მწარე მოგონებანი აფხაზეთზე

0
სახლში შემთხვევით გადავაწყდი ერთ ჩანაწერს, რომელიც გაკრული ხელით იყო დაწერილი. სათაურად – “მწარე მოგონებანი აფხაზეთზე”. ბევრი ფიქრის შემდეგ გამახსენდა ჩემი სტუდენტობის მეგობარი, რომელმაც 9 წლის უკან, პირველ კურსზე დამიწერა და მაჩუქა 6 გვერდად აკინძული. წარმოშობით აფხაზეთიდანაა და სწორედ ამიტომ აქვს დაწერილი ეს არარეალუირად მძაფრი განცდის სიუჟეტები სულში ჩამწვდომი სიტყვებთ. ვიფიქრე, რომ ნამდვილად იმსახურებს მისი მონაყოლი ერთ ლამაზ ადგილს ჩემს ბლოგზე, ამიტომ გთავაზობთ ჩანაწერს უცვლელად.
აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი კუთხეა. შავი ზღვა, მთები, ფლორა, ფაუნა, ტბები, მიწისქვეშა მღვიმეები, ზღვის ნოტიო და სუბტროპიკული ჰავა, თერმული წყლები წარუშლელ ზეგავლენას ახდენს მნახველზე. აფხაზეთის ტერიტორია მთელი საქართველოს ტერიტორიის 12.5%-ია და 8.7 ათას კვ. კილომეტრს შეადგენს. აქედან 74% მთა-გორებს უჭირავს. პირველი საუკუნის ბოლოსთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე აფსილების, აბაზგების და სანიგების სამთავროები ჩამოყალიბდა, რომელთა მთავრებს რომაელი იმპერატორები ამტკიცებდნენ. ახალი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში მთელი დასავლეთ საქართველო ერთიანდება ეგრისის (ლაზთა) სამეფოს გარშემო, ხოლო VIII საუკუნის 30-იან წლებში ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამთავრო. პ. ინგოროყვა, მ. ლორთქიფანიძე, თ. მიბჩუანი და სხვა ისტორიკოსები ხაზგასმით მიუთითებენ, რომ “სახელწოდება აფხაზი თავდაპირველად დასავლეთში მცხოვრებ ქართულ ტომს აღნიშნავდა, შემდეგ კი იგი გახდა არაქართველი ხალხის სახელი, რომელიც თავის თავს “აფსუას” უწოდებდა. შუა საუკუნეებში აფხაზი ისეთი ქართველი იყო, როგორც დღეს კახელი, ქართლელი, იმერელი, მეგრელი და სვანი…” ცნობილია, რომ შუა საუკუნეებში აფხაზური ენა არ არსებობდა, რადგან აფხაზები ქართულ-მეგრულ ენაზე მეტყველებდნენ. ვორონცოვის მტკიცებით: “აფხაზები ენათესავებიან მონღოლებს, ალანებს, ბერძნებს, იტალიელებს, გერმანელებს, ირანელებს სომხებს, თურქებს.. ქართველების გარდა ყველას. IX-X საუკუნეებიდან აფხაზები სისხლით დაუნათესავდნენ რუსებს”. ვორონცოვმა აფხაზები კინაღამ ადამისა და ევას შვილებად გამოაცხადა. მეცნიერის ამგვარი მტკიცების მიზანი სულ სხვა იყო, ვორონცოვს უნდოდა აფხაზეთი რუსების საზაფხულო აგარაკად ქცეულიყო. მაგრამ, როდესაც დაინახა, რომ მის მიზანს განხორციელება არ ეწერა მან დასვა საკითხი აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ამან კარგად დაანახა აფხაზებს, თუ რა სახის დამცველი ჰყავდათ ვორონცოვის სახით. და იგი მისივე სახლის შესასვლელთან ვერაგულად მოკლეს. რუსეთის ცარიზმი მრავალი წლის წინ ცდილობდა აფხაზ-ქართველთა დაპირისპირებას, აღვივებდა შუღლს მათ შორის. ავიწროებდა ქართულ ენას, ქართულის ნაცვლად მღვდელმსახურება ტარდებოდა სრულიად გაუგებარ ძველ სლავურ ენაზე, ეკლესიები კი რუსულ საეკლესიო ინსტანციებს დაუკავშირეს. რუსების მცდელობა ქართული ენის შესასუსტებლად კარგად ჩანს რუსიფიკაციის ერთ-ერთი პოლიტიკოსის ჩანაწერში: “აფხაზური დამწერლობის შემოღება