რეალმა ბოლო წლებში გაყიდული ფეხბურთელების წყალობით 1 მილიარდი გამოიმუშავა!

0
აშრაფ ჰაკიმის ტრანსფერი „ინტერში“ პრაქტიკულად შემდგარი ამბავია. 2010-იანების მიწურულს, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ გაიაზრა, რომ სატრანსფერო ბაზარზე მარტო ხმაურიანი შენაძენის კი არა, სარფიანი გაყიდვის განხორციელებაც შესაძლებელია, რათა ფული შემდეგ სხვა ფეხბურთელის ყიდვისთვის გამოეყენებინათ. რეალურად, პირველი ხმაურიანი ტრანსფერი, როცა „რეალმა“ ფეხბურთელი ძვირად სხვა გუნდში გაყიდა - 2008 წელს შედგა, როდესაც რობინიო „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა. იმ მომენტისთვის, ბრაზილიელ ფეხბურთელს გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ბერნდ შუსტერთან კონფლიქტი მოუვიდა და გერმანელმა სპეციალისტმა ხელმძღვანელობას რობინიოს გაყიდვის თხოვნით მიმართა. „ჩელსის“ მხრიდან გამოჩენილი ინტერესის გამო, ფეხბურთელის ფასმა საგრძნობლად იმატა, რის შედეგადაც, „სიტის“ მასში 43 მილიონი ევროს გადახდა მოუწია. მას შემდეგ, აშრაფის ტრანსფერის გათვალისწინებით, „რეალმა“ დაახლოებით 50 ფეხბურთელი გაყიდა და, საერთო ჯამში დაახლოებით 1 მილიარდი ევროც გამოიმუშავა (970.1 მილიონი ევრო). პირველობას არავის უთმობს კრიშტიანუ რონალდუ, რომლის შესაძენადაც „იუვენტუსს“ „რეალისთვის“ 100 მილიონი ევროს გადახდა მოუწია. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ 75 მილიონი ევროც, რომელიც „მან.იუნაიტედმა“ ანხელ დი მარიაში გადაიხადა. ყველაზე დიდი სარგებელი „სამეფო კლუბს“ კანტერანომ, ალვარო მორატამ მოუტანა. თავიდან, ფეხბურთელში 22 მილიონი ევრო „იუვენტუსმა“ გადაიხადა, მოგვიანებით კი „ჩელსიმ“ ესპანელი ცხრიანის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო არ დაინანა. შედეგად, მორატამ „რეალს“ გაყიდვებით 100 მილიონ ევროზე მეტი მოუტანა. ხმაურიანი ტრანსფერი იყო ასევე 2013 წელსაც, როცა „არსენალმა“ მესუთ იოზილში 47 მილიონი ევრო გადაიხადა, გასულ ზაფხულს კი „ჩელსის“ მატეო კოვაჩიჩი 45 მილიონი დაუჯდა. შესაბამისად, საუბრები იმაზე, რომ „რეალი“ ფეხბურთელებს ძვირად ყიდულობს და იაფად ყიდის, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. 2008/09 – „რეალმა“ ფეხბურთელების გაყიდვით 71 მილიონი ევრო გამოიმუშავა 2009/10 – 88.5 მილიონი ევრო 2010/11 – 10.5 მილიონი ევრო 2011/12 – 7 მილიონი ევრო 2012/13 – 36 მილიონი ევრო 2013/14 – 120.6 მილიონი ევრო 2014/15 – 121.5 მილიონი ევრო 2015/16 – 25 მილიონი ევრო 2016/17 – 37.2 მილიონი ევრო 2017/18 – 137 მილიონი ევრო 2018/19 – 100 მილიონი ევრო 2019/20 – 144 მილიონი ევრო აშრაფ ჰაკიმი - 40 მილიონი ევრო (დაუდასტურებელი). ჯამურად, თანხა, როგორც გითხარით 970.1 მილიონ ევროს შეადგენს.
0