თურქეთის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, აია სოფიას ტაძარი შეიძლება თუ არა გადაკეთდეს მეჩეთად

0
თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, სტამბოლის აია სოფიას ტაძარი შეიძლება თუ არა გადაკეთდეს მეჩეთად. როგორც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu აცხადებს, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება 2 ივლისს ან 15 დღის განმავლობაში შეიძლება იქნეს მიღებული. ბიზანტიის იმპერატორის, იუსტინიანე I-ის ბრძანებით 532-537 წლებში აგებული აია სოფია (წმინდა სიბრძნე) საქრისტიანოში უდიდეს ტაძარს წარმოადგენდა თითქმის ათასწლეულის განმავლობაში. ოსმალების მიერ 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ ის მეჩეთად გადააკეთეს. 1934 წლის დეკრეტით მისი სტატუსი შეიცვალა და მუზეუმად გადაკეთდა. ტაძარი ამჟამად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაშია. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანი შარშან წინასაარჩევნო მიტინგზე გამოვიდა მისი კვლავ მეჩეთად გადაკეთების მოწოდებით. თურქეთში ბევრს მიაჩნია, რომ აია სოფიას ახლანდელი სტატუსი წარმოადგენს ქვეყნის სეკულარული კონსტიტუციის სიმბოლოს. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, ბართლომე I-მა, მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის სულიერმა ლიდერმა, დაგმო ეს ნაბიჯი, მაშინ როცა შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა თურქეთს, ტაძარი მუზეუმად დატოვოს. სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ 1 ივლისს თქვა, რომ სტატუსის შეცვლა დააკნინებს ძეგლის მემკვიდრეობას "და მის უბადლო შესაძლებლობას... ემსახუროს კაცობრიობას, როგორც ძალიან საჭირო ხიდი სხვადასხვა რწმენითი ტრადიციისა და კულტურის წარმომადგენლებს შორის." https://www.radiotavisupleba.ge/a/30702559.html
#ახალი_ამბები
#twitter
0