ეკლესიისა და სკოლის მეშვეობით უნდა იყოს საშუალება ქართული ენის გამოყენების შესასუსტებლად, რათა იგი თანდათან იქცეს სახელმწიფო ენად და შეცვალოს ქართული”. აგრეთვე თავადი გოლიცინი და ეგზარქოსი ალექსეი სინოდის ობერ-პროკურორს წერდნენ: “გვინდა სოხუმის ეპარქია არასასურველ ქართულ გავლენას ჩამოვაცილოთ, ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია სოხუმის ეპარქიის ყუბანზე მიერთება, რადგან აქ არსებული ქართული მოძრაობა ამ უბნის გარუსებას ამუხრუჭებს”. მიუხედავად რუსების ამგვარი მზაკვრული მცდელობისა 1921 წლის დეკემბერში აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში შევიდა, როგორც “მოსალაპარაკებელი რესპუბლიკა” სათანადო ხელშეკრულებით. საქართველო-აფხაზეთს შორის გაფორმდა სამხედრო-პოლიტიკური და საფინანსო-ეკონომიკური კავშირი, გაერთნიანდნენ სამხედრო, საფინანსო, სამეურნეო, იუსტიციის და საზღვაო ტრანსპორტის კომისარიატები. 1990 წლისთვის აფხაზეთში არსებობდა 93 კოლმეურნეობა და 56 საბჭოთა მეურნეობა, სადაც დასაქმებული იყო 57500 მაცხოვრებელი. აფხაზეთში ყოველგვარი პირობები იყო ნორმალური და ბედნიერი ცხოვრებისთვის, მაგრამ ზოგიერთი აფხაზი, განსაკუთრებით გააფხაზებული ქართველი, ხშირად უკუღმართობდა. გამომდინარე იქიდან, რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, რომლებიც იძლებულნი გახდნენ მიეტოვებინათ საკუთარი სახლ-კარი, გადავწყვიტე დამეწერა აფხაზეთზე. სიტყვა აფხაზეთი არის ჩემი სულიერი და ხორციელი ტკივილი და კვნესა. დარწმუნებული ვარ აფხაზეთიდან დევნილი ნებისმიეირ პიროვნება იგივეს განიცდის ამ სიტყვის გაგონებისას. მინდა მწუხარებით გავიხსენო რამდენიმე მაგალითი, იმ საშინელი ფაქტებიდან, რაც ტრიალებდა აფხაზეთში. შეიძლება ვინმემ თქვას, რად გვინდოდა იმ საშინელებათა გახსენება რაც დატრიალდა აფხაზეთში, უკეთესი არ იქნება რაც უფრო მალე ამოიშლება ის სამარცხვინო ფურცელი ჩვენი მეხსიარებიდანო; მაგრამ არა, დავიწყებას არ უნდა მიეცეს ის რაც აფხაზეთში მოხდა. მზაკვრული კლასიკური ხერხებით განხორციელებული ეთნიკური წმენდა აფხაზეთში, რომლის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი იყო და არის რუსეთის იმპერია, ხოლო შემსრულებელი – აფსუა სეპარატისტები და მათი ჩრდილო-კავკასიელი ძმები, დაფიქსირებული და დაგმობილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების საფუძველზე. მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეშია იმ ათასობით წამებით დახოცილი უდანაშაულო ადამიანების ოჯახებისთვის, რომლებიც დახოცეს იმიტომ, რომ ქართველები იყვნენ. გალის რაიონში ადგილობრივი მოსახლეობის ფიზიკურ წმენდას შეეწირა 1300-მდე მშვიდობიანი უდანაშაულო ადამიანი, რაც მთლიანად აფხაზეთში დაღუპულთა 25% შეადგენს (?). გალის რაიონი, ოდითგანვე სამურზაყანოდ ცნობილი, ყოველთვის წარმოადგენდა ქართული კულტურის განვითარებისა და თვითმყოფადობის დაცვის ცენტრს. აფხაზეთში ძმათამკვლელი კონფლიქტის დროს გალის რაიონმა ყველაზე ბოლოს იწვნია ომის მსახვრელი ხელი, მაგრამ ის რაც საკუთარი მოსახლეობის აყრის შემდეგ დაატყდა თავს ამ რაიონს, ამაზრზენი და ცივილიზებული სამყაროსთვის ყოვლად მიუღებელია. იმედი