"თარგმანში დაკარგულები"

0
ყველა სულს თავისი გზა აქვს, მაგრამ ზოგჯერ ეს გზა ბუნდოვანია. შინაგანი რუკის თეორია ნათელი მაგალითია იმისა, რომ ყოველი სული იწყება პატარა ნაპერწკლით და თანდათანობით ორნამენტად იქცევა, რომელიც თქვენი სულისთვის დიდი ხნით ადრე იყო არჩეული სანამ აქ აღმოჩნდებოდით - „თარგმანში დაკარგულების“ ყურებისას ეს სიტყვები ყველაზე საუცხოოდ და გამორჩეულად ჩამესმა ყურში და ჩემი აზრით, სწორედ ამ სიტყვებში ნაგულისხმევი პათოსია ფილმის მთავარი ლაიტმოტივიც, ვინაიდან მასში ასახული ორი მთავარი პერსონაჟის ძირითად გაურკვევლობასა და პრობლემას სწორედ გზააბნეულობა, არასწორ ადგილასა და არასწორ ადამიანთან ერთად ყოფნა წარმოადგენს. მდგომარეობას, როდესაც შენს მეუღლესთან ერთად ცხოვრობ, ან კიდევ როდესაც მოკლემეტრაჟიანი რეკლამის გადაღებისათვის მილიონობით დოლარს გიხდიან, შესაძლოა ადამიანები წარმატებასა და ბედნიერებას უწოდებდნენ, თუმცა „თარგმანში დაკარგულების“ მთავა
რი გმირებისათვის ეს ასე არ არის. მათთვის რეალობაა ის, რომ ფულით ვერ იყიდი ბედნიერებას და ისიც რეალობაა, რომ შესაძლოა გერქვას ვიღაცის მეორე ნახევარი, მაგრამ იყო მარტო, სულიერად მარტო. ადამიანები სიყვარულს სულიერი თანაზიარების დროს, ორის ერთად გახდომის შემდეგ გრძნობენ და განიცდიან, რადგან მხოლოდ ფიზიკური თანაცხოვრება არაფერია იმ შეუცნობელთან, რომელსაც უფალი კაცობრიობისათვის იმეტებს. ფილმის რეჟისორმა, სოფია კოპოლამ, ორი მთავარი გმირის ცხოვრება ისე დაუკავშირა ერთმანეთს ამ ამოუხსნელი ურთიერთობის გაუშიფრავად, რომ მათი საშუალებით მაყურებელს დაანახა მთავარი - ისინი ერთმანეთს ავსებდნენ, მათ ერთმანეთთან ისეთი საერთო ნაწილი აკავშირებდათ, როგორც ოკეანეში მოცურავე თევზს, რომელსაც ჯანგბადი სჭირდება და უკიდეგანო სივრცეში მფრინავ ჩიტს, რომელსაც ასევე წყალი სწყურია საარსებოდ. ისინი შესაძლოა ერთად ვერ ცხოვრობდნენ, რადგან სხვადასხვა განზომილებებიდან არიან, თუმცა მათ ერთმანეთის რესურსი სჭირდებათ. სწორედ ასე იყო ფილმის მთავარი გმირების შემთხვევაშიც.
ბობისა და შარლოტას ყოველდღიური რუტინა და მოჩვენებითი ღიმილი მანამდე გაგრძელდებოდა, ვიდრე ისინი ერთმანეთს არ დაინახავდნენ. ვფიქრობ, რომ მათ ვინც არ უნდა ენახათ ისედაც გაუფერულებულ და საქმეში გათქვეფილ ტოკიოში, სადაც ყველა ადამიანი თითქოს რაღაც მიზეზით ასრულებს თავის მოვალეობასა თუ საქმიანობას, ის ვერ მოხდებოდა, რაც მოხდა ამ ორი ადამიანის შემთხვევაში. უემოციობისა და უყურადღებობისაგან დაღლილი შარლოტა შესაძლოა ეძებდა სიახლეს, შესაძლოა მას უნდოდა მეტი ვიდრე იყო, შესაძლოა ეს უბრალოდ ქალურ თავნება ეგოიზმისთვისაც დაგვებრალებინა მისი მეუღლისადმი სიყვარულის მიღმა, თუმცა არა, მისი ყურადღების ბობზე გადატანის პირველივე მომენტიდან მათ ერთმანეთის ესმოდათ. მგონია, რომ ადამიანები სხვაში ხშირად ისეთ რამეს ეძებენ, რომელიც საერთო აქვთ და სწორედაც რომ ეს საერთო დაინახა შარლოტამ იმ შუახნის მამაკაცში, რომელსაც პირადი ცხოვრება დანგრეული ჰქონდა. ბობიც იმავე გასაჭირში იყო, რომელშიც შარლოტა. ჰყავდა მეუღლე, თუმცა მეუღლის ბავშვზე ყურადღების გადატანის გამო მას დაკარგული ჰქონდა ოჯახის შეგრძნება. ამ ფილმში ოჯახი სწორედ მოვალეობებისა და ვალდებულებების შერწყმად ჩანს, რომელსაც ცოცხალ სიყვარულთან საერთო არაფერი აქვს. ცოცხალთან, რადგან სულ რომ ნამდვილი იყოს იგი, დროთა განმავლობაში, სამწუხაროდ, თურმე ყველაფერს ეჩვევიან ადამიანები, თუ იმ ნიჭის ტარების უნარი არ აქვთ, რომელსაც სიყვარული ჰქვია. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ რაც უფრო, ნამდვილია, რაც უფრო ჭეშმარიტია ეს გრძნობა მით მეტად მარადიული და უსასრულოა. შეუძლებელია სიყვარულს რამე საერთო ჰქონდეს დასასრულთან. შესაძლოა სწორედ ამიტომ აპოვნინა ბედმა მათ ერთმანეთი.
