0
ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი მსხვილი ევროპული კომპანია Eiffage გახდა ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია Eiffage საქართველოში შემოდის. ის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური კონტრაქტორი იქნება და როგორც კონსორციუმში ამბობენ, ანაკლიის პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს პარტნიორ კომპანიებთან, ABB-თან (შვეიცარია) და CRP-თან (საქართველო) ერთად შეასრულებს. Photo Credit: Internet Recourse მათივე ინფორმაციით, Eiffage ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს და მის მიერ მშენებლობაზე დასაქმებულთა 90% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. მშენებლობაზე, სულ, 1500 ადამიანი დასაქმდება. „ფრანგული კომპანია უკვე აქტიურად ჩაერთო ანაკლიის პორტის პირველი ფაზის დეტალური დიზაინის დასრულების პროცესში. გენერალური კონტრაქტორის შესარჩევ საერთაშორისო ტენდერში მსოფლიოს წამყვანი სამშენებლო-საინჟინრო კომპანიები მონაწილეობდნენ. კონკურსი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და არჩევანი კონსორციუმმა ფრანგულ Eiffage-ზე შეაჩერა, რომელიც ევროპაში სამშენებლო კომპანიათა ხუთეულში შედის და, მსოფლიო მასშტაბით, 100 000-ზე მეტი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული“. როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ამბობენ, Eiffage გამოირჩევა მშენებლობაში ინოვაციური მიდგომებით, უსაფრთხოების, ხარისხის განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტების დაცვით და თანამშრომლებისთვის შრომის საუკეთესო პირობებით. „Eiffage-ის მიერ განხორციელებულია ისეთი დიდი მასშტაბის პროექტები, როგორიცაა: Port of Barcelona და Port of Dakar ესპანეთსა და სენეგალში, ხიდები და სარკინიგზო გზები ევროპის მრავალ ქვეყანაში, EuroAirport Basel Mulhouse Freiburg შვეიცარიასა და Airport – Crete საბერძნეთში, უდიდესი ხიდები El Tigre Viaduct და Unibridge® bridges კოლუმბიასა და ფილიპინებში და სხვა“. ინფორმაციას Marketer.ge ავრცელებს.
0