მაქვს მალე დადგება ის სანატრელი დღე, როცა სისხლით მონათესავე ქართველები და აფხაზები მომავალ თაობათა ბედ-იღბალზე ზრუნვითა და პასუხისმგებლობით გაერთიანებულნი პარივს მიაგებენ სამურზაყანოს თვითმყოფადობასა და მისწრაფებებს. აფხაზეთი – ჩვენი ყველაზე დიდი და მძიმე სატკივარია. უმოწყალოდ დახოცილი თანამემამულენი, შელახული თავმოყვარეობა, დაკარგული ტერიტორიები უმძმეს მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ იმედი მაინც არსებობს, რომ აღდგება ისტორიული სამართლიანობა, იზეიმებს სამართალი და კაცთმოყვარეობა. ქართულ-აფხაზური ომი 1992 წელს კი არ დაწყებულა, არამედ იგი დიდი ხანი იყო, რაც მზადდებოდა. ამ ვადაგანუსაზღვრელი ომისთვის საფუძველის ჩაყრა მაშინ დაიწყო, როცა აფხაზებმა ქართული ტოპონიმების შეცვლა დაიწყეს აფსუური ტოპონიმებით. ეს ომი გააჩაღეს ერთეულმა – სწავლაში, ცხოვრებაში და მუშაობაში ხელმოცარულმა ადამიანებმა მესამე ძალის უშუალო ხელმძღვანელობითა და დახმარებით. აფხაზი ხალხი აქ არაფერ შუაშია, ზოგიერთმა ამბიციურმა პირმა ჩაითრია ისინი ომში და საუკუნოვანი პრობლემა შეუქმნეს საკუთარ ხალხს და ქართველებს. აფხაზეთის კონფლიქტის წამომწყებნი სათანადოდ არ დასჯილან. ამან ფრთები შეასხა მათ და უფრო ინტენსიურად დაიწყეს ომისთვის მზადება. წარმოებდა სამხედრო გადამზადება, ახალი ბატალიონების ჩამოყალიბება ჩრდილო კავკასიიდან მოსული, დაქირავებული ახალგაზრდების ხარჯზე. ბევრი ჩამოსული ახალგაზრდა ჩარიცხეს აფხაზეთის უმაღლეს სასწავლებლებში. ფაქტიურად ისინი ბოევიკები იყვნენ და ომისთვის ემზადებოდნენ. ყიდულობდნენ იარაღს, სამხედრო ტექნიკას, საველე რადიოსადგურებს. მათ გათვლილი ჰქონდათ ისიც კი, თუ როგორ და რა ტრანსპორტით გაეტანათ ნაძარცვი ქონება. 1993 წელს აფხაზებმა წარმატებით ჩაატარეს რუსეთის შეიარაღებული ძალების [……….. რამდენიმე სიტყვა გარკვევით არ იკითხება, კ.ს.] ჩაიგდეს ათასზე მეტი ავტომატი, 1275 ტყვიამფრქვევი და საბრძოლო მასალები. საქართველოში კი ამ დროს სრული ანარქიაა. ნაწილი პრეზიდენტის მომხრეა, ნაწილი ოპოზიციაშია, ნაწილი სეპარატისტებთან თანამშრომლობს, ზოგიერთი კი იმით იყო დაკავებული, როგორმე ხალხი დუბაიში გაეწვია დასასვენებლად. ასეთი მდგომარეობა აფხაზებმა გამოიყენეს და ერთადერთ სახელმწიფო ენად გამოცხადდა რუსული. 1994 წლის ნოემბერში მიღებული კონსტიტუციით აფხაზეთი გამოაცხადეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. აფხაზთა მიზანი იყო ქართველთა გენოციდი და ეთნიკური წმენდის ჩატარება. ეს მათ განახორციელეს კიდეც და ქართველების აბსოლუტური უმეტესობა გამოყარეს, გამოაძევეს აფხაზეთის მიწიდან, საკუთარი მამულებიდან. აფხაზეთის ტერიტორიიდან ქართველთა გამოდევნა განხორციელდა 5 ეტაპად: 1. 1991 წლის 17 მარტიდან 1992 წლის აგვისტომდე ქართველთა გამოდევნა გუდაუთის რაიონიდან. 2. 1992 წლის 14 აგვისტოდან 2 ნოემბრამდე ისევ გუდაუთის რაიონიდან. 3. 1992 წლის 2 ოქტომბრიდან 15 სექტემბრამდე ქართველა გამოდევნა გაგრის რაიონიდან. 4. 1993 წლის 16 სექტემბრიდან ქართველთა გასახლება სოხუმისა და ოჩამჩირის რაიონებიდან. 5. 1993 წლის 30 სექტემბრიდან ქართველთა გასახლება გალის რაიონიდან.
