თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ნიკოლოზ ენუქიძე დაინიშნა
თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი ნიკოლოზ ენუქიძე დაინიშნა. ამის შესახებ თიბისი ბანკის ჯგუფის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, ენუქიძეზე არჩევანი მისი საბანკო საქმეების ღრმა ცოდნიდან და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე გაკეთდა.
„სამეთვალყურეო საბჭომ დაუყოვნებლივ დანიშნა თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურე საბჭოს თავმჯდომარედ უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი ნიკოლოზ ენუქიძე. არჩევანი მასზე გაკეთდა მისი საბანკო საქმეების ღრმა ცოდნიდან და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო დარწმუნებულია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სიმართლეში და ელოდება როდის გაქარწყლდება ყველა დავა მათ წინააღმდეგ.
თიბისი ბანკის ჯგუფის გავრცელებული ინფორმაციით, თიბისი ბანკის ჯგუფი (TBC PLC) ადასტურებს, რომ 24 ივლისს საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ჯგუფის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ დაკავებული თანამდებობები. ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რათა მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე, ხოლო თავად კი, თავისუფლად შეძლონ დავის გაგრძელება.