ყველაზე ძვირი საარჩევნო კამპანია - ტრამპი და ბაიდენი რეკორდულ შემოწირულობებს აგროვებენ

0
მეორე თვეა ჯო ბაიდენი უფრო მეტ შემოწირულობას იღებს საარჩევნო კამპანიაში, ვიდრე მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.  ბოლო მონაცემებით ირკვევა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბაიდენმა და დემოკრატიულმა პარტიამ 141 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა და მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 131 მილიონი დოლარი.  სპეციალისტები ფიქრობენ და ამბობენ, რომ ამერიკაში წელს ყველაზე ძვირი საარჩევნო მარათონი მიმდინარეობს. ორივე კანდიდატისთვის ერთ თვეში მიღებული შემოწირულობა რეკორდულია.  ბაიდენი რომელმაც დემოკრატიული პარტიის შიდა ყრილობაში დიდი მხარდაჭერა მიიღო ახლა ცდილობს შეამციროს დიდი ფინანსური სხვაობა რომელიც მის საარჩევნო კამპანიასა და პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო კამპანიას შორის არსებობდა.  სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ბაიდენისგან განსხვავებით დონალდ ტრამპმა მას შემდეგ რაც ის გახდა ამერიკის 45-ე პრეზიდენტი მალევე დაიწყო თანხების შეგროვება არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისთვის.  ჯო ბაიდენის ფულადი სახსრების ზრდა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ის ოფიციალურად გახდა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი. ამასთან ბაიდენის რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ რაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემია დაიწყო და ბოლო ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციები დაიწყო პოლიციის რეფორმის მოთხოვნით.  როგორც დემოკრატებმა, ასევე რესპუბლიკელებმა დაადასტურეს რომ მათ შეუძლიათ წინასაარჩევნო ბრძოლისთვის დიდი თანხები მოიზიდონ მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემია გრძელდება - რომელიც თავის მხრივ ზიანს აყენებს ეკონომიკას. მოზიდული თანხებით კი კანდიდატები სატელევიზიო და ინტერნეტ რეკლამაში ასევე პერსონალისთვის ხელფასების გადახდას უზრუნველყოფენ.  ტრამპმა თავისი დაბადების დღის ფარგლებში, კამპანიისთვის 14 მილიონი ამერიკული დოლარი შეაგროვა, ხოლო ჯო ბაიდენმა ამერიკის 44-ე პრეზიდენტის ბარაქ ობამას დახმარებით ერთ-ერთ ღონისძიებაზე 11 მილიონ დოლარზე მეტის შეგროვება მოახერხა.      https://www.amerikiskhma.com/a/us-presidental-election-2020/5486048.html
#ახალი_ამბები
0