ქართველების მიმართ აფხაზ ბოევიკთა ვერაგობის, უსაზღვრო სიძულვილისა და სისასტიკის არაერთი შემაძრწუნებელი ფაქტი არსებობს. მაგალითად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბ-ნ თ. ნადარეიშვილის მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ ასობით კარგად მომზადებული და შეიარაღებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები ქალაქებსა და სოფლებში შეჭრისთანავე იწყებდნენ ქართველთა ხოცვა-ჟლეტას. ცოცხალ ადამიანებს თავებს ჰკვეთდნენ, სხეულებს უსახიჩრებდნენ, ქალებს ქმრებისა და მშობლების თვალწინ აუპატიურებდნენ. ამაზე მეტი სისასტიკე რაღა გვინდა. 1995 წლის 17 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟაში ბოევიკები თავს დაესხნენ ერთ-ერთ ოჯახს და მშობლების თვალწინ ორი მცირეწლოვანი ბავშვი რკინის ღობეზე ჩამოაცვეს, მშობლები წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით, მისი რძალი და სტუმარი იქვე მიახვრიტეს. აქვე მინდა გავიხენო ჩემი ბიძის ოჯახის გამოსახლებაზე და მისი ძმის მკვლელობაზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ზემოთ აღნიშნულ ოჩამჩირის რაიონში. საბედნიეროდ მამიდაჩემმა, ბიძაჩემმა და მამიდაშვილებმა მოახერხეს გამოქცეოდნენ აფხაზ სეპარატისტებს, მათ სახლიდან ვერაფრის წამოღება ვერ მოახერხეს. ყველაფერი აფხაზებმა წაიღეს, რისი წაღებაც ვერ მოახერხეს დაამტვრიეს და ცეცხლი წაუკიდეს. იქვე ახლომდებარე სახლში ცხოვრობდა ბიძაჩემის ძმა, რომელიც სახლში იმყოფებოდა როცა ეზოში აფხაზები შესულან, მათ დაიჭირეს ბიძაჩემის ძმა, აწამეს, შემდეგ კი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს და როგორც შემდეგ გაირკვა დახვრიტეს. სოფელ ფშაფში სომხების ბანდამ დახოცა ექიმები ძმები სიჭინავები. ფეხმძიმე ქალი, გვარად პაპავა ხეზე დაკიდეს, მუცელი გაუჭრეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს. გაგრელ კაცს გვარად მელაძეს, გადაუჭრეს ვენები, მისი სისხლით ჭიქები აავსეს და ქართული სისხლით შესვეს “დამოუკიდებელი აფხაზეთის” სადღეგრძელო. რა დონის სასტიკი უნდა იყო, რომ საკუთარი ხელით ჩაიდინო ასეთი სისასტიკე. ჩემი აზრით, ადამიანმა, რომელმაც ეს სისასტიკე ჩაიდინა, არ არის ღირსი იწოდებოდეს ადამიანად. 1995 წლის 5 ოქტომბერს დაბა ლესელიძეში აწამეს და ელექტრო ბოძზე ჩამოახრჩვეს 50-მდე ქართველი. ახალსოფელში დახვრიტეს 17 კაცი. 70 წლის ი. გრძელიძეს საჯაროდ ამოგლიჯეს გული, ხალხის თვალწინ ცულით დაჩეხეს ე. მაისურაძე. აფხაზების მიერ ჩადენილ სისასტიკეს ბოლო აღარ უჩანდა. მოვიყვან მოკლე ამონაწერს აფხაზების ტყვეობაში მყოფი ახალდაბელი პედაგოგის მოგონებებიდან, რომელიც ყველა ქართულ გაზეთში დაიბეჭდა: “…. ყველანი წაგვასხეს სკოლის ეზოში, იქ კიდევ ქალები და ბავშვები შემოგვიერთეს, ეზოებში და სოფლის გზაზე ეყარა დახოცილი ხალხი, აგვართვეს ორი გოგო, მერვე და მეცხრე კლასელები იყვნენ. დედებმა მორთეს ღრიალი არ წაიყვანოთო. ოქროსა და ფულს მოგცემთო, მაგრამ ამაოდ. ოქროც წაართვეს, ფულიც და გოგონებიც წაიყვანეს. ჩასვეს პატარა მანქანაში და მერე მე ისინი თვალით აღარ მინახავს. მალე მათი ლიდერი ედიკ ჟვანია მოვიდა და აძიუბჟის შტაბში წაგვიყვანეს. შტაბის ზედა სართულზე ახალგაზრდები