14 იანვარი…

15
“შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა..."
ჩიჩილაკს "ქართულ ნაძვის ხესაც"უწოდებენ. ეს იყო რიტუალური საგანი, რომელსაც საახალწლოდ სპეციალურად ამზადებდნენ. ის ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ჩიჩილაკი ახალი წლის სიმბოლოა. წინათ გურიასა და იმერეთში ახალი წლის დღეებში ყველა ცდილობდა თავის ოჯახში ჩიჩილაკი დაედგა. არსებობდა ჩიჩილაკის რამდენიმე სახეობა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული გურული ჩიჩილაკია. სხვათა შორის, იმერეთში ჩიჩილაკს ენდროთიც ღებავდნენ.
"ქართული ნაძვის ხე" ასე მზადდება: ახალ წლამდე ორი კვირით ადრე მოჭრიან თხილის გრძელ ჯოხს და წყალში ალბობდნენ. ახალი წლის წინა ღამეს ცეცხლზე ქერქს დაბრაწავენ (ადრე ამას კერიის შუაცეცხლზე აკეთებდნენ), მერე კანს აცლიან, თლიან და ცოტა ხანში მზად არის თოვლივით თეთრი ჩიჩილაკი, რომელსაც ჩირითა და სუროს ტოტებით რთავდნენ. სასიხარულოა, რომ საქართველოში ჩიჩილაკი სულ უფრო პოპულარული ხდება და მას ახლა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში შეხვდებით ოჯახებში და არა მხოლოდ გურიაში.
ჩიჩილაკი წმინდა ბასილის სახელთან არის დაკავშირებული. გურიაში მას "ბასილის ფაფუკ წვერებსაც"ეძახდნენ, საახალწლოდ გამომცხვარ ნამცხვარს კი "ბასილის პურს"უწოდებდნენ.                  
საქმე ის არის, რომ 14 იანვარი წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღე გახლავთ და როგორც ჩანს, ხალხმა ამ ფორმით გამოხატა მოწიწება ამ დიდი წმინდანის მიმართ.
ჩიჩილაკს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სადღესასწაულო ხონჩაზე, რომელიც ახალი წლის ღამეს იშლებოდა. ნათლისცემის წინა ღამეს ჩიჩილაკს აუცილებლად წვავდენენ და სჯეროდათ, რომ გასული წლის უსიამოვნებებს მისი ფერფლი წაიღებდა.

მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:

