია გავაცნობიერო რომ სამყაროს ჩემ მიმართ ზრახვები არ აქვს. ეს რთულია. როცა გვტკივა, გვგონია ასე არასდროს არავის სტკენია, ჩვენი ტკივილი სხვანაირი და უფრო დიდია ვიდრე სხვების. და როცა ეს დიდხანს გრძელდება ვერც ვიაზრებთ ისე ვკარგავთ მეგობრებს, კავშირს ადამიანებთან და ვრჩებით მარტო და ამ მარტოობაშიც ვერ ვიზრდებით. (არასდროს ვართ საკმარისად მარტო რომ ბედნიერრბა მოვიპოვოთ). არც საკუთარ თავთან საუბარშია გამოსავალი. მხოლოდ შეგუება. ასე, ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრების სწავლაა საჭირო. ვუსმენ ხოლმე სასოწარკვეთილ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ურთიერთობების ნაკლებობას განიცდიან და ზუსტად იციან რომ ცხოვრებაში, კარგად ყოფნისთვის საჭირო ადამიანია აკლიათ მხოლოდ და ვფიქრობ, და რა თქმა უნდა მათ არ ვეუბნები, რომ ვერავინ ვერასდროს გიშველის, ვერავინ გაგხდის ბედნიერს საკუთარი თავის გარდა, რომ ბედნიერება მხოლოდ დროებითია და ყველაფერი ისეა შენ გარშემო, როგორც ხედავ და ხედავ ისე, როგორიც ხარ.
#პროზა
#ბლოგი
0