ფილმში თითქოს ყველაფერი მოჩვენებითი და ტყუილია, ამ ორი ადამიანის გარდა. ბობ ჰარისის რეკლამაში გადაღების სცენაშიც კი, რომელშიც ბობი სასმელს უწევს რეკომენდაციას, ჭიქაში ნამდვილი ალკოჰოლი არაა, არამედ იგი ჩაის სვამს და სთხოვენ, რომ ის ემოცია გადმოსცეს მისი შესმის შემდეგ, როგორსაც ტეკილა ან ვისკი იწვევს. ამ პატარა მაგალითმა კი ის დაგვანახა მაყურებელს, რომ ამ ორ ადამიანს ცხოვრება სწორედ იმ ემოციის გამოხატვას სთხოვდა ერთმანეთთან შეხვედრამდე, რასაც ვერ სინჯავდნენ და ვერ აგემოვნებდნენ. შუძლებელია სიტკბოება უწოდო იმას, რასაც ვერ ეხები და ვერ გრძნობ. იუმორით სავსე მსახიობი და ურთიერთობას მოკლებული ქალი საერთოს მალევე აღმოაჩენენ. შარლოტა უკვე აღარ ზის ფანჯარასთან მარტო და არ გადაჰყურებს ტოკიოს ხედს. ახლა მისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს მეორე ნახევრის არ ყოფნა მთელი დღე. ბობიც, თავის მხრივ, მშვენივრად გრძნობს თავს შარლოტას გვერდით, დადიან ახალგაზრდულ წვეულებებზე, მღერიან კარაოკეს, თამაშობენ სათამაშო აპარატებზე და ეცნობიან ტოკიოს ქუჩებს. შარლოტას უმნიშვნელოდ ნატკენი ფეხის გამო ისინი დაიპყრობენ ტოკიოს სავადმყოფოს. ერთმანეთს მოუყვებიან თავიანთ სისუსტეებზე, მომავლის გეგმებსა და პირადულ ამბებზე. მათ რუტინას დამორჩილებულ ადამიანებში, შავ-თეთრ ფერებსა და უგემური საკვებით სავსე ადგილებში შეძლეს, რომ გაევლოთ იმ ობობის ქსელებში, რომლებიც ცხოვრებამ შეუქმნა. შარლოტასა და ბობის ყოველი დღე იწყება ერთმანეთთან შეხვედრით და მთავრდება ერთმანეთთან განშორებით, თუმცა ბობის ვიზიტი იაპონიაში იწურება. მათ სურთ ამ თემაზე საუბარი. უნდათ, რომ იტირონ და გული გადაუშალონ ერთმანეთს, მაგრამ ეს ისევე არ შეუძლიათ, როგორც ამ დაფარული სიყვარულის გამოვლენა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ბოლო ეპიზოდი ამხელს...ბობი შარლოტას პირისპირ ემშვიდობება, თუმცა მათ შორის არცერთი დასამშვიდობებელი სიტყვა არ ისმის..ეს წამი არ აძლევს მათ საშუალებას რომ იგი დაირღვეს..შარლოტა უთქმელად მიდის..მიდის და მიაქვს ყველა ის გაღვიძებული გრძნობა, რომელსაც კვლავ ძველებური განსაცდელი ელოდება, თუმცა სულმოუთქმელად მყოფ მაყურებელს კულმინაციურ ეპიზოდში რეჟისორი ასე გაუმხნევებლად არ ტოვებს. მანქანით მიმავალი ბობ ჰარისი შუა ქუჩაში გადმოდის და გზად მიმავალ შარლოტასთან მიიჩქარის. მათი ჩახუტებით შვება იგრძნობა. . . მიუხედავად იმისა, რომ მათ ცხოვრების სხვადასხვა გზა აქვთ ამ მოქმედებით ფილმმა შეაჯამა ყველაფერი. . მათ ერთმანეთი უყვარდათ, ერთადაც უნდოდათ, თუმცა არ შეძლოთ . . . ეს არ იყო რაიმე აკრძალვა, არც ვინმეს მოთხოვნა ან დაჟინება, უბრალოდ ორივემ იცოდა, რომ აქ და ასე ჰარმონიულად უნდა დასრულებულიყო ყველაფერი და განეგრძოთ იმ განსაცდელთან ბრძოლა, რასაც მანამდე უძლებდნენ . . ამჟამად უერთმანეთოდ, თუმცა გაძლიერებულები, დახშული ემოციებისაგან გამოთავისუფლებულები და დაიმედებულები, რომ სამყაროს ბოლოში მოიძებნება ადამინი, რომელიც გაგიგებს, რომელიც უთქმელად მიხვდება შენს სათქმელს და რომელსაც ეყვარები♥
#ახალიამბები
0