ბასილი დიდის ხსენების დღეს.
ღირსი მამა ბასილი დიდი დაახლოებით 330 წელს დაიბადა კაბადუკიის დედაქალაქ კესარიაში. იგი კეთილშობილებით, სიმდიდრით, ნიჭიერებითა და საღვთო მოშურნეობით ცნობილი გვარის ჩამომავალი იყო. წმიდანის ბაბუა და ბებია დიოკლეტიანეს დროინდელ დევნილობისას 7 წლის განმავლობაში იმალებოდნენ ტყეში. წმიდა ბასილის დედა, ემილია, მოწამის შვილიშვილი იყო, მამა კი, უფროსი 
ბასილი, ნეოკესარიელი ადვოკატი და რიტორიკის ცნობილი მასწავლებელი.
ოჯახში ათი ბავშვი იზრდებოდა – ხუთი ვაჟი და ხუთი ქალი. მათგან ხუთი შემდეგში წმიდანად იქნა შერაცხილი: ბასილი, მაკრინა (ხს. 19 ივლისს) გრიგოლ ნოსელი (ხს 10 იანვარს), პეტრე სებასტიელი (ხს. 9 იანვარს) და ღირსი თეოზვა – დიაკონისა (ხს. 10 იანვარს).
სიყრმე ბასილიმ მამა-პაპისეულ მამულში გაატარა, პირველდაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, შემდეგ კი საუკეთესო მასწავლებლებთან სწავლობდა კაბადოკიის კესარიაში. წმიდანმა აქ ყველა აღტაცებაში მოიყვანა. გრიგოლ ნაზიანზელი წერდა: „რიტორი იყო რიტორთა შორის უწინარეს საფილოსოფოსოჲსა სწავლისა. და, უზეშთაესიცა ვთქუ, მღვდელ იყო ქრისტიანეთაჲ”. კესარიიდან ბასილი ეწვია კონსტანტინეპოლს და რიტორიკას სწავლობდა ცნობილ ლიბანიოსთან. თავისი განათლება მომავალმა ეპისკოპოსმა გააგრძელა ტრადიციული ფილოსოფიური სკოლებით მდიდარ ქალაქ ათენში. ათენში ღირსი ბასილი დაუმეგობრდა გრიგოლ ღვთისმეტყველს. მათმა მეგობრობამ მთელი ცხოვრების მანძილზე გასტანა. დაახლოებით 357 წელს წმიდა ბასილი კესარიაში დაბრუნდა. ქალაქის მცხოვრებთა დაჟინებული თხოვნით იგი რამდენჯერმე გამოვიდა საჯაროდ და მსმენელები თავისი ორატორული ხელოვნებით აღაფრთოვანა. ოცდახუთი წლის ასაკში გახდა ადვოკატი და რიტორიკის მასწავლებელი, მაგრამ მალე ღვთის სიყვარულით აღსავსე განერიდა ამსოფლიურ საზრუნავებს და მონაზვნური ცხოვრების გზას დაადგა.
მონაზვნური ცხოვრების წესის გასაცნობად მან იმოგზაურა ეგვიპტეში, სირიასა და პალესტინაში, მოინახულა ღვაწლმოსილი მოსაგრეები, კაბადოკიაში დაბრუნების შემდეგ კი ცდილობდა მიებაძა მათთვის. მთელი სიმდიდრე წმიდანმა მოწყალებად გასცა. თავისი წერილებით ბასილი და გრიგოლი უსაზღვრო თავშეკავებით გამოირჩეოდნენ: მათ კელიებში არ იყო კერა ცეცხლის დასანთებად, საზრდელიც ძალზე მწირი ჰქონდათ. ისინი თლიდნენ ქვებს, რგავდნენ და უვლიდნენ ხეებს, ეზიდებოდნენ ტვირთს. მძიმე ფიზიკური შრომის გამო კოჟრები არ სცილდებოდათ ხელებიდან, ამსოფლიური ამაოებისაგან განრიდებული ბასილი და გრიგოლი სწავლობდნენ წმიდა წერილს, ეცნობოდნენ მის განმარტებებს, კერძოდ, ორიგენეს ნაშრომებს, რომლის თხზულებების მიხედვითაც შეადგინეს კრებული „ფილოკალია” („სიკეთისმოყვარება”). იმავე ხანებში ღირსმა ბასილიმ, ბერების თხოვნით, დაწერა ზნეობრივი ცხოვრების წესების სახელმძღვანელო. თავისი ცხოვრებისეული მაგალითითა და ქადაგებებით ბასილი დიდს სულიერი სრულყოფილებისაკენ მიჰყავდა კაბადოკიელი და პონტოელი ქრისტიანები. მრავალი ისწრაფოდა მისკენ, როგორც გამოცდილი და ღვთისულიერი მოძღვრისაკენ. ასე დაარსდა ორი – მამათა და დედათა მონასტერი, რომლებიც ბასილი დიდის ტიპიკონით ხელმძღვანელობდნენ.
ღირსი ბასილი მკაცრად ადევნებდა თვალყურს საეკლესიო კანონის დაცვას. მის დროს სამღვდელოებაში უღირსი ვერ გაერეოდა. ის დაუზარლად მოიხილავდა თავის ეკლესიებს, მიუკერძოებლად სჯიდა საეკლესიო დისციპლინის დამრღვევებს. კესარიაში ბასილი დიდმა ორი – მამათა და დედათა მონასტერი ააგო 40 მოწამის სახელობის ტაძართან, სადაც მათი წმიდა ნაწილები ინახებოდა. მღვდელმთავარს დაქვემდებარებული მიტროპოლიის მღვდელმსახურები, ბერ-მონაზონთა მიბაძვით, მეტად ღარიბულად, წმიდად და კეთილმსახურებით ცხოვრობდნენ. ბასილი დიდმა მიაღწია სამღვდელოების განთავისუფლებას გადასახადებისაგან. მთელ თავის სახსრებს და თავისი ეკლესიების შემოსავალს ის გლახაკებს ახმარდა, დააარსა დავრდომილთა თავშესაფრები, კესარიაში ააგო სასტუმრო მწირთათვის. სნეულებებმა, რომლებიც სიყმაწვილიდანვე თან სდევდა წმიდანს, მკაცრმა და თავშეკავებულმა ცხოვრებამ, სამწყსოზე ზრუნვამ და წინააღმდეგობებთან ბრძოლამ წმიდა ბასილს ფიზიკური ძალები გამოაცალა. 379 წლის 1 იანვარს 49 წლის ღირსი მამა გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე აკურთხა გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომ კონსტანტინეპოლის კათედრა დაეკავებინა.
ეკლესიის ეს უდიდესი მამა მიცვალებისთანავე წმიდანად შერაცხეს.

დღის საკითხავი :

“ღმერთმა თიხისგან ადამიანი გამოძერწა და გამოუყენებელი თიხის ნაწილი დარჩა. — კიდევ რა გამოგიძერწო? — ჰკითხა ღმერთმა.
— ბედნიერება გამომიძერწე, — სთხოვა ადამიანმა.
ღმერთმა არაფერი უპასუხა, და ადამიანს გამოუყენებელი თიხის ნაწილი ხელში ჩაუდო.”
 უფალმა მოგვმადლოს ყველას ჩვენი წილი ბედნიერების გამოძერწვის გონი და უნარი.🙏💖💖🎄🌟🌟 
გილოცავთ ძველით ახალ წელს🎄🎄🎄🌟🌟🌟
15