კაცი ვარ კაცური - კაცი არ ხარ ?

0
"კაცი ვარ კაცური" ! ანუ ორი ტერმინის ერთპიროვნული დამახინჯება ერთ წინადადებაში. დღევანდელი სტატია არ შეეხება არც ქალთა ჩაგვრას (იმის მიუხედავად, რომ ის არსებობს და არაერთხელ შევხებივარ), არც უფლებების გათანაბრებას და არც მსგავს საკითხებს, რაც აქამდე ბევრჯერ თქმულა, თუმცა, სამწუხაროდ ფურცელზევე დარჩენილა. დღეს ვსვამთ კითხვებს, რას ნიშნავს "კაცი კაცური", "კაცი ვარ და..." , "არ არის კაცური" და ბოლოს ჩემი ფავორიტი, "კაცი არ ხარ?" სანამ ამ კითხვებს გავცემთ პასუხს, ჯერ შევეცადოთ ამოვხსნათ რას ნიშნავს ეს ტერმინი და როდის მიიღო ასეთი ბუნდოვანი განმარტება, როდის დაკნინდა, როდის ასოცირდა ძალასთან და დომინაციასთან, თუმცა სხვებს კიარ დავაბრალოთ, როგორც გვჩვევია, საკუთარ თავს მოვთხოვოთ კითხვებზე პასუხი. მაშასადამე გავყვეთ: კაცი - ადამიანი (არა კაც კლაო რომ ამბობენ, ქალები კალითო კიარსად წერია) კაც - მა - კაცმან საქმე მოაგვაროს, ვეჭვ-ჭმუნვასა ესე სჯობდეს კაც - ს - კაცს რომ ფიქრი არა ჰქონდეს, შენი მტერი, რომ კაცის ყოფნა იქნებოდა წუთისოფელში: მაშინ ხომ ვეღარც ენა იენავებდა და დამუნჯდებოდა მთელი კაცობრიობა. კაც - ის - კაცის სიტყვა კანონია ! კაც- ით - კაცს რომ ფიქრი არა ჰქონდეს, შენი მტერი, რომ კაცის ყოფნა იქნებოდა წუთისოფელში: მაშინ ხომ ვეღარც ენა იენავებდა და დამუნჯდებოდა მთელი კაცობრიობა. კაც - ად - კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, – აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?, კაც - ო კაცო, გიყვარდეს! ცათ შთამომძახეს, როს მათ დამბადეს. როგორც ზემოთ დავინახეთ, ტერმინი კაცი საკუთარ არსში მოიცავს, მებრძოლს, ჰუმანისტს, ჭკვიანს, გონიერს, განათლებულს - ადამიანს - ზემოთ მოყვანილი ფრაგმენტები ადამიანის რაგვარობას უსვამს ხაზს და ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა, ამ ტერმინით სქესის აღნიშვნა. თითქოს არაფერია, რა მნიშვნელობა აქვს, დედა-კაციც ხომ არსებობს, თუმცა საზოგადოებაში და მის ცნობიერში ამ საქციელით თავიდანვე, ცალსახად გამოჩნდა მამაკაცის დომინაცია. ენა ქვეყნის კულტურის და ადამიანის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს მასზე, თუმცა დღეს საუბარს ამ მიმართულებით არ წავიყვან, ახლა ისმის კითხვა, ზემოთ თქმულიდან გამომდინარე. კაცია ადამიანი?! ფიქრიანია, ჭკვიანია, გონიერია, ჰუმანურია, მებრძოლია თუ თავგანწირული ? აქაც კი, მაგრამ უფრო არა. იმ თაობაში, სადაც მე გავიზარდე, მოდაში იყო "ძლიერა" ბიჭების კულტი, რომელთათვისაც სირცხვილი იყო მასწავლებლის პატივისცემა, კითხვა, საკონტროლოს წერა, მოდაში იყო გოგოების აფთიაქში "ლირიკაზე" გაგზავნა, შავი ბენსიმონები, ჩხუბები, სადაც 2-40 წინააღმდეგ იყო, მაგრამ ამ ორმა თავი გადაირჩინა, თუ დასარტყამია დაარტყი, თუ მოსაკლავია მოკალი, კაცი არ ხარ? ფხიზელი ხარ? რატომ ? გაკვეთილი ჩააბარე ? გაგიჟდი ? დედიკომ ყური ხო არ აგიწია ? იცი