“ქურდული სამყარო” - სამართლებრივი ჩარჩო

0
საქართველოს კანონი ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ მუხლი 3. "ქურდული სამყარო", "ქურდული სამყაროს" საქმიანობა, "ქურდული სამყაროს" წევრი, "კანონიერი ქურდი", "ქურდული გაჩევა", "ქურდული შეკრება". 1. "ქურდული სამყარო" - პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც შეთანხმებულია "ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებაზე. 2. "ქურდული სამყაროს" საქმიანობა - "ქურდული სამყაროს" წევრის/ "კანონიერი ქურდის" საქმიანობა, განხორციელებული დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობით, "ქურდული შეკრებით"/"ქურდული გარჩევით", დანაშაულებრივ ქმედებაში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებებით, რომლის მიზანია თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის ან უპირატესობის მიღება, ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება/მინიჭება. 3. "ქურდული სამყაროს" წევრი - პირი, რომელიც აღიარებს "ქურდულ სამყაროს" და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე პირი, რომელიც აღიარებს "ქურდულ სამყაროს", კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას "ქურდულ სამყაროს" საქმიანობაში მონაწილეობისთვის. 4. "კანონიერი ქურდი" - პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს "ქურდულ სამყაროს" ან "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მეთოდების გამოყენებით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს პირთა გარკვეულ ჯგუფს. 5. "ქურდული გარჩევა" - "ქურდული სამყაროს" წევრის/"კანონიერი ქურდის" მიერ პირის ქმედების შეფასება ან/და დავის განხილვა/გადაწყვეტა ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით), "ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელების მიზნით. 6. "ქურდული შეკრება" - ორი ან ორზე მეტი პირის შეკრება ან დაკავშირება ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით), პირთა "ქურდულ სამყაროში" გაწევრიანების ან წევრობის შეწყვეტის, სტატუსის შეცვლის ან "ქურდული სამყაროს" საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის (მათ შორის, ფინანსური/მატერიალური რესურსების განკარგვის საკითხის) განხილვის/გადაწყვეტის მიზნით.
0