“ერთი ცრემლით მეტი” -თემურ ელიავა

0
მახსოვს, პირველად რომ მოვუსმინე ლექსს “დიალოგი ღმერთთან, ” გაოცებული დავრჩი… ვფიქრობდი ვინ იყო ადამიანი, რომელმაც გაბედა ღმერთთან შეპასუხება…” – უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი. მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?.. დედამიწაზე რა ვნახე მეტი? სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა!” ქუჩაში ყოფნისა, ხშირად მესმოდა “აგერ ელი, ელი…” ერთ დღესაც დავინტერესდი, ვინ იყო ეგრეთწოდებული “ელი”, რომელმაც მთელი ზუგდიდი კი არა, საქართველო აალაპარაკა. “დავგუგლე”, მოვისმინე მისი ყველა ლექსი… მისი პოეზია უზომოდ შემიყვარდა… …და ჩემი დიდი ოცნება გახდა მასთან შეხვედრა… ვინ არის თემურ ელიავა? რატომ შეიყვარა საზოგადოებამ “ელი”? ფესვები სოხუმში აქვს, მაგრამ უნდა თუ არა, უკვე ზუგდიდელია. ზუგდიდის ქუჩებში დადის. შეხვდები, შეხედავ და ხვდები: აი, კაცი, “ერთი ცრემლით მეტი” სხვებზე. -რა არის თქვენთვის პოეზია? – ყველაფერი… მე ახლა, თქვენს თვალის გუგებზე ვარ, ჩემი ხმა ჩაგესმით, მე თქვენში ვარ, მაგრამ პოეზია შორსაა… ის მხოლოდ ჩემს გარშემოა. -პირველი ლექსი… -პირველი ლექსი რომ “შევქმენი”, წერა-კითხვა არ ვიცოდი, ვკარნახობდი ბიძაჩემს, რომელიც ლექსს იწერდა. -საყვარელი პოეტი გეყოლებოდათ… – საყვარელი პოეტი არ მყავდა, რადგან მეგონა, რომ ყველაზე დიდი პოეტი მე ვიყავი. – რა იყო ლექსების წერის მოტივაცია? – ლექსების წერის მოტივაცია, იყო ამინდის ცვლილება, რომელიც ჩემი ფანჯრიდან კარგად ჩანდა… დიდ დროს ვატარებდი ფანჯარასთან, ვაკვირდებოდი ამ ცვლილებას. – შეგიძლიათ, რომელიმე პოეტთან გააიგივოთ თავი? – არა, ეს დიდი ეგოიზმია… ყველა პოეტი ინდივიდუალურია… – თქვენი შემოქმედებიდან რომელ ლექსს გამოარჩევდით? – ’’წასვლა’’- ეს ლექსი გამორჩეული გახლავთ ჩემთვის. – თქვენი რომელი ლექსი გახდა ყველაზე მეტი კრიტიკის საფუძველი? – ‘’პროცესია’’… – და რას ეტყოდით კრიტიკოსებს? – არ წაიკითხონ… არის სხვა პოეტები და იკითხონ მათი შემოქმედება… – ოდესმე თუ გქონიათ დამარცხების განცდა? – დიახ, ჭადრაკის თამაშისას. მინდა გითხრათ, რომ ჭადრაკს სათანადოდ ვერ ვთამაშობ. ხშირად ვაგებ. მაშინ ვგრძნობ თავს დამარცხებულად, სხვა დროს, მეტ-ნაკლებად. -სად შეხვდით თქვენს მეორე ნახევარს? – ლია ნაროუშვილის ოჯახში, ორივენი მიწვეული სტუმრები ვიყავით. შემდეგ 6 თვეში შევუღლდით, სამი შვილი გვყავს. – ქუჩაში გადიხართ და გცნობენ… რა შეგრძნებაა? – მცნობენ… თუმცა ზოგჯერ გამაღიზიანებელია… – თქვენი ცხოვრების მთავარ კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით? – მთელი ჩემი ცხოვრება კურიოზია. – გმადლობთ. – მადლობა თქვენ წარმატებებს გისურვებთ. …და მაინც: ვინ არის თემურ ელიავა? –პოეტი, “ერთი ცრემლით მეტი” სხვებზე… როგორ იწერება მისი ლექსები? ” -სხდები მაგიდასთან… დიდი ციებ-ცხელებაა, გარეთ ამინდი იცვლება, გადის დრო… უკვე დილაა, კვამლით გავსებულია ოთახი და ლექსი შექმნილია”. სპეციალურად “ზუგდიდელებისთვის” ნანა თოლორაია
0