როგორ გვეხმარება სეირნობა ფიქრში?

0

ვოგის 1969 წლის საშობაო ნომერში ვლადიმერ ნაბოკოვმა გასცა ამგვარი რჩევა – რომ ჯეიმს ჯოისის “ულისეს” სწავლება არა მოძველებული, ტრადიციული ხერხებით უნდა გაეგრძელებინათ, არამედ ლექტორებს უნდა ეცადათ, პერსონაჟების “კვალს გაჰყოლოდნენ”. უცნაურად ჟღერს ხომ? უფრო გასაგებად რომ გითხრათ, ნაბოკოვმა საზოგადოებას ურჩია, რომ მათ “ულისეს” პერსონაჟების, ბლუმისა და სტეფანის დამაკავშირებელი ქუჩებით იარონ და ამ პერსონაჟებზე იფიქრონ. რამდენიმე დეკადის გასვლის შემდეგ, ბოსტონის კოლეჯის პროფესორმა, ჯოზეფ ნიუგენტმა კოლეგებთან ერთად სტუდენტებს “ულისეს” მიხედვით ანოტირებული “გუგლ მეფი” შესთავაზა, სადაც მათ შეუძლიათ, პერსონაჟების კვალს გაჰყვნენ. მომავალში ამგვარი მიდგომა ვირჯინია ვულფის ნაწარმოებებსაც შეეხო, რამაც სტუდენტებს ლონდონის ბილიკები სხვაგვარად აათვისებინა.

ამგვარი რუქები იმას უსვამს ხაზს, თუ რამდენადაა დამოკიდებული რომანები გონებისა და ფეხების უცნაურ და ძლიერ კავშირზე. ვულფი და ჯოისი ის მწერლები იყვნენ, რომლებმაც პერსონაჟების აზროვნება მათ ქუჩებში სვლას/სეირნობას დაუკავშირეს. მაგალითად, როდესაც მისის დოლოვეი მიდის, ის ნაკლებად აღიქვამს მის გარშემო არსებულ ქალაქს. სამაგიეროდ, მისი გონება წარსულზე ფიქრითაა მოცული, ლონდონი კი ამ ეპიზოდში ჩაინტეგრირებულია, როგორც მენტალური ლანდშაფტი – ე.ი გზა, რომელსაც აზროვნების დროს გადის.

აზროვნებასა და სიარულს შორის კავშირი თვით ბერძენმა ფილოსოფოსებმაც აღმოაჩინეს. ჰენრი დევიდ თორო ამბობდა “რა ძნელია ჯდომა და წერა მაშინ, როცა არასდროს ამდგარხარ იმისთვის, რომ გეცხოვრა! იმ მომენტიდან, როცა ჩემი ფეხები მოძრაობას დაიწყებენ, ჩემი ფიქრებიც აიშლებიან..” და მაინც, ამგვარი რა კავშირია აზროვნებასა და სიარულს შორის? ამაზე პასუხი ჩვენს ორგანიზმებში მიმდინარე ქიმიური ცვლილებებით იწყება. როდესაც ჩვენ სასეირნოდ გავდივართ, გული უფრო სწრაფად გვიცემს, სისხლი უკეთესად მოძრაობს და ჟანგბადი ყველა ორგანოს უკეთესად მიეწოდება – მათ შორის, ტვინს. რეგულარულად სიარული ასევე ხელს უწყობს ახალ კავშირებს თავის ტვინის უჯრედებს შორის, აჩერებს ტვინის ქსოვილების დაზიანებას, რაც ასაკთან ერთად მოდის, ზრდის ჰიპოკამპის მოცულობას (ტვინის რეგიონი, რომელიც გადამწყვეტია მეხსიერებისათვის). ასევე, ამაღლებს მოლეკულების დონეს, რაც ასტიმულირებს ახალი ნეირონების ზრდასა და მათ შორის იმპულსების გადაცემას. ის, თუ როგორ ვმოძრაობთ, ცვლის ჩვენს აზროვნებას და პირიქით – როგორც ვფიქრობთ, ისე ვმოძრაობთ. შეგვიძლია, პარალელი გავავლოთ მუსიკასთანაც – როგორ მუსიკასაც ვუსმენთ, იმგვარადვე ვვარჯიშობთ და ვმართავთ ავტომობილს. სიარულისას არაკონტროლირებადი უკუკავშირი იქმნება ჩვენი სხეულის რიტმსა და გონებრივ მდგომარეობას შორის, რომელსაც ვერ გამოვცდით მაშინ, როცა ვვარჯიშობთ, ავტომობილს ან ბაიკს ვმართავთ ან უბრალოდ სხვა აქტივობას ვეწევით. სწორედ იმიტომ, რომ სიარულისას რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევის ხარჯვა არ გვიწევს, ჩვენს გონებას ეძლევა შესაძლებლობა, გარშემო არსებული სამყარო საკუთარი ფანტაზიებით დაასურათოს. ამიტომაცაა ნათქვამი, რომ ინოვაციური და შემოქმედებითი იდეები თავს ყველაზე ხშირად სიარულისას იჩენენ ხოლმე. სხვადასხვა კვლევის საფუძველზე დადგინდა ისიც, რომ სიარული კარგია პრობლემაზე ფიქრის დროსაც, რადგანაც ასეთ დროს ყველაზე რელევანტურ და სასარგებლო გზებზე ვფიქრობთ – ამავდროულად, ჩვენთვის საუკეთესო სამოძრაო ტრაექტორიასაც ვარჩევთ ქვეცნობიერში. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე იმასაც, თუ სად დავდივართ. როგორც აღმოჩნდა, მწვანე გარემოში სიარული ბევრად უფრო კარგია, რადგანაც ეს აახალგაზრდავებს ტვინის უჯრედებს, რომლებიც ადამიანის მიერ შექმნილ გარემოში დაზიანდა. ამიტომაც, უმჯობესია, სასეირნოდ აირჩიოთ ბაღები, სკვერები, ტყეები.. ხალხით და ტრანსპორტით გადაჭედილ ქუჩებში მეტია შანსი, რომ ყურადღება გაგეფანტებათ და საკუთარ სამყაროს მოწყდებით. და მაინც, ბუნება იქნება ეს თუ უბრალოდ ურბანული ქუჩები, სეირნობა გონებისთვის სასარგებლოა. ლონდონის ქუჩებში მოსიარულე ვირჯინია ვულფს მოსწონდა ქალაქის ცენტრში ყოფნა – იქ, სადაც ყველა და ყველაფერი თავს იყრის. თუმცა, იმასაც ამბობდა თავის დღიურებში, რომ ბუნებაში მისი სული და გონება ხსნას პოულობდა. ალბათ, სიარულს, ფიქრსა და წერას შორის ღრმა კავშირი მწერლისთვის დღის ბოლოს საწერ მაგიდაზე ვლინდება. ვლინდება ის, რომ ფიქრი და სიარული ერთი სხეულის ორი ანალოგიური გამოხატულებაა – ფიზიკური და მენტალური. ერთით ქუჩებში მივიკვლევთ გზას, მეორეთი კი – გონებაში. და გარდა იმისა, რომ სიარულით ჯანმრთელობას ვიუმჯობესებთ, საკუთარ თავს ვაძლევთ შანსს, ვიყოთ მეტად პოზიტიურები და უკეთესად გამოვიყენოთ გონებრივი რესურსი.

#სეირნობა #ფიქრი #თვითგანვითარება
Tbilisi
#ჯანსაღიცხოვრება
0