შეიყვანეს. ქვედა სართულზე კი – ხანდაზმულები. ზედა სართულიდან გაჰყავდათ ახალგაზრდა გოგონები, ჩემი ნათესავი ორი გოგონაც ასევე წაიყვანეს. წარმოიდგინეთ ჩვენი მდგომარეობა, ხმის ამოღების უფლება არ გვქონდა და მუნჯურად დავტიროდით საკუთარ თავსა და უბედურებას. ერთმა გოგონამ შემომჩივლა – თამარა ბებია, მეტი აღარ შემიძლია რა ვქნაო. როდესაც გამომიშვეს ასე მითხრეს: შენ თუ არ შეგიძლია მაშინ ვინმე შენი ტოლი გამოიყვანეო. რა ვქნა როგორ მოვიქცეო? არ ვიცოდი რა მეპასუხა ასეთი პატარა გოგოსთვის, ჩემივე მომავლისთვის. ჯერი უკვე ჩემს შვილიშვილზე იყო. მე, გონებაწართმეულმა პედაგოგმა შუბლის ძარღვი გავიწყვიტე და ასე ვუპასუხე: “ბებია ნუ გეშინია არ მოგკლავს, მოგეფერება, ერთხელ კიდევ გაყევი მეთქი” – ბავშვი მაშინვე გაყვა. ამით მე, საცოდავმა ჩემი შვილიშვილი გადავარჩინე, მაგრამ რის საფასურად? ღირს აწი ჩემი ქალობა, ჩემი პედაგოგობა და ჩემი სიცოცხლე?” კიდევ ერთი შემაძრწუნებელი ფაქტი, აფხაზებმა ტამიშში ტყვედ აიყვანეს გ. ბენიძე და ფ. არჯევანიძე. ბენიძეს ჯერ ყურები ჩამოათალეს, შემდეგ ცხვირი მოაჭრეს, ბასრი დანით მუცელს უფატრავდნენ და შემდეგ იმავე დანით ყელი გამოჭრეს. არჯევანიძეს სხვანაირი სასჯელი მოუფიქრეს – კისერში ეკლიანი მავთული ჩააბეს, ცხენს გამოაბეს და მანამ ათრიეს სანამ სული არ დალია. ყურები და ცხვირი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მოაჭრეს. 1993 წლის 27 ივნისს სოჭში ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც მოხდა ქართული ჯარის განიარაღება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, გაყვანილ იქნა მძმე ტექნიკა. ასევე თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა. აფხაზეთის გახიზნული მოსახლეობა დაუბრუნდა საკუთარ კერებსა და მშვიდობიან ცხოვრებას. 16 სექტემბერს კი ეს შეთანხმება ვერაგულად დაირღვა  და 10 დღის უთანასწორო სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ სოხუმიც დაეცა. ხიზნობიდან სოხუმში დაბრუნებული ხალხი თითქოს ხელოვნურად და წინასწარ დაგეგმილად გამოუვალ მდგრომარეობაში აღმოჩნდა. ბევრი მათგანი დაიღუპა, ბევრმა წვალებით გამოაღწია სამშვიდობოს. აფხაზეთის დაკარგვით ლტოლვილად იქცა 280 ათასი ქართველი, 30 ათასი რუსი, 25 ათასი აფხაზი, სომეხი, ბერძენი, ებრაელი და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. აფხაზეთიდან დევნილი ადამიანების მწარე მოგონებების, ტანჯვა-წამების და ენით აუწერელი სისასტიკის მიუხედავად, მჯერა, რომ მალე დავბრუნდებით აფხაზეთში და ის ნაღველი და სევდა, რაც სიტყვა აფხაზეთის გაგონებისას გვეუფლება შეგვეცვლება სიხარულით და ბედნიერებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვცხოვრობ მაინც მირჩევია ჩემს მამულში, აფხაზეთში ვიცხოვრო. აქვე მინდა მოვიყვანო ერისთავის ცნობილი ლექსის ერთი სტროფი, ჩემი სურვილის გასამართლებლად: სამშობლო, დედის ძუძუი არ გაიცვლების სხვაზედა ორივ ტკბილია ძმობილო, მირჩევნის ორთავ თვალზედა როგორც უფალი, სამშობლოც – ერთია ქვეყანაზედა.. არ გავცვლი სალსა კლდეებსა, უკვდავებისა ხეზედა, არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა.
#აფხაზეთი
#სოხუმი
#მოგონებები
#ოკუპაცია
#პოლიტიკა
#sokhumidaily
0