სუს-მა მთავარ არხზე გასული სიუჟეტის შავი მასალა გამოითხოვა

0
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „შაბათის მთავარში“ გასული რეპორტაჟის - „ნაყიდი COVID 19“-ი და ასევე, 2020 წლის 25 ივნისს, 21:03 – 21:13 საათის პერიოდში გასული სიუჟეტის, სრული და უწყვეტი, დაუმონტაჟებელი მასალა გამოითხოვა. სუს-ის ინფომრაციით, საგამოძიებო ორგანოს ინიციატივისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩენი რომლის მიხედვითაც „მთავარი არხი“ ვალდებულია საგამოძიებო უწყებას ეთერში გასული სიუჟეტის ეგრედწოდებული შავი მასალა გადასცეს. შესაბამის განკარგულებას „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობას დღეს, 2 ივლისს, ჩააბარებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საბოტაჟის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შედეგებსაც ასაჯაროვებს. უწყების ცნობით, 2020 წლის 20 ივნისს „მთავარის“ ეთერში გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი გავიდა სადაც ტელეკომპანია წინასწარი შეცნობით ყალბ ამბავს მასობრივ მაყურებელს აუწყებდა. „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის პერიოდში სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონა ვირუსის დასახელების სანაცვლოდ, 3 000-დან 10 000 ლარამდე, ფულად თანხას სთავაზობდნენ. სუს-ის განცხადებით, სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდგომ მას ორგანიზებულად გამოეხმაურნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები და ფეისბუქზე მასალის გაზიარებისა და კომენტარების წერის მეშვეობით შეეცადნენ ცრუ ინფორმაციისათვის დამაჯერებლობის მიცემას. „გამოძიების მიმდინარეობის დროს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით და კვალიფიციური თარჯიმნების მონაწილეობით, გამოკითხული იქნა 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ „შაბათის მთავარში“ გასული რეპორტაჟის ყველა ფიგურანტი და რესპოდენტი. გამოსაკითხ პირთა ის ნაწილი, ვინც გამოთქვა სურვილი, ჩვენება მაგისტრი მოსამართლის წინაშე მიეცა, დაიკითხა სასამართლოში. დაკითხვების შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ რესპოდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები განზრახ იყო დამახინჯებული სიუჟეტის ავტორთა მიერ უსწორო თარგმანის მეშვეობით და დადგინდა, რომ ამ პირებისთვის არათუ თანხა არ შეუთავაზებია არავის მათი ოჯახის წევრების გარდაცვალების არარეალური მიზეზის დასახელების სანაცვლოდ, არამედ მათ, აღნიშნული ფაქტის შესახებ ზოგადი ინფორმაციაც კი არ ჰქონდათ“. - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სუს-ის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ის პირებიც გამოიკითხნენ, ვინც აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში აქტიურობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ფლობდნენ ინფომრაციას იმ ოჯახების შესახებ, ვისაც გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის დასახელებისათვის ფული შესთავაზეს. უწყების ცნობით, ვერცერთმა გამოკითხულმა ვერ დაადასტურა აღნიშნულის დამადასტურებელი ფაქტი და თუ საედან ფლობდნენ ინფორმაციას. „იმავდროულად, გამოძიებით აშკარად იკვეთება, რომ ქვეყანაში მოქმედი გარკვეული ძალები და პირთა ჯგუფები, მასობრივი ინფორმაციის ხვადასხვა საშუალებებში ცრუ ინფორმაციის კამპანიურად გავრცელების გზით, მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოს მოქალაქეებში დიამეტრალურად განსხვავებული განწყობების შექმნას, რაც იწვევს დასაბუთებულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ ამ დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორები, მოსახლეობაში დაუცველობის განცდის, სახელმწიფოსადმი უნდობლობის, პანიკისა და ქაოსის დათესვის გზით მიზნად ისახავენ სსახელმწიფო დაწესებულების, ორგანიზაციების და სამსახურების ნორმალური სამსახურების ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას“ - წერია სუს-ის განცხადებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 16 მარტს დაიწყო. სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ „მთავარის“ ეთერში გასული სიუჟეტის რესპოდენტები და ის ადამიანები, ვინც მასალა პირად ფეისბუქ გვერდზე გააზიარა.
#სუსი
#მთავარიარხი
#მარნეული
#MarneuliDaily
წყარო; რადიო მარნეული
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0