გოგოებს რატომ არ მოსწონხარ, აი შენი იმედი არ აქვთ, ქალი კაცში ყოველთვის პატრონს ეძებს ! წამო, ვითამაშოთ, აბა ეხლა მუშაობა და ვიღაცის მონობა მე არ შემიძლია, ბიზნესს გავხსნი და ფეხს-ფეხზე შემოვიდებ. (აქ უდიდეს გავლენას ახდენს კლასობრივი ჩაგვრა, რომელიც სულ არსებობდა და ყველა საზოგადოებაში ტოვებდა კვალს. შემოდის ცვლადი, "განმათავისუფლებელი" პოლიტიკის, კონსიუმერიზმის და "ბიზნესშია თავისუფლება, შენც შეგიძლია გახდე ძლიერი, მთავარია ეს გზა აირჩიო" და მსგავსი სექტანტური გამოხტომები, რომლებიც რეალურად კავშირში არ არის ადამიანისა და საზოგადოების კეთილდღეობასთან) ასეთ სიმახინჯეებს არა იმდენად ეს ადამიანები, რამდენადაც ისინი შეეწირნენ, ვისაც არ სურდა ე.წ კაცურიკაცობა, ადამიანი, რომელიც შუაში იყო გაჭედილი და ვერ ხვდებოდა, წიგნი წაეკითხა თუ ფეხი აება კაცის კულტს, რადგან არც გოგოებს მოსწონდათ, არც ბიჭებს, არც მეგობრებს, ამიტომ საკუთარ თავს უსვამდა კითხვას, რა მჭირს ასეთი ? რატომ ვარ მარტო ? რატომ ვერ ვახდენ სოციალიზაციას ? კაცი არ ვარ ? კი, კაცი ხარ, თუ აღიარებ, რომ მამაკაცსა და ქალს თანაბარი უფლებები აქვთ, თუ დედა გიყვარს, თუ წიგნს კითხულობ, თუ ტირი, თუ ემოციური ხარ, თუ არ გესმის ქუჩის ჟარგონები, თუ ფიქრობ, როგორ გამოადგე საზოგადოებას, ქვეყანას, ოჯახს, თუ კარიერა გაინტერესებს, ბავშვის მოვლა მხოლოდ დედის პასუხისმგებლობა არ გგონია, თუ იცი რომ ძალადობა ნებისმიერი ფორმით მავნებელია, თუ ისე გაცვია როგორც გინდა, თუ გაჭყეპვამდე არ სვამ, თუ "რაზბორკებზე" არ დადიხარ, თუ ხანდახან წითლდები, იღლები, ვინმეზე ნაკლები შემოსავალი გაქვს, თუ ფული გაქვს ან არ გაქვს, იმ შემთხვევაში თუ ცხოვრობ ისე, როგორც საჭიროდ თვლი და ამით არ აზიანებ გარშემომყოფებს კაცი ხარ, კი ! ამას განმარტებაც არ უნდა სჭირდებოდეს თუმცა ბოლო დროს გახმაურებულმა ამბებმა ნათლად დამანახა, რომ კაცის ის განმარტება, რომელიც ჩემს ბავშვობაში იყო, ახლაც კარგად იდებს ფეხებს. და იცით ვინ არიან ეს კაცურობის შუქურები ? ზემოთ ნახსენები ხალხი, დიახ ! ესენი არიან, "ფემინიზმი გინდა? ხო და პიანინო ზიდე", "ცოლს ვერ ვაკადრებ", ქალია ცოლია დედაა ... დედააა, ქალია... მე ვიმუშავებ სახლში დაჯექი .. ზედმეტს თუ იტყვი მოგხვდება, ქალი არ უნდა აბლატავო, წინაზე ისეთი ჩხუბი მქონდა ? ლიდერბეთზე ჩამირიცხე .. არ მეგონა როდესმე თუ მსგავსად გაცვეთილი ფრაზებისაგან შემდგარ ინფორმაციას დავწერდი, თუმცა საჭიროებამ დამანახა. თაობა, რომელიც ახლა მოდის, უნდა გათავისუფლდეს დომინაციის დემონსტრირების მსგავსი ინტერპრეტაციებით, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, ვიმსჯელოთ, განვიხილოთ, სიღრმისეულად, ანალიტიკურად, ემოციურად, ყველანაირად, იმიტომ რომ გავლენები, რომელსაც მსგავსი დამახინჯებული "კულტები" ქმნის, ყოველთვის წნეხის ქვეშ ამყოფებს იმ შემდეგ თაობას, რომლის იმედიც ყველაჩვენგანს გვაქვს. კაციაადამიანი კაცი ქალი პოლიტიკა სოციალიზაცია
0